წითელი ვერსია
  • 0
  • 2542

ზეტი, პუტინი და დუჩე

30 აპრილი 2022

პროპაგანდა, როგორც ცნობილია, რწმენის, შეხედულებებისა და ქცევის სისტემატური მანიპულირებაა. იგი სიმბოლოების მეშვეობით ხორციელდება. სიმბოლოებს მასაზე ზემოქმედების უზარმაზარი ძალა აქვთ. სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა, ნიშანი, საგანი, სიმღერა, დროშა, გამოსახულება, სურათი, ქანდაკება - ყველაფერი, რაც სავალდებულოდ გასაზიარებელ აზრს გამოხატავს და გადასცემს მასებს.


სიმბოლო არის ის ცემენტი, რომელიც ერთ მუშტად კრავს და აერთიანებს სოციალურ ჯგუფს. პროპაგანდისტი დაუფლებულია სიმბოლოებით მუშაობის ხელოვნებას. ის იყენებს სიმბოლოებს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციის გამოსაწვევად და „საჭირო” დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.


დიქტატორებს სჭირდებათ მითები, სიმბოლოები და ცერემონიები, რომლებიც აღაგზნებენ ან აშინებენ ადამიანებს და თრგუნავენ მათ ყოველ მცდელობას, იფიქრონ ინდივიდუალურად.


ომიანობისას პროპაგანდა ცდილობს მტრის დემორალიზებას. ამ დროს პროპაგანდის მთავარი მიზანია, მოწინააღმდეგე მხარეს ბრძოლის უნარი დააკარგვინოს, დაუქვეითოს მას წინააღმდეგობის გაწევის ძალა. ასეთ დროს სიმბოლოები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ.


ამ ორი თვის წინ, მედიააკადემიაში ჟურნალისტებისათვის სემინარი ჩავატარე პროპაგანდის ხერხებისა და ფორმების შესახებ, ომიანობისა და მშვიდობიანობის დროს. დიქტატურების სიმბოლოების განხილვისას ფაშოს გამოსახულებას ვარჩევდით. ტერმინისთვის “ფაშიზმი” ამოსავალია სიტყვა ფაშო (fascio).


„ფაშო”, რომელიც ერთად შეკრული ჯოხების (წკეპლების) კონასა და მასში მოთავსებულ ცულს აღნიშნავს, ძველ რომში ლიქტორების იარაღი იყო. ლიქტორები მაგისტრატების მცველები იყვნენ და მათ ბრძანებებს ასრულებდნენ. მაგისტრატი უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელე იყო, რომელიც აღჭურვილი იყო როგორც სასამართლო, ისე აღმასრულებელი უფლებამოსილებებით. მას, ვისაც ფაშო ეჭირა ხელში, განსჯისა და განკითხვის უფლება ჰქონდა ძველ რომში. (ფაშისტმა პროპაგანდისტებმა სიტყვა ფაშიზმი „რომაელობის“ სინონიმად აქციეს. ფაშო უზრუნველყოფდა ეროვნულ ერთობას: - „ერთი იტალიელი ხალხი, ერთი ფაშისტური სახელმწიფო, ერთი დუჩე სათავეში.“


ჩვენი სემინარის ერთ-ერთმა მონაწილემ ფაშოს გამოსახულებაზე რამდენიმე ადგილას ზეტი (Z) შეამჩნია და ჩვენი ყურადღება მიაპყრო მას. მაშინ კი ვუთხარი, ამ დამთხვევას საფუძველი არ უნდა ჰქონდეს- მეთქი, მაგრამ მას მერე ამაზე ფიქრი არ მასვენებს.


რასაც უნდა ნიშნავდეს რუსებისათვის ან ჩვენთვის „ზეტი“ - „ზა პობედუს“ თუ „ზომბის“, - მან უკვე შეიძინა რუსული ომის სიმბოლოს მნიშვნელობა. ხოლო პუტინის კერპი რომ დუჩეა, ეს ძალიან თვალსაჩინოა მათთვის, ვინც მუსოლინის ბიოგრაფიას იცნობს.


ფაშისტური იტალიის ერთ-ერთი ცნობილი ისტორიკოსის, რიჩარდ ბოსვორთის აზრით, „მუსოლინი იყო თანამედროვე ტირანი, რომელიც თანამედროვე დიქტატურის მოდელის პიონერია“. მუსოლინიმ - პირველმა იმ დიქტატორთა შორის, რომლებმაც 1918 წლის შემდეგ ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება - შექმნა ნიმუში, რომლის მიბაძვასაც გულმოდგინედ შეუდგნენ სხვები.


მუსოლინი თავის სხეულს იყენებდა პროპაგანდის მიზნებისათვის. ფოტოსურათები, საფოსტო ბარათები, ბიუსტები და სხვა უამრავი ნივთი მისი გამოსახულებით პოპულარული იყო არა მარტო იტალიაში, არამედ საზღვარგარეთაც. ის დიდი ხალისით ჩნდებოდა ფოტოებსა და დოკუმენტურ ფილმებში: ხან თხილამურებით სრიალისას, ხან ჩოგბურთის თამაშისას, ხან კი გლეხებთან ერთად ხორბლის მოსავლის აღებისას.


დუჩე არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ფიზიკურადაც უძლეველი გმირის სახეს თავად ძერწავდა და დიდი წარმატებითაც აღწევდა მიზანს. არაკები დადიოდა მის ენერგიულობაზე, შეუპოვრობასა და სიმამაცეზე.


პუტინის კომიკური მცდელობები, მიბაძოს მუსოლინის, არაერთხელ გამხდარა განსჯისა და დაცინვის საგანი.


მუსოლინის ძლევამოსილი ძველი რომის იმპერიის აღდგენა ჰქონდა განზრახული და ამაში ხედავდა თავის მისიას. პუტინს თავის მისიად რუსეთის იმპერიის აღდგენა მიაჩნია და ამ იდეითაა შეპყრობილი. მისიის განხორციელების გზაზე სისასტიკის ჩადენა, ხოცვა და ჟლეტა ბელადებისთვის სრულიად დასაშვები და გამართლებული ხერხებია. „მისიონერი“ ბელადები რეალობის აღქმას კარგავენ, ეს კი მათ საბოლოო ჯამში ღუპავთ.


უდავო ფაქტია: რაც მეტია მასის მხარდაჭერა, მით მეტია ბელადის ძალაუფლება. მაგრამ ისიც უდავო ფაქტია, რომ მასას, რომელსაც ცაში აჰყავს თავისი ბელადი და ეთაყვანება მას, შეუძლია ერთ მშვენიერ დღეს ეს ბელადი მიწაზე დაანარცხოს.


მუსოლინი ჯერ მის მიერ შექმნილმა ე. წ. „დიდმა საბჭომ“ გადააყენა, შემდეგ იტალიის მეფის ბრძანებით დააპატიმრეს და მხოლოდ ჰიტლერის მიერ გაგზავნილმა დესანტმა შეძლო მისი მოტაცება და გათავისუფლება. 1945 წლის აპრილში ის იტალიელმა პარტიზანებმა ჯერ დახვრიტეს და მერე ფეხებით დაკიდეს ბენზინგასამართ სადგურზე.


მართლაც არ არის შეუძლებელი, რომ ზეტი უნებლიეთ თუ ნებსით ფაშოს უკავშირდებოდეს. წესით, პუტინის „ზეტმაც“ დუჩეს „ფაშოს“ ბედი უნდა გაიზიაროს.


რუსუდან გორგილაძე
  • 0
  • 2542
0 Comments