წითელი ვერსია
  • 67
  • 4778

პროფესია ჟურნალისტი

10 მარტი 2020

1991 წლიდან დღემდე ქართულ მედიას არაერთი დამსახურებული და ზოგჯერ, შესაძლოა გადაჭარბებული, ან დაუმსახურებელი კრიტიკაც მიუღია საკუთარ თავზე;


მთლიანობაში ეს კრიტიკა ბუნებრივია, რადგან ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ქართული მასმედია დიდწილად მოწყვეტილია ქართულ საზოგადოებას, ნაკლებად გრძნობს და გამოხატავს მის ინტერესებს და შესაბამისად, საზოგადოების უდიდესი ნაწილიც უნდობლობით პასუხობს მას.


სწორედ ამის გამო ქართულ მედიას ბევრი აკრიტიკებს დღესაც; მათ შორის - ამ სიტყვების ავტორიც, რომელიც თავადაც ქართული მედიის ნაწილია და ცხადია, ინაწილებს პასუხისმგებლობას აღნიშნული რეალობის გამო;


მაგრამ თუ კრიტიკა მედიას ნამდვილად არ აკლია, ალბათ იგივეს ვერ ვიტყოდით კრიტიკულ ანალიზზე, რომელიც იმით განსხვავდება ბანალური კრიტიკის ან უპასუხისმგებლო ლანძღვისგან, რომ კრიტიკული ანალიზი, შედეგებთან ერთად, ცდილობს ამ შედეგების გამომწვევი მიზეზების და შეძლებისდაგვარად, გამოსავლის გზების მოძებნასაც.


ჩვენი მიმოხილვის ფორმატის გათვალისწინებით, ცხადია შეუძლებელია, პრეტენზია გამოვთქვათ ქართული მედიის პრობლემების სრულმასშტაბიან ანალიზზე ან ამ პრობლემების დაძლევის დეტალურ რეცეპტებზე, თუმცა ვფიქრობ, ერთ წერილსაც კი შეუძლია თავისი როლი შეასრულოს დისკუსიის გახსნის თვალსაზრისით.


ქართული მედიასაშუალებები, ისევე როგორც თავად ჟურნალისტები, ნამდვილად ბევრს სცოდავენ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით; თუმცა საინტერესოა, რეალურად რა ფაქტორები განაპირობებს ჟურნალისტის პროფესიონალიზმს და რამდენად სამართლიანია მთელი პასუხისმგებლობის უშუალოდ მედიაში დასაქმებულ ადამიანებზე დაკისრება, თუნდაც თავად ამ ადამიანების შეცდომების გამო?


მასობრივი მედიის ისტორიასა და თანამედროვეობაზე ელემენტარული თვალის შევლებაც კი დაგვანახებს, რომ მასმედია სინამდვილეში გაცილებით უფრო რთული და მრავალწახნაგოვანი სისტემაა, ვიდრე ტელესტუდია ან გაზეთის რედაქცია. მეტიც, - სტუდია და რედაქცია შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, როგორც გიგანტური აისბერგის ხილული მწვერვალი; მაშინ როცა აისბერგის უდიდესი ნაწილი ჩვენი თვალისგან დაფარულია.


ხარისხიანი ჟურნალისტიკისა და კარგი ჟურნალისტის ჩამოყალიბება იწყება არა ტელესტუდიაში ან ე. წ. ნიუსრუმში, არამედ... ალბათ მაინც უნივერსიტეტის აუდიტორიაში და დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, უპირველეს ყოვლისა - ისევ და ისევ განათლების ხარისხზე; შემდგომ - დასაქმების პერსპექტივაზე, სამუშაო პირობებზე, იმაზე, თუ რამდენად არის მედიაორგანიზაცია და მედიამენეჯერი დაინტერესებული ჟურნალისტის პროფესიული ზრდით და ა.შ.


მაგალითად, განსხვავებით იგივე დასავლეთის ქვეყნებისგან, სადაც მედია ზრუნავს ჟურნალისტის განვითარებაზე და წლების განმავლობაში თითოეულ კადრში სერიოზულ რესურსებს დებს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მისგან მედიასაშუალების "სახე" ჩამოყალიბდეს, საქართველოში, როგორც წესი, სიტუაცია პირიქითაა და მედიასაშუალება მიდრეკილია მოკლევადიან ეფექტზე.


აქ სისტემა ჯერ თავად იყენებს ახალგაზრდა ჟურნალისტის მთელ რესურსს - უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ რესურსებს და ცდილობს მაქსიმალურად „გამოწუროს“ თითოეული კადრი, სანამ იგი „საუკეთესო ფორმაშია“, ანუ ახალგაზრდაა. სხვათა შორის, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ არის თუნდაც იგივე ქართველი ტელესახეების საშუალო ასაკი ბევრად უფრო მცირე, ვიდრე დასავლურ მედიაში; ამ სწრაფი წარმატებით „თავბრუსხვევის“ მეორე მხარე იგივე ტელეჟურნალისტისთვის ის არის, რომ სისტემამ, როგორც წესი, უბრალოდ არ იცის რა მოუხერხოს მას, როცა იგი ახალგაზრდულ, ჭარბ ენერგიას და ფორმას დაკარგავს.


ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა სერიოზული სისტემური ხარვეზები და უბრალოდ თეთრი (ან შესაძლოა სულაც შავი) ლაქებია ჩვენს მედიაში, რის შედეგადაც, მიუხედავად გარეგნული პრესტიჟულობისა, რიგითი ქართველი ჟურნალისტის ყოველდღიური საქმიანობა ალბათ ერთერთი ყველაზე სტრესულია შრომის დანაწილების მთელ სპექტრში.


თუ ამ ხარვეზების მასშტაბებს გავაცნობიერებთ, დავინახავთ, რომ მთლიანობაში ალბათ შეუძლებელია გვქონდეს იმაზე უკეთესი მედია, ვიდრე რეალურად გვაქვს.


სინამდვილეში, ჩვენ დღეს ალბათ გვაქვს დაახლოებით ისეთივე ჟურნალისტიკა, როგორიც არის ჩვენი განათლების სისტემა, შრომის სტანდარტები, ზოგადი კორპორატიული ეთიკა და ა.შ.


რაც შეეხება უშუალოდ ჟურნალისტების პროფესიონალიზმის საკითხს, სამწუხაროდ, არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სხვა სფეროებში ეს ხარისხი უფრო მაღალია, თუმცა ჟურნალისტი უფრო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, რადგან - ჯერ ერთი, ჟურნალისტიკა ალბათ ყველაზე საჯარო საქმიანობაა და ჟურნალისტის ყველა შეცდომა ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში გადაიცემა; მეორეც, მედია ქმნის მასობრივი მოხმარების პროდუქციას და არასწორი სტრატეგიის პირობებში ეს მასობრივი პროდუქცია ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს მასობრივი განადგურების იარაღად.


დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიის და მათ შორის, კონკრეტული ჟურნალისტების შეცდომებზე ლაპარაკი აუცილებელია და ადეკვატური რეაქციის პირობებში კრიტიკამ შეიძლება სერიოზულად გააძლიეროს კრიტიკის ობიექტი; მაგრამ ყოველთვის, როცა საზოგადოების ინტერესებიდან გავაკრიტიკებთ მედიას და ჟურნალისტებს, ალბათ უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ თავად ჟურნალისტებიც ამ საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ;


შესაბამისად, კრიტიკის პარალელურად უნდა ვიფიქროთ იმაზეც, თუ რას ვაძლევთ და რა პირობებს ვუქმნით ჩვენ, როგორც საზოგადოება, რიგით ჟურნალისტს; ასევე იმაზეც, რა უნდა გამოვასწოროთ იმისთვის, რომ გვქონდეს უკეთესი მედია.


ზვიად ავალიანი
  • 67
  • 4778
0 Comments