წითელი ვერსია
  • 0
  • 3098

„შემწვარი გოჭების“ სკანდალი ტელემედიაში

23 სექტემბერი 2021

„შემწვარი გოჭები, როგორც საარჩევნო კამპანიის საკვანძო ინსტრუმენტი... ‘ქართულმა ოცნებამ’ ამომრჩევლის მოსყიდვის სქემაში ცხოველებიც ჩართო“ (?!) - ეს ფრაზები მაყურებელმა 22 სექტემბერს „მთავარი არხისა“ და ტვ „პირველის“ საინფორმაციო გამოშვებებში მოისმინა, სადაც გვაუწყეს, რომ ხელისუფლება ფოთში ამომრჩევლის გადაბირებას „ხელგაშლილი სუფრებით აპირებს“.


თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართული მედია სულ უფრო ხშირად საუბრობს არჩევნების გაყალბებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო სქემების შესახებ; ამ მხრივ განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი ტელემედია აქტიურობს.


საგულისხმოა, რომ გაჟღერებული ბრალდებები ზოგჯერ არავითარ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა და პოლიტიკური კრიტიკის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა „შემწვარი გოჭი“, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვისა და გადაბირების „საკვანძო ინსტრუმენტი“, ქართულ მედიაში პირველად გამოჩნდა.


საინტერესოა, რა საფუძველი აქვს რეალურად „შემწვარი გოჭების“ სკანდალს? სიუჟეტებში ოპოზიციაზე დაყრდნობით გვიმტკიცებენ, რომ მმართველმა პარტიამ 40 ათასი ლარის ღირებულების გოჭები შეიძინა და ახლა მათ ფოთის სხვადასხვა თონეში წვავენ. ჟურნალისტებმა მეტი დამაჯერებლობისთვის გადანაწილების დეტალური სქემაც კი შემოგვთავაზეს, თუმცა ესეც - დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე:


„200 შემწვარი გოჭი საუბნო საარჩევნო კომისიებზე უნდა გადანაწილდეს, თითო უბანზე 6 გოჭია გადანაწილებული, საიდანაც 2 საუბნო კომისიის თავმჯდომარეს დარჩება, 4-4 კი უბნის მაყურებლებზე და ქუჩის მაკონტროლებლებზე გადანაწილდება“.


როგორც მოგვიანებით ირკვევა, ამ ინფორმაციის წყარო და შესაბამისად, სიუჟეტების მთავარი რესპონდენტიც ფოთის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი გიგი უგულავაა, რომელმაც ამ თემაზე, თავდაპირველად, სოციალურ ქსელში ირონიული პოსტი დაწერა და „დანარჩენ საქართველოს“ მიმართა, რომ კარტოფილს და ზეთს არ დაკმაყოფილდნენ და „გოჭზე ნაკლებს“ ხელი არ ახლონ.


აღსანიშნავია, რომ გაჟღერებული ბრალდების „საილუსტრაციოდ“ ორივე ტელეკომპანიამ გაავრცელა იდენტური კადრები, რომლებიც „მთავარი არხის“ ჯგუფმა ფოთის ერთ-ერთ თონეში გადაიღო.


სიუჟეტებში ვხედავთ ჟურნალისტს, რომელიც დაუკითხავად აღებს ღუმელის კარებს და გვამცნობს, რომ ახლა აქ გოჭების ახალი პარტია იწვება, თუმცა თონეში მომუშავე არც ერთი პირი მას არ უდასტურებს, რომ ეს „სკანდალური გოჭები“ „ქართული ოცნების“ შეკვეთაა.


ქალბატონი, რომელიც ჟურნალისტს ადგილზე დახვდა, ცდილობს მას აუხსნას, რომ არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ არის, თავის საქმეს აკეთებს და საერთოდ არ აინტერესებს, ვის მიაქვს გოჭები შესაწვავად.


გაჟღერებული ბრალდების შესახებ ვერაფერი შევიტყვეთ „მთავარი არხის“ კიდევ ერთი რესპონდენტის კომენტარიდანაც, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ ასევე თონის თანამშრომელი ან მისი მეპატრონეა.


კერძოდ, რესპონდენტი აცხადებს, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც „სადღაც ქეიფობდნენ“, გოჭი შესაწვავად მიუტანეს, თუმცა ეს შემთხვევა ათი დღის წინ მოხდა, ხოლო ჟურნალისტის რიტორიკულ კითხვაზე, სანამ შეწვავდნენ, თავიდანვე იცოდა თუ არა „ვისი გოჭი“ იყო? რესპონდენტი პასუხობს, რომ არ იცოდა.


აღსანიშნავია, რომ „შემწვარი გოჭებით“ მოსყიდვის ამბავს კომიკურად აღიქვამენ ადგილობრივები, რომელთა კომენტარებიც მედიამ ასევე შემოგვთავაზა: „გოჭის ხორცს რა ჯობია“, - ამბობს ერთი რესპონდენტი „მთავარ არხთან“ საუბრისას, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, „უნდა გაიცვალოს თუ არა არჩევნები გოჭზე”, ერთი რესპონდენტი პასუხობს, რომ არ სჯერა „შემწვარი გოჭით“ არჩევნების მოგების, ხოლო მეორეს საერთოდ არ სჯერა, რომ ფოთში ამ რაოდენობის გოჭის მოძიება შესაძლებელია.


რეალურად, სიუჟეტის ავტორმა ამ კომენტარების სახით შემოგვთავაზა შემთხვევითი პრინციპით შერჩეული რესპონდენტები, რომლებიც გავრცელებულ ინფორმაციასთან არავითარ კავშირში არ არიან და სიუჟეტის თემის შესახებ იმ მომენტში შეიტყვეს, როცა მათ კითხვები დაუსვეს.


შესაბამისად, მაყურებელმა მათგანაც ვერ მიიღო ვერავითარი კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც გაჟღერებულ ბრალდებებს გაამყარებდა და ინფორმაციას უფრო დამაჯერებელს გახდიდა.


აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ რესპონდენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები მთლიანობაში სრულიად შეუსაბამოა სიუჟეტის შინაარსთან, რამდენიმე შემწვარი გოჭი და თონის კადრები კი, რომლებიც მაყურებელმა იხილა, მანიპულაციის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე იმის განცდას, რომ გოჭები რომელიმე პარტიის საგანგებო შეკვეთაა.


ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ და ტვ „პირველმა“ აღნიშნული თემა საღამოს შემაჯამებელ გამოშვებებშიც გააშუქეს, თუმცა უცვლელი სახით და დამატებითი ცნობებისა თუ მტკიცებულებების მოძიების გარეშე. შესაბამისად, ბრალდება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჟღერდებოდა, მაყურებლისთვის კვლავ გაურკვეველი და ბუნდოვანი დარჩა.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 3098
0 Comments