წითელი ვერსია
  • 0
  • 2384

„ვიზეარის“ შეუმჩნეველი დაბრუნება

01 ივლისი 2021

ტელემაყურებელი, რომელიც ახალ ამბებს, ძირითადად, კონკრეტული ფავორიტი ტელეკომპანიის საშუალებით ეცნობა, ამ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის „წყალობით“, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე დარჩეს.


მეტიც, მაყურებელმა შეიძლება იმ ამბის განვითარებასაც ვერ ადევნოს თვალყური, რომლის გაშუქებაც ტელეკომპანიამ აქტიურად დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეწყვიტა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით იმ ტელეარხებზე შეიმჩნევა, რომლებიც ერთსა და იმავე თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაშუქებას მიზანშეწონილად მხოლოდ მაშინ მიიჩნევენ, თუ ინფორმაციას ნეგატიური კონტექსტი ახლავს, პოზიტიური სიახლეების შემთხვევაში კი, როგორც წესი, ამბავი ან საერთოდ არ შუქდება ან მედიის ინტერესი რადიკალურად შემცირებულია.


ასე მაგალითად, 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 1 ივლისიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში საკუთარ ბაზას და საჰაერო ხომალდებს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით შეასრულებს.


იმავე დღეს, ასევე, გავრცელდა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ ავიაკომპანია ფრენების მიმართულებებსა და სიხშირეებს უახლოეს პერიოდში გააფართოებს და მალე ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.


ინფორმაცია „ვიზეარის“ მიერ ევროპის მიმართულებით ფრენების განახლებაზე, რის მიმართაც საზოგადოების ინტერესი უდავოდ მაღალია, იმავე დღეს გააშუქა ქართული მედიასაშუალებების დიდმა ნაწილმა, თუმცა აღნიშნული სიახლე საკუთარი აუდიტორიისთვის ნაკლებად მნიშვნელოვნად ან საერთოდ უმნიშვნელოდ ჩათვალა „მთავარმა არხმა“ და ტელეკომპანია „პირველმა“: ამ ტელეკომპანიებს 29 ივნისის საინფორმაციო გამოშვებებში, რაც მაყურებლისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს, „ვიზეარის“ ქუთაისის ბაზაზე დაბრუნებისთვის არც ერთი წუთი არ დაუთმიათ.


„მთავარმა არხმა“ ინფორმაცია მხოლოდ ვებგვერდზე განათავსა, ხოლო ტელეკომპანია „პირველმა“ სიახლე ეკონომიკური პროფილის გადაცემაში გააჟღერა, რომელსაც საინფორმაციო გამოშვების მაყურებელთა ნაწილი, შესაძლოა თვალყურს არ ადევნებდეს.


საინფორმაციო გამოშვების ფორმატში აღნიშნული ამბის უგულებელყოფა განსაკუთრებით საგულისხმოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, სწორედ „მთავარმა არხმა“ და ტვ „პირველმა“ საინფორმაციო გამოშვებებში მაყურებელს შესთავაზეს სიუჟეტები, სადაც საუბარი იყო „ვიზეარის“ მხრიდან ქუთაისის ბაზის გაუქმებასა და საქართველოში მუშაობის შეწყვეტაზე, რაც თითქოს ხელისუფლებასთან უთანხმოებით იყო გამოწვეული.


ცნობისთვის: ავიაკომპანიამ ჯერ კიდევ შარშან, ფრენების შეჩერებისა და ბაზის დროებით დახურვისას გააკეთა განცხადება, სადაც საზოგადოებას აცნობა, რომ საქართველოს არ ტოვებს და პანდემიიდან გამოწვეული შეზღუდვების გამო დროებით შეწყვეტილი ფრენები პირველივე შესაძლებლობისთანავე განახლდება, თუმცა ზემოხსენებული სიუჟეტების გამო ტელეაუდიტორიის ნაწილი შეცდომაში იქნა შეყვანილი და დასახელებულ მედიასაშუალებებს საკუთარი მაყურებლისთვის ობიექტური და სრული ინფორმაცია საინფორმაციო გამოშვების ფორმატში დღემდე არ მიუწოდებიათ.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 2384
0 Comments