წითელი ვერსია
  • 0
  • 3017

ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი მედიაში

28 მაისი 2020

უკვე თითქმის 3 თვეა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა და ამ ჯერაც ბოლომდე გაურკვეველ მხეცთან ბრძოლაში ლამის შეიშალოს მთელი მსოფლიო. მათ შორის, ცხადია, მედიაც - კორონავირუსის თანმდევი ათასი ჭორ-მართლის მაძიებელი, გამავრცელებელი თუ ინსპირატორი.


ამ სრულიად ახლებურმა გლობალურმა კრიზისმა, რომელიც, წინამორბედებისგან განსხვავებით, საფუძვლით არც ეკონომიკურია, არც პოლიტიკური და არც სამხედრო, კიდევ ერთელ დაადასტურა დაუმახინჯებელი ახალი ამბების ფასი და მნიშვნელობა.


ამავე დროს თითქოს ყველას გამოეპარა, როგორ თავდაყირა დადგა მთელი პროფესია და შეიცვალა შრომითი პირობები. და რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი სოლიდური მედიასაშუალება ცდილობს შეაფასოს და შეამციროს ამ ახალი სტრესის გავლენა ჟურნალისტების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.


ეთიკური ჟურნალისტიკის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ჰანა შტორმი აღნიშნავს, რომ პანდემიამდეც ბევრი ჟურნალისტი „გადაიწვა“ ან გადაწვის პირას იყო ახალი ამბების უწყვეტი, აგრესიული და მუდმივად დაჩქარებული ნაკადის, სარეკლამო შემოსავლების დაცემის, სარედაქციო ბიუჯეტების შემცირების, საზოგადოებრივი ნდობის კლების თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო.


პანდემიამ ყველა ეს პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა და გაურკვევლობის ახალი შლეიფიც მოიყოლა. უამრავი ჟურნალისტი სამუშაოდ სახლში გამოიკეტა, დაკარგა ყოველდღიური კომუნიკაცია კოლეგებთან, წყაროებთან, ზოგს დაუმძიმდა ვალდებულებები, ზოგმაც სულაც დაკარგა სამსახური...


ტორონტოს უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტში ეს მოცემულობა დეტალურ რენტგენზე გაატარეს და მედიაგამოცემებს ურჩევენ, იზრუნონ ჟურნალისტების ფსიქიკური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მოფრთხილებაზე, მიუდგნენ ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად და მუდამ ხაზი გაუსვან ჟურნალისტების მუშაობის მნიშვნელობას ამ ძნელბედობის ჟამს.


არანაკლებია დამოკიდებული თავად ჟურნალისტებზე, რომელთაც ასევე ბევრი რამ აქვთ გასათვალისწინებელი: მაგალითად, არ იღელვონ ისეთ საკითხებზე, რაც მათ კონტროლს მიღმაა (ამ გამანადგურებელ თვისებას კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია). პანდემიის დროს მაინც სცადონ ყოველდღიური ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა - გამოიძინონ, ფიზიკურად ივარჯიშონ და ოჯახთან და მეგობრებთან უშუალო თუ უკონტაქტო ურთიერთობა მოაწესრიგონ.


პრინციპში, ეს რჩევები მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არ არის - მსგავსი პრობლემები ბევრ სხვასაც აქვს. თუმცა, მედია-ფიგურანტებისთვის კიდევ ერთი, და პრაქტიკულად ძირითადი რეკომენდაციაც არსებობს - ძილის წინ ცოტა ხნით მაინც გამოეთიშონ საინფორმაციო ნაკადს.


ცხადია, ეს რჩევა რთულად შესასრულებელია მათთვის, ვისთვისაც სწორედ ინფორმაციის მოპოვება, ცოდნა და გავრცელებაა პროფესიული მოვალეობა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი პროფესიული როლის და ვალდებულებების გააზრება და იმ აზრამდე „დამწიფება“, რომ ეს ვალდებულებები 24-საათიან ციკლში სადღაც ცოტა ხნით მაინც სრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობისთვის მძიმე ტვირთად იქცევა.


ამ საქმეში ჟურნალისტებს, თვითშეგნებასთან ერთად, ძალიან სჭირდებათ დამქირავებელთა მხარდაჭერა. მსოფლიოს სამმა უმსხვილესმა მედიაკორპორაციამ - BBC-მ, AFP-მ და Reuters-მა, რომელთა ქსელებიც მთელ დედამიწას ფარავს, თანამშრომლების ფსიქიკური ჯანმრთელობა Covid-19-ზე რეაგირების კორპორატიული გეგმების ცენტრალურ საკითხად დასახა.


საკვანძო დასკვნა, რაც ამ სტრატეგიებზე დაკვირვებით ჩნდება, ერთი შეხედვით, მარტივია: უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია და ურთიერთგაგება. „ჩვენ მუდამ ვურთიერთობთ, ვიხილავთ, რას ვაკეთებთ და ვცდილობთ ყველა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ კი ვართ ახალი ამბების სააგენტო, მაგრამ უპირველესი, რაზეც ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“, - ამტკიცებს AFP.


უფრო მარტივი და კონკრეტული რეკომენდაციაა, რომ მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებმა შეძლებისდაგვარად თანაბრად გაანაწილონ რთული დავალებები და ყოველთვის აღნიშნონ ჟურნალისტების საქმიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამავე დროს, მყისიერად გააფრთხილონ თანამშრომლები იმის შესახებ, რა რესურსებზე მიუწვდებათ ხელი ან როგორ იცვლება მუშაობის რეგლამენტი. მედია-მენეჯერები რეგულარულად უნდა ერთვებოდნენ საერთო ელექტრონულ პლატფორმებზე და სტიმულს აძლევდნენ თანამშრომლებს, რომ სადისკუსიოდ გამოიტანონ ნებისმიერი საკითხი, წუხილები და აზრები (მათ შორის, ინდივიდუალურადაც, თუ დაქირავებულს ასე ურჩევნია).


მეორე მხრივ, Reuters-ში მიიჩნევენ, რომ მუდმივად ონლაინ-ურთიერთობაც ძალიან დამღლელია, რადგან ადამიანებს ამ მხრივ ისედაც ბევრი დამატებითი საქმე და თავსატეხი გაუჩნდათ.


ეს ფაქიზი და ინდივიდებზე მორგებული მიდგომები უნდა ქმნიდეს ერთიანობის და ნდობის ატმოსფეროს, რათა ჟურნალისტებს არ გაუჩნდეთ მარტოობის შეგრძნება, არ დაეკარგოთ მოტივაცია და არ გაუღრმავდეთ სტრესი, რომელშიც ისედაც მუდმივად იმყოფებიან.


BBC ფსიქიკური ჯანმრთელობის და მდგრადობის საკითხებზე რეგულარულ ვირტუალურ სესიებს ატარებს. მათთვის, ვინც უწინდელივით ვეღარ ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, ცხოვრების აზრი მგრძნობიარე თემად შეიძლება იქცეს. იგივე BBC ამ პრობლემას პროფესიული უნარ-ჩვევების აუდიტის გზით ებრძვის - მათ, ვისი პროგრამებიც დაიხურა ან ახალი ამბები მათ სფეროში საყოველთაო კარანტინის გამო უბრალოდ გაქრა, დროებით სხვა შესაფერის პოზიციებზე ანაწილებენ. თუმცა ბევრს ასეთი არჩევანიც არ აქვს.


როგორც ყველა სხვა სექტორს, Covid-19-ის გავლენა და შედეგები მედიასაც კარგა ხანს გაჰყვება. ამიტომაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ახლავე უნდა დაიჭირონ თადარიგი, რომ ეს შედეგები მძიმედ არ აისახოს მათი ძირითადი აქტივის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.


რეზო საყევარიშვილი
  • 0
  • 3017
0 Comments