წითელი ვერსია
  • 0
  • 2123

დაბრუნებული მწყემსი

02 ივლისი 2020

ხშირად რომელიმე მნიშვნელოვანი ამბავი მედიაში რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაშიც კი მთავარი თემა ხდება. ასეთ თემებს მედიასაშუალებები დეტალურად აშუქებენ და არაერთ ასპექტს ეხებიან. მაგალითად, „მთავარი არხისთვის“ ივნისის ბოლო კვირაში ერთ-ერთი ასეთი „მთავარი თემა“ იყო რუსი მესაზღვრეების მიერ 13 ივნისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მცხოვრები 23 წლის ახალგაზრდის დაკავება.


ნიშანდობლივია, რომ ტელეკომპანიის მტკიცებით, დაკავებული ახალგაზრდის ბედით ხელისუფლება მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამბის დეტალების გარკვევა „მთავარმა არხმა“ დაიწყო, თუმცა ამ ვერსიას არავინ და არაფერი ადასტურებს, მიუხედავად იმისა, რომ 22 ივნისს მომზადებულ ვრცელ სიუჟეტში მაყურებელმა დეტალურად მოისმინა დაკავებული ახალგაზრდის თანმხლები პირის მონაყოლი და ასევე, დაზარალებულის ნათესავებისა და სოფლის მცხოვრებთა არაერთი კომენტარი.


„მთავარი“ შეეცადა ასევე გაერკვია, ხშირია თუ არა რუსი მესაზღვრეების მიერ ადგილობრივების დაკავების ფაქტები და არის თუ არა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე გამაფრთხილებელი ნიშნები. სიუჟეტში მოვისმინეთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოლიტიკური შეფასებები და გვაჩვენეს, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესაბამისი მონაკვეთის გრაფიკული გამოსახულება.


საქართველოს მოქალაქის დაკავება მნიშვნელოვანი საკითხია და მედიის განსაკუთრებული ინტერესიც ბუნებრივია, თუმცა სწორედ ამ მნიშვნელობისა და დრამატული დასაწყისის გამო „მთავარი არხის“ მაყურებელი დიდი ალბათობით, ელოდა ამბის დასასრულს.


1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შვეიცარიის საელჩოს ჩართულობით დაკავებული გათავისუფლდა. ინფორმაცია ამის შესახებ არაერთი მედიასაშუალებით გავრცელდა; მათ შორის, მოკლე ინფორმაცია გამოქვეყნდა „მთავარი არხის“ ვებგვერდზეც, თუმცა, ამბის დასასრული, რომელიც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, სწორედ მისი აქტიურობის შედეგად გახდა ცნობილი, ტელეეთერში საერთოდ ვერ მოხვდა. შესაბამისად, არხის მაყურებლებმა ვერ შეიტყო, რა ბედი ეწია რუსი მესაზღვრეების მიერ ნახევარი თვის წინ დაკავებულ ახალგაზრდას.


საბოლოო ჯამში, მწყემსის გატაცებისა და დაბრუნების ისტორიის გაშუქება „მთავარ არხზე“ კიდევ მეტად ამყარებს მოსაზრებას, რომ მედია მწვავე თემებით ხშირად არა მათი საზოგადოებრივი მნიშვნელობის გამო, არამედ პოლიტიკური მოტივებით ინტერესდება და რადგან მწყემსის გათავისუფლება არ იძლეოდა ხელისუფლების მიმართ ბრალდებების საშუალებას, მისი ადგილი არხის საინფორმაციო გამოშვებებში ვერ მოიძებნა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 2123
1 Comments

Джемал Мехрадзе

მედია ცენზურა