წითელი ვერსია
  • 5
  • 4076

„გაუჩინარებული“ მინისტრი

09 სექტემბერი 2020

საზოგადოებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება, როგორიც ახალი კორონავირუსია, განსაკუთრებულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს. თუმცა, ზოგი ტელევიზია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად, არც კოვიდ-19-თან დაკავშირებული ფეიკ ნიუსის გავრცელებისგან იკავებს თავს და ამბავში მონდომებით რთავს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც. ზოგჯერ ამგვარი ცრუამბების გაბათილება ამავე არხის ეთერში წინა დღეს გასული მასალითაც კი არის შესაძლებელი.


ტელეკომპანია „მთავარმა“ 8 სექტემბრის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს აუწყა, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ორი დღეა, საჯაროდ არ ჩანს და არ არის გამორიცხული, რომ ის და მისი ოჯახი თვითიზოლაციაში იყვნენ”. ამ ვარაუდის საფუძვლად კი წამყვანმა თავისივე არხის კიდევ ერთი და ასევე დაუდასტურებელი ცნობა მოიტანა, რომლის თანახმადაც მინისტრის მეუღლის დაბადების დღის წვეულებას რესტორან „რესპუბლიკაში“ ერთი ინფიცირებული პირი ემსახურებოდა.


წამყვანის შემდეგ ჟურნალისტმა ასევე გვაუწყა, რომ მისთვის უცნობია, სად იმყოფება თავდაცვის მინისტრი და ინფორმაციის გადამოწმება სამინისტროს პრესსამსახურში სცადა.


ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ, თუ რა ინფორმაციას ვფლობდით. მათ გვითხრეს, რომ მოიკითხავდნენ ამბავს. მას შემდეგ, რაც აღარ გადმოგვირეკეს, რამდენიმე საათში, თავად დავუკავშირდით მათ. თუმცა, ჩვენს ზარებს უწყებაში აღარ უპასუხეს. აქედან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ თავდაცვის მინისტრი და მისი ოჯახი იმყოფებიან თვითიზოლაციაში(?!), რადგან ჩვენი ინფორმაციით, 6 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ დაბადების დღე გადაიხადა რესტორან „რესპუბლიკაში“. ამ დაბადების დღეზე მყოფ ერთ-ერთ მომსახურე პერსონალს კი კოვიდ-19 დაუდასტურდა.“


ჟურნალისტი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ იგი საათების განმავლობაში ცდილობდა გაერკვია, სად იყო მინისტრი, თუმცა ეს ვერ მოახერხა და საბოლოოდ „დაასკვნა“, რომ მინისტრი თვითიზოლაციაშია. ამ დროს, „მთავარ არხს“ საკუთარ ეთერში გასულ მასალებში შეეძლო მარტივად გადაემოწმებინა და დაედგინა, სად იყო ირაკლი ღარიბაშვილი თუნდაც, წინა დღეს. 7 სექტემბერს, „მთავარში 11:00 საათზე“ პირდაპირ ეთერში გადაიცა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ვაზიანში, მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნის ცერემონიაზე. ამ გამოსვლიდან აღნიშნულ სიუჟეტამდე კი ორი დღე ნამდვილად არ იყო გასული.


შესაბამისად, წამყვანის პირველივე ფრაზა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ორი დღეა, საჯაროდ არ ჩანს, რასაც მოყვა არალოგიკური ვარაუდების მთელი ჯაჭვი, საერთოდ ცრუ ინფორმაციაა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 5
  • 4076
0 Comments