წითელი ვერსია
  • 689
  • 2552

„შეუმჩნეველი“ ამბები

18 თებერვალი 2020

თბილისი Ryanair-ის 2020 წლის საუკეთესო მიმართულების გამოკითხვის გამარჯვებული გახდა. ავიაკომპანიის გამოკითხვაში, თუ რომელი ახალი მიმართულების არჩევას ისურვებდნენ მოგზაურები, საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა. თბილისმა მსოფლიოს ისეთი ტურისტული ცენტრები ჩამოიტოვა, როგორებიცაა რომი, სანტორინი, პარიზი და ლონდონი...


საქართველო 2022 წელს გერმანიაში დაგეგმილ მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას - ITB Berlin-ს უმასპინძლებს. როგორც მასპინძელი ქვეყანა, საქართველო ისარგებლებს 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგული დაფარვით და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს მილიარდამდე ადამიანს გააცნობს...


თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა...


ეს არის რამდენიმე ახალი ამბავი, რომელიც ბოლო დღეებში მოხდა და მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ცნობადობის გაზრდის, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის და შესაბამისად, ეკონომიკური სარგებლის მიღების თვალსაზრისით.


ინფორმაცია ფრაგმენტულად გავრცელდა ონლაინმედიაში, თუმცა ტელეარხების სათანადო ყურადღება ვერ დაიმსახურა.


მაგალითად, მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში არცერთ ტელეკომპანიას არ გაუშუქებია ინფორმაცია Ryanair-ის გამოკითხვისა და შედეგების შესახებ; რაც შეეხება მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს როლის მნიშვნელობას, ამ თემას მთავარ გამოშვებაში დრო მხოლოდ ტელეკომპანია „იმედმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და „მაესტრომ“ დაუთმეს.


ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია; მედიის ყურადღების მიღმა ხშირად რჩება საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომელიც მოქალაქეებს სჭირდებათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ გარემოში, ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად.


ხათუნა კიღურაძე
  • 689
  • 2552
0 Comments