წითელი ვერსია
  • 8
  • 5597

დეზინფორმაცია ტრაგიკული სტატისტიკის შესახებ

11 მაისი 2021

კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია კვლავ რჩება მედიის ყურადღების არეალში, თუმცა, ქართულ რეალობაში ამ მონაცემების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაც არ არის იშვიათი: ამ ხერხით ტელემედიის ნაწილი მოსახლეობამდე უკიდურესად საგანგაშო და ტრაგიკული სურათის მიტანას ცდილობს.


სწორედ ამგვარი დეზინფორმაცია გამოქვეყნდა 11 მაისს ტელეკომპანია „პირველის“ ფეისბუკგვერდსა და „მთავარი არხის“ ვებგვერდზე. კერძოდ, არხები იუწყებოდნენ, რომ კოვიდ 19-ით გამოწვეული სიკვდილიანობით ყოველ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.


ტვ „პირველი“ აღნიშნავდა: „მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ლიდერია“. „მთავარი არხი“ კი წერდა, რომ „ბოლო 7 დღეში ყოველ მილიონ ადამიანზე, სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზეა“.


ტვ „პირველს“ ინფორმაციაში წყაროდ მითითებული ჰქონდა ინტერნეტრესურსის მისამართიც, თუმცა, ბმულიდან ირკვევა, რომ მოძიებული იყო მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის მონაცემი და არა მსოფლიო მასშტაბით არსებული სურათი.


როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ „აღმოჩნდა“ საქართველო „ლიდერი“. რეალურად კი 10 მაისის მდგომარეობით, მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით (15,42) ლიდერი ურუგვაი იყო, ხოლო საქართველოს გასწვრივ აღნიშნულ ცხრილში მითითებული იყო 5,08. ამდენად, საქართველო „მსოფლიო ლიდერი“ ვერანაირად ვერ იქნებოდა.


რამდენიმე საათში ორივე ტელემედიამ ინფორმაცია წაშალა. თუმცა, ამავე რესურსებზე მათ ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, რაიმე განმარტება ან ინფორმაციის შესწორება.


მეტიც, ტელეკომპანია „პირველი“ საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში ფაქტობრივად შეეცადა, „გაემართლებინა“ უკვე წაშლილი პოსტი და მაყურებელს ამცნო, რომ „საქართველო კოვიდით გარდაცვლილთა მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ პირველ ადგილზეა“, ამ დროს კი კადრში გვაჩვენეს არა მსოფლიოს ყველა ქვეყნის, არამედ ისევ და ისევ მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს მონაცემები.


ცნობისთვის: ვებვერდზე, რომელსაც „პირველი“ ეყრდნობა, საქართველო 10 მაისის მონაცემით (ბოლო 7 დღეში) არა „ერთ-ერთ პირველ“, როგორც ამას ტელეკომპანია დაჟინებით იმეორებს, არამედ მეოცე ადგილზეა, ხოლო მთლიანობაში პანდემიის დაწყებიდან კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით მილიონ ადამიანზე საქართველო მსოფლიო მასშტაბით პირველ ოცეულშიც კი არ შედის და ამ მხრივ საქართველოს სტატისტიკა საშუალოევროპულზეც დაბალია.


მიუხედავად ამისა, მეტი ტრაგიკულობისა და დამაჯერებლობისთვის ტვ „პირველმა“ მაყურებელს ისიც ამცნო, რომ „მძიმე სტატისტიკით ჩვენ ინდოეთსაც კი გადავუსწარით, ქვეყანას, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა გამო უმაღლესი სასამართლო მთავრობას ადამიანების გენოციდში ადანაშაულებს“, თუმცა რეალურად, იმავე ვებგვერდის მონაცემებით, კონკრეტულად 10 მაისის სიკვდილიანობით ერთ მილიონ მოსახლეზე ინდოეთს, საქართველოს გარდა, ისეთი ქვეყნებიც „უსწრებენ“, როგორებიცაა იტალია, საფრანგეთი, ბელგია, საბერძნეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, სხვა კიდევ არაერთი სახელმწიფო და მთლიანად ევროკავშირიც.


აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია თითქოს საქართველო ყველაზე ტრაგიკული სურათის ლიდერია მსოფლიოში, საკუთარ ფეისბუკპროფილზე არაერთმა მომხმარებელმა და მათ შორის, თავად აღნიშნული არხების ჟურნალისტებმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა და ეკა კვესიტაძემაც გააზიარეს, რითაც კიდევ უფრო შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის ტირაჟირებას, თუმცა ამ დროისთვის პოსტი მათ პროფილებზე უკვე აღარ იძებნება.


მანანა მჭედლიშვილი
  • 8
  • 5597
0 Comments