წითელი ვერსია
  • 3
  • 8847

„სრულმეტრაჟიანი“ ტელეჩხუბი

04 ივლისი 2020

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსების ტელედებატები მედიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოპულარული პროდუქტია, დებატების საინტერესოდ წარმართვა კი, ბუნებრივია, გადაცემის წამყვანზეა დამოკიდებული. ხშირად შესაძლოა, მოდერატორმა ვერ გათვალოს სტუმრების დაპირისპირების სიმწვავე და დებატების მხარეთა კამათი ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდოს. ვითარების ასეთი გამწვავებისას წამყვანს ბერკეტად მარტივი ხერხი - ეთერის გათიშვა რჩება, თუმცა, რიგ შემთხვევაში წამყვანი ამ ხერხს არ მიმართავს და მაყურებელს მოკამათეთა ურთიერთშეურაცხყოფისა და დაპირისპირების საკმაოდ ხანგრძლივ „შოუს“ სთავაზობს.


სწორედ ამგვარი „სრულმეტრაჟიანი“ ჩხუბი იხილა მაყურებელმა 2 ივლისს, „ტვ პირველის“ გადაცემა „ღამის ამბებში“. სტუმრები განსხვავებული პოლიტიკური კურსის მქონე პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, მთავარი თემა კი ერთ-ერთი მათგანის პარტიის, „ქართული მარშის“ იდეოლოგია, საქმიანობა და მიზნები იყო.


გადაცემის მსვლელობისას, ნახევარი საათის განმავლობაში ნაკლებად მწვავე კამათის რამდენიმე ეპიზოდი განვითარდა ქცევებზე, მიმართვის ფორმაზე, პიროვნულ თვისებებზე, წარსულ საქმიანობაზე, „ძველბიჭობაზე“ და აღზრდაზე საუბრით, დებატების დასასრულს კი დაპირისპირება მწვავე ურთიერთბრალდებებით, „აზრზე მოსვლის“ მოწოდებით და უცენზურო გამონათქვამებით გაგრძელდა. საბოლოოდ, გადაცემის დასკვნით ნაწილში მაყურებელმა ხუთ წუთზე მეტ ხანს ისმინა არა პოლიტიკური დებატები, არამედ ორი გაბრაზებული ადამიანის ურთიერთშეურაცხყოფა.


აღსანიშნავია, რომ მაყურებელთან ერთად „შოუს" ფაქტობრივად, ჩარევის გარეშე ადევნებდა თვალს თავად გადაცემის წამყვანი, რომელიც ვითარების განსამუხტად ორიოდე მოწოდებით შემოიფარგლა და მხოლოდ მაშინ შეწყვიტა ეთერი, როცა სავარაუდოდ, გადაცემის ამ ნაწილისთვის განსაზღვრული დრო ამოიწურა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 3
  • 8847
0 Comments