წითელი ვერსია
  • 3
  • 5350

„კოლოსალური ვალი“ რიცხვების გარეშე

23 ნოემბერი 2020

ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების შეფასებებისგან გამიჯვნა ჟურნალისტური პროდუქტის აუცილებელი პირობაა, მით უფრო მაშინ, როცა საუბარი ამა თუ იმ საჯარო უწყების საქმიანობის კრიტიკას ეხება, თუმცა, ქართულ ტელემედიაში ხშირად ეს ერთი შეხედვით მარტივი და არასადავო პრინციპი სრულიად უგულებელყოფილია. დიდი ალბათობით, კონკრეტული ტელევიზიების პოლიტიკური დღის წესრიგის გამო.


22 ნოემბერს, საღამოს „პირველებში“ მაყურებელმა იხილა სიუჟეტიჯანდაცვის სამინისტროს კოლოსალური ვალები“, სადაც წამყვანმა გამოგვიცხადა, რომ საქართველოში „კლინიკები დახურვის ზღვარზე არიან. მიზეზი კი ჯანდაცვის სამინისტროა - ეკატერინე ტიკარაძის უწყება სამედიცინო დაწესებულებებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ დავალიანებას არ უხდის“. მისივე თქმით, „დაგროვილი ვალის ოდენობა კოლოსალურია.“


ვალი და მით უფრო „კოლოსალური ოდენობის თანხა“, წესით კონკრეტულ რიცხვებში უნდა იყოს ასახული და შესაბამიად, მაყურებელს რამე ციფრი ან სტატისტიკა მაინც უნდა ეხილა, თუმცა, სიუჟეტი მთლიანად აგებული იყო შეფასებებსა და პოლიტიკურ განცხადებებზე მაშინ, როცა ერთადერთი რიცხვი, რომელიც ჟურნალისტმა დაასახელა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მთლიანი ოდენობა იყო.


გარდა ამისა სიუჟეტში, სადაც საუბარია მთლიანად ჯანდაცვის სისტემასა და სახელმწიფოს დავალიანებაზე კლინიკების მიმართ, მაყურებელმა მხოლოდ ერთი კლინიკის ხელმძღვანელის კომენტარი მოისმინა. „პირველების“ რესპონდენტი კლინიკა „გულის“ დირექტორი ანზორ მელია იყო, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის - ნიკანორ მელიას მამა, რომლის კომენტარი რეალურად ასევე პოლიტიკური შინაარსის განცხადება იყო და არ შეიცავდა არავითარ კონკრეტიკას ან ციფრებს ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანებასთან დაკავშირებით თუნდაც, მხოლოდ კლინიკა „გულის“ მიმართ.


ნიშანდობლივია, რომ სიუჟეტში მაყურებელმა ასევე მოისმინა „ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებად“ მოხსენიებული რესპონდენტების კომენტარები, თუმცა, აღნიშნული „ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები“ რეალურად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ცნობილი სახეები არიან. კერძოდ: ვატო სურგულაძე („ლელო საქართველოსთვის“), სერგო ჩიხლაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“) და ვახტანგ კალოიანი („ევროპული საქართველო“). ამ პიროვნებებს ჯანდაცვის სფეროში შესაძლოა მართლაც ჰქონდეთ გარკვეული გამოცდილება, თუმცა მათი ამჟამინდეელი პარტიული კუთვნილებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული მონაცემები არც მათ დაუსახელებიათ, კრიტიკა მათი მხრიდან რთულია დამაჯერებლად ჩაითვალოს.


დაბოლოს - როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მან კითხვით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა, კითხვა ეხებოდა არა სამედიცინო დაწესებულებების მიმართ სამინისტროს დავალიანების არსებობას, არამედ იმას, თუ „სად დაიხარჯა 802 მილიონი ლარი, რომელიც წესით, მოქალაქეებს უნდა მოხმარებოდა“. ავტორის თქმით, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს, თუმცა, როგორც ვხედავთ, ბუნდოვანი და გაუგებარია კონკრეტულად რა მონაცემებს ითხოვდა ტელეკომპანია და ასევე ისიც, მათი თხოვნა საერთოდ უპასუხოდ დარჩა თუ ინფორმაციის გაცემაზე მიიღეს უარი.


მანანა მჭედლიშვილი
  • 3
  • 5350
0 Comments