წითელი ვერსია
  • 5
  • 5424

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება და მედია

20 თებერვალი 2020

სატელევიზიო თუ ინტერნეტ მედიასივრცე 20 თებერვალს სრულად დაიპყრო ვანო მერაბიშვილმა, მისმა გათავისუფლების ფაქტმა და სხვადასხვა ინტერპრეტაციებმა.


ვანო რომ დამნაშავეა, სახეხატი და სიმბოლოა იმ პერიოდის ძალადობრივი, რეპრესიული პოლიტიკის, ეს ჩემთვის ცალსახაა და ამ საკითხის განხილვა არ გვინდა.


მოდი განვიხილოთ ის, თუ როგორ უყურებს და აშუქებს ამ ყველაფერს მედია.


“დღის წესრიგის ფორმირება — ეს არის მასმედიის მიერ გარკვეული საკითხების ხშირი და გამორჩეული წარდგენის პროცესი, იმ შედეგით, რომ ხალხის დიდი ნაწილი ამ საკითხებს უფრო მნიშვნელოვნად აღიქვამს, ვიდრე სხვებს. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად გაშუქდება საკითხი, მით უფრო მნიშვნელოვანია ის ხალხისთვის.” (Coleman, 2009, გვ. 147)


ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებამდე, „მთავარი არხი“ უკვე ამზადებდა ნიადაგს, საუბრობდა მის გმირობაზე, მოჰყავდა სტუმრები, რომლებიც ყვებოდნენ მერაბიშვილის „საამაყო საქმეებზე“, აღმშენებლობაზე, ინსტიტუტების შექმნაზე და ა.შ;


მედიას აქვს უნარი, როგორც ციტატაშია ახსნილი, შავი თეთრად წარმოაჩინოს დაჩქარებული, ჭარბი ინფორმირებით. შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა ვანო მერაბიშვილი ფიგურალურად, ირიბად წარმოაჩინეს ისე, თითქოს ის ნელსონ მანდელა იყოს, მისი ციხიდან გამოსვლა კი - ახალი ეპოქის დასაწყისი. ეს პოლიტტექნოლოგიური სვლაა; ოპოზიციურ სპექტრს და განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას, შემოქმედებითი კრიზისი აქვს, ამიტომაც სიახლე, განახლების აქტი, ქმნის ილუზიებს, თითქოს რაღაც ახალი იწყება. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, მედიის გარეშე არ გამოვა.


ამ ვითარებიდან პრობლემა იქ იკვეთება, რომ მედიის დღის წესრიგს კვლავ „მთავარი არხი“ ადგენს, სხვა მედიასაშუალებები კი მის მოპასუხე მხარედ შეგვიძლია აღვიქვათ. როდესაც შავზე ამბობ თეთრს, თავიდან ეს სიგიჟედ ითვლება; შემდეგ, რაც უფრო ხშირად იმეორებ, ის ნელნელა ილექება ზოგიერთი ადამიანის გონებაში. ესაა „მთავარი არხის“ მექანიზმი, რითიც ცდილობენ ვანო მერაბიშვილის გმირად წარმოჩენას.


ეს პრობლემა კარგად ასახავს მედიის კრიზისს და იმას, რომ რაღაც ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს. სხვა მედიასაშუალებებმა აუცილებელია დაიწყონ საკუთარი დღის წესრიგის ფორმირება.


ფოტო 1tv.ge

გური სულთანიშვილი
  • 5
  • 5424
0 Comments