წითელი ვერსია
  • 0
  • 1920

„უმწვავესი“ თუ „პოზიტიური“ გზავნილები ამერიკიდან?

23 ივლისი 2021

საინვესტიციო კლიმატის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშის გაშუქებამ, რომელიც 22 ივლისის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, კიდევ ერთხელ გვიჩვენა ქართული მედიის პოლარიზების ხარისხი და პრობლემა.


საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ოფიციალური ანგარიშების გაშუქებისას ქართული ტელემედია ხშირად არის მიკერძოებული და საკუთარ მაყურებელს ტექსტის მხოლოდ იმ ნაწილს აცნობს (ან იმ ნაწილზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სარედაქციო პოზიციისა და დასკვნის გასამართლებლად. აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე დოკუმენტი ერთი ტელევიზიის ეთერში შეიძლება „უმწვავესი კრიტიკა“ იყოს, ხოლო მეორე ტელევიზიის ეთერში - „პოზიტიურ გზავნილებად“ შეფასდეს.


მაგალითად, ტელეკომპანია „პირველმა“ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ 22 ივლისს მომზადებულ სიუჟეტში მთავარი ყურადღება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს დაუთმო და სრულიად საქმიანი ტერმინოლოგიით გადმოცემული შინაარსი მაყურებელს საკუთარი პოლიტიკური ინტერპრეტაციებითა და დასკვნებით მიაწოდა:


„უმწვავეს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია, თუმცა მიკერძოებული სასამართლო სისტემა არის მთავარი პრობლემა, რის გამოც უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში არ შემოდიან... ქვეყანაში რომ მტრული საინვესტიციო გარემოა, ამაზე ხელისუფლების ოპონენტები დიდი ხანია საუბრობენ. ამის ნათელი მაგალითი ანაკლიის ჩავარდნილი პროექტია, რომლის მთავარი ინვესტორები ‘ქართულმა ოცნებამ’, ფაქტობრივად, ქვეყნიდან გააგდო; პროექტის შემსრულებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ კი ‘ოცნებამ’ პოლიტიკური დევნა დაიწყო“.


როგორც ვხედავთ, ამ ტექსტში ფაქტი და შეფასებები გაუმიჯნავად, ერთ მთლიანობაში არის მოცემული და მაყურებლისთვის, რეალურად, შეუძლებელია იმის გარკვევა, რა წერია ანგარიშში და რა არის უშუალოდ ტელეკომპანიისა და ჟურნალისტის პოზიცია; ნათელია მხოლოდ ის, რომ ტელეკომპანია კონცენტრირებულია შენიშვნებზე და მათი ხაზგასმით და ინტერპრეტირებით ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდროს კონკრეტული პოლიტიკური შეფასება.


ტვ „პირველის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დასკვნებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა იმავე დღეს, იმავე თემაზე ტელეკომპანია POS TV-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც მთავარი აქცენტი ანგარიშის იმ მონაკვეთებზე გაკეთდა, სადაც აშკარად იკითხება პოზიტიური შეფასებები.


კერძოდ, POS TV ყურადღებას უმთავრესად საინვესტიციო გარემოსა და ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებს უთმობს და თავის აუდიტორიას აუწყებს, რომ ანგარიშის თანახმად „მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესის კეთებისა და ინვესტიცირების პირობები ჯანსაღია“.


„საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია. ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული მთავრობის მირ გატარებული რეფორმები: ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, საპენსიო რეფორმა, გადახდისუნარიანობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ასევე, მართლმსაჯულების რეფორმის ასპექტები“ - გვამცნობენ სიუჟეტში და ასევე გვაუწყებენ, რომ „ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია წინა მთავრობის მიერ კერძო საკუთრების არაგამჭვირვალე და იძულებით გადაცემის შემთხვევებზე, რომლის საპირწონედ ‘ქართული ოცნების’ მაგალითია მოყვანილი და ნათქვამია, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ აღარ ხორციელდება“.


როგორც ვხედავთ, POS TV-ის სარედაქციო არჩევანში ასევე იკითხება არხის პოზიცია და მიდრეკილება ზოგადი პოლიტიკური დასკვნებისა და შეფასებების გაკეთებისკენ, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტის მიერ გაკეთებული შეფასება. კერძოდ, ჟურნალისტის თქმით, „საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ 'ქართული ოცნება' რეფორმების მიმართულებით სწორ ნაბიჯებს ახორციელებს“.


რაც შეეხება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს, მათ შესახებ POS TV-ის მაყურებელმა საკმაოდ მწირი ინფორმაცია მიიღო, ზუსტად ისევე, როგორც ტვ „პირველის“ მაყურებელმა - ანგარიშში არსებული პოზიტიური აქცენტების თაობაზე.


საბოლოო ჯამში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ მომზადებული ორივე ზემოხსენებული სიუჟეტი შეიძლება შევაფასოთ, როგორც მიკერძოებული ჟურნალისტიკის მაგალითები, სადაც, ერთი მხრივ, თითქოს დაცულია ბალანსი და მაყურებელს განსხვავებული პოზიციის მოსმენის შესაძლებლობაც ეძლევა, თუმცა სიუჟეტის მთელი სულისკვეთება მიმართულია აუდიტორიაში კონკრეტული შთაბეჭდილების შექმნისკენ.


ამასთან, ეს ტენდენცია (სხვადასხვა ინტენსივობით) იგრძნობა არა მხოლოდ აღნიშნულ მედიასაშუალებებში და არა მხოლოდ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად დამახასიათებელია პოლიტიკურად პოლარიზებული ქართული მედიის უდიდესი ნაწილისთვის, სადაც მაყურებელს, როგორც წესი, არ აქვს საშუალება ერთი საინფორმაციო წყაროდან მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტთან ან მოვლენასთან დაკავშირებით.



ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 1920
0 Comments