წითელი ვერსია
  • 1
  • 4086

„სანდო წყარო“ თუ „ფეიკ ნიუსი“?

05 აგვისტო 2020

ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილისა და პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეების გაშუქება ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ფაქტობრივად, დამოუკიდებელ „ტელეგამოძიებად“ აქცია, საქმესთან დაკავშირებით მოპოვებულ ინფორმაციას ტელეკომპანიები ხშირად საკუთარ „სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით ავრცელებენ.


ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მედიასაშუალებები სახელმწიფო უწყებებისგან მოითხოვენ ამა თუ იმ საქმის სწრაფ და სამართლიან გამოძიებას და აცხადებენ, რომ მათ მოიპოვეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით, თავად, როგორც წესი, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.


სწორედ ამგვარი შემთხვევა იყო „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით „შაბათის ფორმულის“ მიერ 1 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები.


„გადაცემა „შაბათის ფორმულისთვის“ ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც თამარ ბაჩალიაშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე,“ - გვამცნო ჟურნალისტმა და ამავე მასალაში ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე დეტალი დაასახელა, მათ შორის: „შაბათის ფორმულის ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. „წყარო“ საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან უცხო დნმ არ ამოვა.“


ამ შოკისმომგვრელი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გადაცემის წამყვანი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, თუმცა მან განაცხადა, რომ ის წყაროს დასახელებას არ აპირებს და საერთოდ, გამოძიება "შაბათის ფორმულაში" გასული ინფორმაციის გარდა მისგან ვერაფერს გაიგებს.


ინფორმაციის წყაროს დასახელების ვალდებულებისგან ჟურნალისტს საქართველოს კანონმდებლობა იცავს და სამართლებრივად მას აქვს უფლება არ გაამხილოს, თუ ვისგან მიიღო ინფორმაცია, თუმცა როცა მედიასაშუალება მუდმივად აკრიტიკებს გამოძიებას არასაკმარისი ტემპის გამო და ამავე დროს, თავად უარს აცხადებს მასთან თანამშრომლობაზე, რაც წყაროს დასახელების გარეშეც არის შესაძლებელი, ეს ცხადია ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.


მაგალითად, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მედიასაშუალების განცხადებები რომ ის საქმის სწრაფი გახსნით არის დაინტერესებული და თუ ეს სიმართლეა, მაშინ რამდენად შეესაბამება ამ გაცხადებულ მიზანს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა?


როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია წყაროს ვინაობის გამხელის გარეშეც, ამიტომ ასეთი კონსპირაცია ბუნებრივია უკვე თავისთავად ინფორმაციისა და წყაროს სანდოობის მიმართაც აჩენს კითხვის ნიშნებს, მით უმეტეს რომ ქართულ მედიაში არაერთი „ფეიკ ნიუსი“ გავრცელებულა „სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით.


მანანა მჭედლიშვილი
  • 1
  • 4086
0 Comments