წითელი ვერსია
  • 0
  • 3855

ამოუცნობი „ბრიტანელი ექსპერტები“ „მთავარზე“

03 აგვისტო 2020

მსოფლიო პანდემიის პირობებში ალბათ არ არსებობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი და ამავე დროს, საფრთხილო თემა. შესაბამისად, ამ კუთხით მუშაობისას მედიას განსაკუთრებული სიზუსტე მართებს; მით უმეტეს მაშინ, როცა მედია ეპიდემიის მართვაში დაშვებული შეცდომების, დარღვევებისა და გადაცდომების აღმოჩენას ცდილობს.


ხშირად კრიტიკული მედიის მიგნებებმა, შესაძლოა, მთლიანად საზოგადოებისთვის სასარგებლო პროცესებს მისცეს ბიძგი, თუმცა ის ქართული ტელევიზიები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ექიმების მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას, როგორც წესი, თავად ნაკლებად ზრუნავენ იმაზე, რომ საკუთარ ინფორმაციას მეტი დამაჯერებლობა შესძინონ.


მაგალითად, 1 აგვისტოს „მთავარმა არხმა“ საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს უამბო კვლევის შესახებ, რომელიც პანდემიის პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებს ეხება. კვლევის ავტორად არხმა „ბრიტანელი ექსპერტები“ დაასახელა.


„როგორ შოულობს ფულს ქართული ოცნება მსოფლიო პანდემიის ფონზე: ბრიტანელი ექსპერტების ჯგუფი საგანგაშო კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც კონკრეტული მაგალითებით და ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში კორუფციის ნამდვილი ვირუსია,“ - გამოაცხადა წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას, თუმცა არც მას და არც სიუჟეტის ავტორს არ განუმარტავთ, რომელ ექსპერტებზეა საუბარი ან რომელ გამოცემაში გამოქვეყნდა მათი „კვლევა“.


კადრში ჩანს bellingcat.com-ზე 31 ივლისს გამოქვეყნებული მასალის გამოსახულება, სადაც მარტივად შეიძლება „კვლევის” ავტორების ამოკითხვა: ანა კორიაკინა და თამთა ჯოლოხავა. ამ ავტორების „ბრიტანელ ექსპერტებად“ მოხსენიება, რბილად რომ ითქვას, რეალობას აცდენილია. სიუჟეტის ავტორი მათ „ბრიტანელი გამომძიებლების ავტორიტეტულ ჯგუფსაც“ უწოდებს. ეს შეფასება, რომლის მიზანიც სავარაუდოდ, კვლევის შედეგის მნიშვნელობის გაზრდა და თავად ამბის დამძიმებაა, ცხადია უნდობლობას აჩენს მთლიანად სიუჟეტის მიმართ.


სიუჟეტში მაყურებელმა ასევე მოისმინა ბრალდება, რომ „ქართული ოცნების ჩინოვნიკები და მთავრობის წევრები ყოველთვის ცდილობენ დაიძვრინონ თავი ყველა იმ შემთხვევის დროს, როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ შედეგებსა და ექსპერტების დასკვნებს.“ ამ ფრაზას კი მოჰყვება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კომენტარი ახალ კორონავირუსთან საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ბრძოლის ეფექტურობის შესახებ, რომლის „თავის დაძვრენად“ შეფასება ნამდვილად რთულია.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 3855
0 Comments