წითელი ვერსია
  • 0
  • 718

ბუნდოვანი ჩანაწერი როგორც „პირდაპირი მტკიცებულება“

21 ოქტომბერი 2020

ინტერნეტსივრცეში ხშირად ვრცელდება ფარული ვიდეო თუ აუდიოჩანაწერები, რომელთა გამავრცელებლებსაც კონკრეტული ინტერესები ამოძრავებთ და სასურველი ეფექტის მისაღწევად ზოგჯერ მასალის დამონტაჟებას ან საერთოდ გაყალბებასაც კი არ ერიდებიან. ასეთი ჩანაწერები ზოგჯერ მედიაშიც ხვდება. ერთ-ერთი ასეთი მასალა 20 ოქტომბერს, ტვ „პირველის" ყურადღების არეალში მოექცა და ტელეკომპანიამ ჩანაწერის სათანადო შესწავლისა და შემოწმების გარეშე შესთავაზა მაყურებელს საკუთარი ახსნა, ინტერპრეტაცია და ბრალდებები ისე, რომ ჩანაწერის ავთენტურობა ეჭვქვეშაც კი არ დაუყენებია.


საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში, სიუჟეტში „დიპლომატებისთვის გაგზავნილი ფარული ჩანაწერები“ ტელეკომპანიამ მაყურებელს წარუდგინა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ტვ „პირველის" მტკიცებით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, ტერორიზმში ბრალდებულის, ამჟამად რუსეთში მცხოვრები იგორ გიორგაძისა და რუსი ბიზნესმენების - მამა-შვილის - შიპუნოვების საუბრებია ასახული. ტელეკომპანია აცხადებს, რომ ეს არის „პირდაპირი მტკიცებულება ბიძინა ივანიშვილის კავშირზე კრემლის აგენტთან“: „ირკვევა, რომ რუს ოლიგარქებს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრი დახმარებას იგორ გიორგაძის შუამავლობით სთხოვდა“.


გარდა იმისა, რომ შეუსწავლელ მასალას უტყუარ მტკიცებულებად წარმოადგენს, ნიშანდობლივია, რომ ტელეკომპანია ჩანაწერის წარდგენისას მის შინაარსსაც კი სცდება და ფაქტობრივად, მანიპულაციას ეწევა. „ივანიშვილი საქართველოს მთავარი მეპატრონეა. ასე გააცნო ქართველი ოლიგარქი იგორ გიორგაძემ შვედეთში მოღვაწე რუს ოლიგარქებს,“ - ამბობს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, თუმცა, ჩანაწერში ამ ფრაზას არა იგორ გიორგაძე, არამედ ვინმე ვლადიმირი (სავარაუდოდ რუსი ბიზნსემენი ვლადიმირ შიპუნოვი) ამბობს.


ეს მანიპულაცია სავარაუდოდ ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ გამართლებულიყო სიუჟეტში გაჟღერებული "მთავარი ბრალდება", ანუ გამოჩენილიყო, თითქოს იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილის სახელითა და დავალებით ცდილობს კომპანია „იკეას“ ხელმძღვანელობასთან რუსი ბიზნესმენების მეშვეობით კავშირის დამყარებაზე, თუმცა რეალურად გავრცელებულ ჩანაწერში ეს არ ჩანს და საერთოდ, მიუხედავად რამდენიმე ფრაგმენტის ჩვენებისა, ჩანაწერიდან ზოგადად რთული გასარკვევია, ვინ ვისთან, ვისი დავალებით და რას ცდილობს.


სიუჟეტში არაერთხელ აღინიშნა, რომ ჩანაწერი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელექტრონულ ფოსტაზე დაეგზავნათ, თუმცა, მაყურებელმა ვერც ის შეიტყო, გამოეხმაურა თუ არა რომელიმე დიპლომატი ან მისია გზავნილს და საერთოდ როგორი იყო მათი რეაქცია. როგორც ჩანს, ამ საკითხით ტელეკომპანია არ დაინტერესებულა.


ცნობისთვის - ვიდეოარხს, რომელმაც აღნიშნული ჩანაწერები გაავრცელა, 21 ოქტომბრის მდგომარეობით სულ 19 გამომწერი ჰყავს, ხოლო ვიდეომასალას უშუალოდ ამ გვერდზე მხოლოდ 818 ნახვა აქვს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 718
0 Comments