წითელი ვერსია
  • 0
  • 1753

არის თუ არა ქვეყანაში ჟანგბადის დეფიციტი?

11 სექტემბერი 2021

გასული ორი კვირის განმავლობაში ტელემედიაში ვიხილეთ არაერთი სიუჟეტი, სადაც მაყურებელს კოვიდკლინიკებში ჟანგბადისა და მედიკამენტების ტოტალურ დეფიციტზე უყვებოდნენ და კოვიდპაციენტების გარდაცვალების მიზეზადაც ამ ფაქტორებს ასახელებდნენ, თუმცა ამგვარი საგანგაშო ცნობები მაყურებელს, როგორც წესი, სათანადო დასაბუთების გარეშე მიეწოდება და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.


აღსანიშნავია, რომ ამ სიუჟეტების საპასუხოდ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა მედიასთან რამდენჯერმე გააკეთეს განმარტება და დეფიციტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.


ეს კომენტარები იმავე არხების მიერ იმავე თემაზე მომზადებულ მომდევნო სიუჟეტებში ხშირად საერთოდ არ შუქდება, თუმცა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დეფიციტს არ ადასტურებენ თავად კლინიკების წარმომადგენლები და რესპონდენტები, რომელთა კომენტარებსაც მედია ამგვარ სიუჟეტებში ინფორმაციის დადასტურების სახით გვთავაზობს.


სწორედ ასეთი შემთხვევების მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებებში 10 სექტემბერს გაშუქებული თემა ჟანგბადის დეფიციტთან დაკავშირებით, რომელსაც 21:00 საათის შემაჯამებელ გამოშვებაშიც ვრცელი დრო („დაგვიანებული ჟანგბადი“) დაეთმო.


სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ჯანდაცვის უწყება რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებისთვის ჟანგბადის გენერატორების შეძენას გეგმავს, რისთვისაც ეკონომიკის სამინისტროს მილიონ 500 ათასი ევროს გამოყოფას სთხოვს.


„კლინიკების ნაწილი ამ დრომდე პრობლემის [ჟანგბადის დეფიციტის] წინაშე დგას და ჯანდაცვის სამინისტროსგან რეაგირებას ელოდება“ - გვიყვება ჟურნალისტი, რომელიც მტკიცებულების სახით სამი კლინიკის ხელმძღვანელის სატელეფონო კომენტარს გვთავაზობს, თუმცა ჟანგბადის დეფიციტს არც ერთი მათგანი არ ადასტურებს და არც ის არის დაზუსტებული, საერთოდ ემსახურებიან თუ არა ეს კლინიკები კოვიდპაციენტებს.


მაგალითად, ქუთაისის ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების დირექტორი გოგიტა გაბაშვილი ამბობს, რომ ჟანგბადის წყვეტა არასდროს ჰქონიათ და ცისტერნა, რომელიც „აქ დგას, ჯერჯერობით კმარა აქაურობას“, ხოლო დედოფლისწყაროს კლინიკის დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი კითხვაზე - ჰყოფნით თუ არა პაციენტებს ამჟამად კლინიკაში არსებული მარაგი, პასუხობს: „დიახ, ჰყოფნით“.


რაც შეეხება მესამე რესპონდენტს, თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი ამბობს, რომ ცენტრი ძირითადად ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ბენეფიციარებს ემსახურება და უკვე დიდი ხანია ჟანგბადის ქარხანას ითხოვს.


როგორც ვხედავთ, უშუალოდ კლინიკების წარმომადგენლები არ ადასტურებენ კრიტიკულ შეფერხებას ან წყვეტას ჟანგბადის მიწოდების კუთხით და, მით უმეტეს, ჟანგბადის დეფიციტის გამო პაციენტის გარდაცვალებას;


შესაბამისად, სიუჟეტში გაჟღერებული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ „უწყების დაგვიანებული რეაგირება და ჟანგბადის მწვავე დეფიციტი ქვეყანას ასობით პაციენტის სიცოცხლის ფასად დაუჯდა“, რეალურად ეფუძნება მხოლოდ ჯანდაცვის ექსპერტების სტატუსით წარმოდგენილი რესპონდენტების განცხადებებს, რომლებიც ამავე დროს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები არიან და პოლიტიკურად დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ.


ცნობისთვის: კოვიდპანდემიის ფონზე ჯანდაცვის სისტემას მეტი ჟანგბადი სჭირდება, ვიდრე მანამდე მოიხმარდა, ხოლო პიკურ პერიოდებში ჟანგბადის საჭიროება განსაკუთრებულად იზრდება.


ამის გამო საქართველოში ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო კლინიკებში ჟანგბადის მწარმოებელი აგრეგატების დამონტაჟება, რაც ზრდის კლინიკების ავტონომიურობის ხარისხს ჟანგბადის მარაგების მართვის კუთხით და ამცირებს მათ დამოკიდებულებას იმპორტსა და ცენტრალიზებულ განაწილებაზე.



ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 1753
0 Comments