წითელი ვერსია
  • 7
  • 3998

დეზინფორმაცია „სკოლაში კორონავირუსის აფეთქების“ შესახებ

14 მაისი 2021

ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, მედია ვალდებულია განსაკუთრებული სიფრთხილით და სიზუსტით გააშუქოს კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი ამბები.


თუმცა ამ პასუხისმგებლობის მიუხედავად, მაყურებელი ტელეეკრანიდან, სამწუხაროდ, ხშირად ისმენს დაუზუსტებელ ცნობებს და ზოგჯერ ისეთი დეზინფორმაციის მსხვერპლიც კი ხდება, რომელიც შესაძლოა მასობრივი პანიკის საფუძველი გახდეს.


ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მორიგი შემთხვევა ვიხილეთ 14 მაისს ტელეკომპანია „პირველის“ 11:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც მაყურებელს აცნობეს, რომ თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში „კორონავირუსმა იფეთქა“, ინფორმაციის წყარო კი ანონიმურია.


„რამდენიმე პედაგოგის დაინფიცირებისა და ერთი მასწავლებლის გარდაცვალების მიუხედავად, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში სასწავლო პროცესი მაინც გრძელდება. სკოლის ადმინისტრაციამ უწყებას ონლაინრეჟიმზე გადასვლის მოთხოვნით მიმართა, თუმცა სამინისტრო პროცესის შეჩერებაზე უარს ამბობს“, - გვაუწყეს ტელეეკრანიდან და აღნიშნეს, რომ ამ ფაქტს სკოლის დირექცია ორი კვირის განმავლობაში მალავდა, თუმცა ჟურნალისტის თქმით, საბოლოოდ, სკოლის დირექტორმა მასთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია პედაგოგების დაინფიცირებისა და 71 წლის ბიოლოგიის მასწავლებლის გარდაცვალების შესახებ, რომელიც, მისივე ინფორმაციით, კოვიდს ათი დღის წინ ემსხვერპლა.


გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად სიუჟეტში მაყურებელი ისმენს მხოლოდ რამდენიმე არაიდენტიფიცირებული რესპონდენტის ურთიერთგამომრიცხავ და კონტექსტიდან ამოჭრილ კომენტარს, რომელთგანაც ერთ-ერთი ამბობს, რომ გარდაცვლილმა ქალბატონმა აღნიშნული სკოლა ორი წლის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და მას შემდეგ პედაგოგიური საქმიანობა აღარ გაუგრძელებია.


საგულისხმოა, რომ მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა, სამი რესპონდენტიდან რომელი იყო სკოლის მოქმედი დირექტორი ან იყო თუ არა საერთოდ სიუჟეტში წარმოდგენილი იმ ადამიანის განცხადება, რომელმაც ტელეკომპანიის მტკიცებით „დაადასტურა“ წყაროს მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია.


საზოგადოება სიუჟეტში ასევე ვერ ისმენს განათლების სამინისტროს კომენტარსაც. სიუჟეტიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტი არც კი დაინტერესებულა უწყების პოზიციით, თუმცა მაინც გვაცნობებს, რომ სკოლის დირექცია და სამინისტრო მოსწავლეების უსაფრთხოებაზე „პასუხისმგებლობას ირიდებენ“.


ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურა 51-ე სკოლის დირექტორი თინათინ გურამიშვილი, რომელმაც აღნიშნულ სიუჟეტს „შემაშფოთებელი“ უწოდა და ტელეკომპანია მანიპულაციაში დაადანაშაულა:


„შემაშფოთებელია! მიუხედავად იმისა, რომ ტვ ‘პირველს’ დეტალურად ავუხსენი რეალური ვითარება, გამაოგნებელი აღმოჩნდა ის სიუჟეტი, რაც სამწუხაროდ საზოგადოებამ იხილა და ასევე სამწუხაროდ, ალბათ დაიჯერა კიდეც. დაუშვებელია ასეთი თემებით მანიპულირება...“ - წერს სკოლის დირექტორი, რომელიც ტელეკომპანიის ნაცვლად თავად იხდის ბოდიშს და იქვე განმარტავს, რომ გარდაცვლილი პედაგოგი სკოლის თანამშრომელი არ იყო, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთვის არ მიუმართავს, ხოლო სკოლის პედაგოგები, პრევენციის მიზნით, ორკვირიანი ინტერვალით რეგულარულად იტესტებიან.


მიუხედავად იმისა, რომ 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის განცხადება ონლაინმედიაში გავრცელდა, ტელეკომპანია „პირველს“ მისი გამოხმაურება და განმარტება მაყურებლისთვის არ გაუცვნია და უფრო მეტიც, მომდევნო საინფორმაციო გამოშვებებში სკოლაში „კორონავირუსის აფეთქების“ თემა ეთერში საერთოდ აღარ გაშუქებულა.


ხათუნა კიღურაძე
  • 7
  • 3998
0 Comments