წითელი ვერსია
  • 3
  • 3049

პოლიტიკური იარლიყების მთავარი ფორმულა და „იმედი“

27 ივლისი 2020

რაც უფრო ახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო რადიკალური და აგრესიული ხდება ქართული მედიაგარემო და აგრესიულები ხდებიან ცალკეული მედიასაშუალებებიც − როგორც ერთმანეთის, ისე მთლიანად, საზოგადოების მიმართ. სხვა სიმპტომებთან ერთად მედიაში განსაკუთრებით ძლიერდება პოლიტიკურ ძალებსა თუ რიგით მოქალაქეებს შორის „მტრების“, „ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების“ „ძიების“, „აღმოჩენისა“ და „ლუსტრაციის“ პროცესი.


ასეთ დროს საქართველოში, ტრადიციულად, „ეფექტიანად“ მუშაობს პრორუსულობის იარლიყი, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკური ძალები და მათი მოკავშირე მედიასაშუალებები ცდილობენ ამომრჩევლის გულის მოგებასა და იმის დამტკიცებას, რომ სხვა პოლიტიკური ძალისთვის ხმის მიცემის შემთხვევაში ქვეყანა კრემლის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება.


აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ბერკეტად „პრორუსულობის“ გამოყენების სტრატეგიაში ქართული მედია აქტიურად ჩაერთო 2007 წლის 7 ნოემბრიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი და პოლიტიკურ ოპოზიციას რუსეთთან „კავშირში“ დასდეს ბრალი. მაშინ მოღალატეებად გამოცხადდნენ არა მხოლოდ ოპონენტები, არამედ მოღალატედ იქცა ყველა მოქალაქე, ჯგუფი თუ მედიასაშუალება, რომელიც ხელისუფლების ობიექტური თუ სუბიექტური კრიტიკით იყო დაკავებული.


2007 წელს სააკაშვილის მთავრობას სწორედ ამ ბრალდებებმა მისცა უკანონო ნაბიჯების გადადგმისა და საკუთარი მხარდამჭერების თვალში ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური მედიასაშუალების დახურვის გამართლების შესაძლებლობა.


ამ დროიდან მოყოლებული, პრორუსულობის იარლიყის მიკერება იქცა სააკაშვილის გუნდის მთავარ იარაღად მეტოქეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება მედიას, „რუსთავი 2“, იმდროინდელი პირველი არხი და შემდეგ უკვე „იმედიც“ პროსახელისუფლებო პროპაგანდის ძირითად წყაროებად ჩამოყალიბდნენ და შეხმატკბილებულად ამტკიცებდნენ, რომ ნებისმიერი ოპოზიციის შემთხვევაში საქმე გვქონდა აგენტურასთან, რუსეთის ჯაშუშებთან და ქვეყნის მოღალატეებთან, ხოლო ხელისუფლების მიერ მათ მიმართ გადადგმული აგრესიული ნაბიჯები „რუსული საფრთხის“ გასანეიტრალებლად იყო საჭირო.


დღეს უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებები, თუმცა მიუხედავად ამისა, პრორუსულობის იარლიყის დახმარებით სააკაშვილმა შეძლო ოპონენტების დისკრედიტაცია ან დაჭერა, ისევე, როგორც შეძლო დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დახურვა ან მათზე კონტროლის დამყარება და საბოლოო ჯამში, ძალაუფლების 2012 წლამდე შენარჩუნება.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებამ ბევრს გაუჩინა იმედი, რომ პრორუსულობის, როგორც იარლიყის, გამოყენება წარსულს ჩაბარდებოდა და მედიაც შეწყვეტდა მის წარმოებას; თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა და „იდეოლოგებმა“ არჩევნების შემდეგ მალევე გადაინაცვლეს მედიასა და არასამთავრობო სექტორში და უკვე იქიდან, იმავე ბრალდების გამოყენებით შეუტიეს „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, პრორუსულობის იარლიყი, როგორც პოლიტიკური ბერკეტი, კვლავ აქტუალური დარჩა და მედიამაც გააგრძელა მისი კულტივაცია.


მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები დღესაც აქტიურად სდებენ ბრალს ქართული ოცნების ხელისუფლებას კრემლთან გარიგებასა და თანამშრომლობაში. რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ოპოზიციურად განწყობილმა ტელეარხებმა ამ კამპანიაში ჩაითრიეს „ტელეიმედიც“, რომელიც თავის დროზე ყველაზე მეტად დაზარალდა პრორუსულობის იარლიყისგან.


ეს ტენდენცია, ალბათ, იმან განაპირობა, რომ პოლიტიკურ დონეზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავადაც ვერ გაუძლო პრორუსულობის იარლიყის მიკერების ცდუნებას და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თვითონაც დაიწყო მისი გამოყენება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ოცნების“ ხელისუფლებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აქტიურად იყენებდა პრორუსულობის ბრალდებას ოპონენტების წინააღმდეგ, თუმცა ის არ ყოფილა ერთადერთი.


მოგვიანებითაც, კრიტიკულ და გადამწყვეტ სიტუაციებში, რაც უფრო იძაბებოდა ვითარება, სულ უფრო ხშირად იყენებდა „ოცნების“ ხელისუფლება პრორუსულობის ბრალდებას და საბოლოოდ ეს ტენდენცია აისახა ნაციონალური მოძრაობის პარტიული გავლენისგან თავისუფალი მედიასაშუალებების, მათ შორის, „იმედის“ მუშაობის სტილზეც.


ასეა თუ ისე, დღეს იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრორუსულობის იარლიყის გამოყენებით ოდესღაც დარბეული და დახურული ტელევიზია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ ტელევიზიებს სულ უფრო ხშირად უპირისპირებს „მათსავე იარაღს“. შესაბამისად, „იმედის“ ეთერში ხშირად საუბრობენ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურ წარსულსა და იმ ფაქტებზე, რაც მათ რუსეთთან ან საბჭოთა კავშირთან აკავშირებთ; ხშირად გვესმის ბრალდებები, რომ ოპოზიციის ესა თუ ის ლიდერი პირდაპირ ლობირებს რუსეთის ინტერესებს და ა.შ.


აღსანიშნავია, რომ თუნდაც იმავე „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით გამოთქმულ ასეთ ბრალდებებში ზოგჯერ, შესაძლოა, მართლაც არსებობდეს მყარი არგუმენტები, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში მათი ძირითადი დანიშნულება მაინც პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციაა; მეორე მხრივ, შიდაპოლიტიკური ბრძოლის ასეთი სტილი უკიდურესობამდე ამძაფრებს ქართულ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ ობიექტური გარემოებებით განპირობებულ შიშსა და უნდობლობას, რაც კიდევ უფრო ძაბავს ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ სიტუაციას და ნოყიერ ნიადაგს უქმნის ვითარების ესკალაციას.


არჩილ სიხარულიძე
  • 3
  • 3049
0 Comments