წითელი ვერსია
  • 5
  • 5129

„გამოტოვებული“ რუსი ტურისტები

22 ოქტომბერი 2022

საქართველომ ტურიზმიდან სექტემბერში 374 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 18%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყოველთვიური სტატისტიკა გამოაქვეყნა.


პოზიტიური ინფორმაცია, როგორც ყოველთვის (მაგალითად აგვისტოში, როცა აღნიშნულ თემაზე სტატია შემომეწერა), ტელეკომპანია „იმედმა“ ამჯერადაც აიტაცა და „ქრონიკის“ მთავარ გამოშვებაში სიუჟეტი მოამზადა.


როგორც ყოველთვის, რეპორტიორი კვლავ გაიქცა ძველი თბილისისკენ და ქართული სტუმარ-მასპინძლობით, კერძებით და ბუნებით აღფრთოვანებული უცხოელი მოგზაურები ჩაწერა - ევროპელი (პოლონელი), ამერიკელი (აშშ-ის მოქალაქე) და აზიელი (მალაიზიელი) - შესაშური გეოგრაფიული ბალანსის დაცვით.


როგორც ყოველთვის, „იმედის“ რეპორტიორმა ვერც ამჯერად იპოვნა თვალშისაცემად მომრავლებული რუსი ტურისტები და შესაბამისად, არც უკრაინის ომის გამო ჩრდილოელების მასობრივი მიგრაცია გაახსენდა, რაც საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა.


როგორც წამყვანი, ასევე ჟურნალისტი ჯიუტად იმეორებდნენ, რომ ტურიზმიდან შემოსავლების მატება განსაკუთრებით შთამბეჭდავია ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან და ეს დამსახურებაა „ტურიზმის ადმინისტრაციისა და მთავრობის სწორი და მიზანმიმართული სტრატეგიის, სამიზნე ბაზრებზე“ (შესაბამისი უწყების ხელმძღვანელების ინტერვიუებზე დაყრდნობით).


ოფიციალური ციფრები კი, აი რაზე მეტყველებს:


1. სექტემბერში საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რიცხვმა 560 ათასს მიაღწია, აქედან თითქმის ყოველი მეხუთე რუსეთის მოქალაქეებზე (163 ათასი) მოდის. მათი რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, 392%-ით (!) გაიზარდა. შედარებისთვის: ვიზიტორების რიცხვი ევროკავშირიდან 39,5 ათასი (+60%), ხოლო ახლო აღმოსავლეთიდან 19,5 ათასია (+14,5%).


2. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას არ გამოუქვეყნებია დეტალური მონაცემები, შემოსავლების ზრდის ტემპს რომელ ქვეყნებს უნდა ვუმადლოდეთ, ან რა წილი უკავიათ ქვეყნებს მთლიან მოცულობაში. რა თქმა უნდა, ჟურნალისტს შეეძლო, ეს მონაცემები აღნიშნული უწყებიდან გამოეთხოვა, ან ესარგებლა ალტერნატიული წყაროებით. მაგალითად, იმავე დღეს გამოქვეყნებული, „თიბისი კაპიტალის“ კვლევით, სადაც აღნიშნულია, რომ ხსენებული 374 მილიონი დოლარიდან ერთი მეოთხედი (25%) რუსეთზე მოდის. აქვე აღნიშნულია, რომ პანდემიამდელ პერიოდში, 2019 წელს, რუსეთის წილი 18% იყო. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წილი 2019-2022 წლებში, პირიქით, შემცირდა 21%-დან 12%-მდე. ირანს და საუდის არაბეთს (ორივე სპარსეთის ყურის ქვეყანაა) 4% და 3%-იანი წილი უკავიათ.


3. იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი არ ენდობოდა კერძო ორგანიზაციას, შეეძლო ესარგებლა ეროვნული ბანკის ყოველთვიური პუბლიკაციით, სადაც ბოლო მონაცემები აგვისტოს თვეს მოიცავს, თუმცა ზოგადი ტენდენციის გასაგებად, მაინც რელევანტურია. ამ კვლევაში კი აღნიშნულია, რომ „მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ზრდა ძირითადად რუსეთიდან (54.9 %), საუდის არაბეთიდან (18.3%) და თურქეთიდან (16.2%) შემოსავლების ზრდას უკავშირდება. გარდა ამისა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ, უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მათი ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობაც გაზრდილია. 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში უცხო ქვეყნის 184,969 მოქალაქე იმყოფებოდა. აქედან რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 73,322, უკრაინიდან 22,607, ბელარუსიდან 18,653 შეადგინა, რაც ჯამურად, ომამდელ დონეს 5.3-ჯერ აღემატება.


ნატა მინდელი
  • 5
  • 5129
0 Comments