წითელი ვერსია
  • 3
  • 6534

დეზინფორმაცია სანაგვეზე

20 იანვარი 2021

დღეს ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი უსწრაფესი არხი სოციალური ქსელებია, თუმცა, რეალური ინფორმაციის გარდა სოცქსელი სწრაფად და წარმატებით შეიძლება გახდეს არასწორი ინფორმაციის ან დეზინფორმაციის წყაროც, რომელსაც ხშირად ყოველგვარი გადამოწმებისა და დაზუსტების გარეშე იყენებს მედიაც.


სწორედ ამგვარი მაგალითი იყო 19 იანვარს, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე სკამებში ჩამონტაჟებული ქოთნების ამბავი, რომლებიც მედიის და ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილმა სანაგვე ურნებად აღიქვა, ხოლო პროექტის განმახორციელებლად დედაქალაქის მერია გამოაცხადა, რომელსაც „სკამებში მოთავსებული ურნების“ გამო თავს კრიტიკისა და ლანძღვის მთელი კამპანია დაატყდა.


რეალური ისტორია კი ასეთი იყო: თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სკამებში ჩაყოლებულ რკინის ყუთებში ჩაყრილი ნაგვის ფოტოები ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქემ (marina abuashvili) ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა: „აბა ჩემო მეგობრებო, რას იტყვით. უდაოდ ლამაზია. იპოვეს სანაგვე ‘ჭკვიანებმა’. ვერაზე, გოგებაშვილზე“.


ფოტოების ავტორს არ უთქვამს, რომ სკამებში სანაგვე ურნებია და არც დედაქალაქის მერია უხსენებია, თუმცა, ამის მიუხედავად, მედიის ერთმა ნაწილმა ისტორია თავისებურად „განავრცო”: ონლაინგამოცემა newsreport.ge-მ გავრცელებულ ფოტოებზე სანაგვე ურნები „აღმოაჩინა“, ხოლო რამდენიმე სხვა სააგენტომ „ურნიანი სკამების“ ავტორად სწორედ თბილისის მერია გამოაცხადა.


მაგალითად, ონლაინგამოცემა itv.ge-მ ფოტოები ამგვარი სათაურით გაავრცელა: „გოგებაშვილის ქუჩაზე, მერიამ ნაგვის ურნები სკამებში ჩაამონტაჟა“. მსგავსი სათაურით გაავრცელა ფოტოები „ინტერმედიამაც“: „თბილისის მერიამ ნაგვის ურნები ამჯერად სკამებში ჩაამონტაჟა“. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ამ მედიასაშუალებას არ მიუთითებია, კონკრეტულად რით დასტურდება, რომ „სკამებში ჩამონტაჟებული ურნების“ ავტორი თბილისის მერია იყო.


ქოთნებიანი სკამების და მათში ჩაყრილი ნაგვის ამბავი გაავრცელა „მთავარმა არხმაც“. თავდაპირველად, არხის ფეისბუკ გვერდი ასევე გვაუწყებდა, რომ „თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, მერიამ ნაგვის ურნები ამჯერად სკამებში ჩაამონტაჟა”, თუმცა მოგვიანებით ტექსტი განახლდა და ამჟამად ვკითხულობთ, რომ „თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დამონტაჟებულ სკამებში ნაგავი ყრია“.


ონლაინგამოცემა kvira.ge-მ მკითხველს ამცნო, რომ „სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მერიამ სკამებში ნაგვის ურნები ჩაამონტაჟა, მცდარია“. გამოცემამ ასევე გამოაქვეყნა გოგებაშვილის ქუჩის სკამების რეალური ამბავიც.


კერძოდ, ფეისბუკ მომხმარებელმა ლადო პიტავამ (Lado Pitava), რომელიც სავარაუდოდ იმ რესტორნის მფლობელია, რომლის წინაც აწ უკვე პოპულარული სკამები დგას, ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ობიექტის წინ სკამები სწორედ რესტორნის მესვეურებმა განათავსეს, ურნებად აღქმული რკინის ყუთები კი მცენარეების ქოთნებია. მან ასევე განმარტა, რომ კონკრეტული მიზეზების გამო მცენარეების ჩარგვა მცირე ხნით გადაიდო და ვიდრე ქოთნებს დანიშნულებისამებრ გამოიყენებდნენ, საყოფაცხოვრებო ნაგვით დახვდათ სავსე.


აღსანიშნავია, რომ არცერთ მედიასაშუალებას, რომელთაც სკამებში ჩაშენებული რკინის ყუთები სანაგვე ურნებად აღიქვეს, ხოლო პროექტის განმახორციელებლად მერია დაასახელეს, არ უცდია დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მისვლა და ვითარების ადგილზე, ან თავად მერიაში გარკვევა, რის გამოც ერთი ფეისბუკ მომხმარებლის მიერ გავრცელებულმა ფოტოებმა ფართო აუდიტორიამდე სკანდალური დეზინფორმაციის სახით მიაღწია.


მანანა მჭედლიშვილი
  • 3
  • 6534
0 Comments