წითელი ვერსია
  • 2
  • 940

დამალული განცხადებები

18 აპრილი 2021

ქართული ტელეაუდიტორია უკვე საკმაოდ დიდი ხანია ზარალდება იმის გამო, რომ პოლიტიკურად პოლარიზებული მედია, ფაქტობრივად, ნებისმიერ ინფორმციას სასურველი პოლიტიკური კონტექსტით აშუქებს, თუმცა პოლარიზების ამგვარი ხარისხის პირობებშიც კი შესამჩნევია მნიშვნელოვანი ინფორმაციის სრული იგნორირება, რაც, როგორც წესი, იმ შემთხვევაში ხდება, როცა ცნობა ძალიან მოკლე და კონკრეტულია და, შესაბამისად, სუბიექტური ინტერპრეტირება ან „არასასურველი“ აქცენტების „ამოღება“ აბსოლუტურად შეუძლებელი ხდება.


ამგვარი სარედაქციო სტრატეგიის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ „მთავარი არხის“ და ტვ „პირველის“ 17 აპრილის საინფორმაციო გამოშვებები, სადაც საერთოდ არ გაშუქებულა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების გამოხმაურებები „ქართული ოცნების“ მხრიდან კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებული შეთანხმების პროექტის ხელმოწერასთან დაკავშირებით.


იგნორირების ფაქტი განსაკუთრებით თვალშისაცემია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული მედიასაშუალებები, როგორც წესი, პრიორიტეტულ და ინტენსიურ რეჟიმში აშუქებენ იმავე პოლიტიკოსების განცხადებებს იმავე თემაზე, თუმცა როგორც ჩანს, მათთვის რეალურად გადამწყვეტი არის არა პოლიტიკოსის სტატუსი ან თემის მნიშვნელობა, არამედ ის, თუ ვინ არის გაკრიტიკებული ან მხარდაჭერილი კონკრეტულ განცხადებაში.


ცნობისთვის, 17 აპრილს ესტონელმა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ახლა, როცა მმართველმა პარტიამ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დოკუმენტზე ხელმოწერით გამოავლინონ გამბედაობა და კეთილი ნება“.


„თუ ოპოზიცია შეთანხმებაზე უარის თქმას ისევ გააგრძელებს, ეს დააზიანებს როგორც თავად ოპოზიციას, ასევე, ქვეყანას“ - ეს უკვე საქართველოში საკმაოდ ცნობილი კიდევ ერთი ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის პოზიციაა.


მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ასევე მიესალმა და დოკუმენტზე ოპოზიციის მხრიდან ხელმოწერის იმედი გამოთქვა ესპანელმა ევროდეპუტატმა ხოსე-იგნასიო (ნაჩო) სანჩეს ამორმაც.


აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერას ასევე დადებითად გამოეხმაურა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც ქართულმა ოპოზიციურმა ტელეარხებმა მაყურებელს საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული და ასევე, სკანდალურად არადიპლომტიური განცხადებებით დაამახსოვრეს.


„მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან - კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ერთიანობა და კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში“, - დაწერა პავილიონისმა „ტვიტერზე“, თუმცა, ამჯერად, მისი გზავნილი, ისევე, როგორც სხვა ზემოხსენებული განცხადებები, „მთავარი არხისა“ და ტვ „პირველის“ საინფორმაციო გამოშვებებში ვერ მოხვდა.


შესაბამისად, ამ არხების მაყურებელმა რეალურად ვერ გაიგო, რა შეფასებები მოჰყვა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დანიელსონის დოკუმენტზე „ქართული ოცნების“ ხელმოწერას.


ხათუნა კიღურაძე
  • 2
  • 940
0 Comments