წითელი ვერსია
  • 0
  • 4829

პარტიიდან არასამთავრობო სექტორში და უკან

13 სექტემბერი 2020

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკა მედიაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს. წამყვანმა არხებმა, ფაქტობრივად, უკვე წარმოადგინეს საეთერო ბადეში დაგეგმილი სიახლეები, რომლებიც კონკრეტულად არჩევნებზე იქნება ორიენტირებული და, მედიის მესვეურთა განმარტებით, საზოგადოებას არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.


ამასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები საარჩევნო რეჟიმში იძულებული არიან, კიდევ უფრო შეუნიღბავად გამოამჟღავნონ თავიანთი სიმპათია-ანტიპათიები და ღიად ჩაებან წინასაარჩევნო კამპანიაში. აქედან გამომდინარე, ხილული გახდა და დადასტურდა ბევრი „უხილავი კავშირი“ მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, თუმცა მომავალი ორი თვის მანძილზე, სავარაუდოდ, კიდევ მეტ ლუსტრაციას უნდა ველოდეთ.


ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ტენდენცია, რომელიც მკაფიოს ხდის კავშირებს ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის, რომლებიც აქტიურობენ არა მხოლოდ „პარტიული ხაზით“, არამედ ჩამოყალიბებული აქვთ მედიისა თუ სხვა სფეროებში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.


ეს ორგანიზაციები, როგორც წესი, პარტიის „გაგრძელებას“ წარმოადგენენ და მათ შორის „კადრების გაცვლაც“ საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. „გაცვლითი“ პროცესები მეტწილად საარჩევნო პერიოდებში ხდება და ასე მოხდა ამჯერადაც. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ქართული არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი „ელიტარული“ წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას შემოსვლა საეთერო ბადეში.


ქუთელია, რომელსაც მიხელ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა, ხოლო ერთ ხანს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედაც მუშაობდა, ამჟამად ერთ-ერთი ცნობილი და კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ დირექტორია.


უცხოეთთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას კარგი კავშირები აქვს დასავლეთში და, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, მას ნამდვილად შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საქართველოს პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის გაძლიერებაში, თუმცა, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პარტიული მუშაკები არ არსებობენ და პარტიის ინტერესებს ისინი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ.


აღსანიშნავია, რომ ქუთელიას სახელს უკავშირდება ამ რამდენიმე თვის წინ გახმაურებული სკანდალი. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბრალი დასდეს აშშ-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების ლობირებაში და იმაში, რომ „ატლანტიკური საბჭოს“ თანამდებობასა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსს ის პარტიული პიარკამპანიის საწარმოებლად იყენებდა.


„ქართული ოცნების“ დეპუტატმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიმდინარე წლის 3 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უჩვენა 2019 წლის ოქტომბრით დათარიღებული ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯისსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრობას“ შორის. ამ დოკუმენტში საკონტაქტო პირად სწორედ ბათუ ქუთელია იყო მითითებული.


საინტერესოა, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აშშ-ში საქართველოს საელჩო და უშიშროების საბჭო სწორედ ამ ორგანიზაციას უხდიდნენ ფულს საქართველოს ინტერესების ლობირებისთვის.


სხვათა შორის, ყოფილმა მმართველმა პარტიამ საკონტაქტო პირად ქუთელიას მითითება შეცდომად შეაფასა, ხოლო თავად ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ არ არის არცერთი პარტიის წევრი ან ლობისტი. აღსანიშნავია ისიც, რომ „ელიტარული“ არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებმა ამ სკანდალს მოულოდნელი „უსიამოვნება“ უწოდეს და, ჩვეულებისამებრ, ყველა მხარეს მოუწოდეს, შეეწყვიტათ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია. ამ გზავნილის მთავარი ადრესატი, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო, რომელიც, მათი თქმით, მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა საზოგადოებაში არასამთავრობო სექტორისადმი უნდობლობის დასათესად.


მიუხედავად ყოფილი დიპლომატისა და პოლიტიკოსის მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის უარყოფისა, 31 აგვისტოს „მთავარ არხზე“ გასულმა ანონსმა ნათელი გახადა, რომ ქუთელია, შესაძლოა, ფორმალურად არ იყოს პარტიის წევრი, მაგრამ კვლავაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მუშაობს და მისი პოლიტიკური სიმპათიებიც ამ პარტიისა და მისი „მოძმე“ ტელეარხის მხარეზეა.


ცნობისთვის: „არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი“ ბათუ ქუთელია ახალ სამაუწყებლო სეზონში „მთავარ არხზე“ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან ერთად გაუძღვება ახალ გადაცემას − „მთავარი მსოფლიოში“. „მთავარი არხი“, მიხეილ სააკაშვილის ძირითადი მედიადასაყრდენისა და იმდროინდელი პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „რუსთავი 2“-ის პირდაპირი მემკვიდრე, დღეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გამოხატავს.


კაცმა რომ თქვას, ბათუ ქუთელია არც აქამდე გამოირჩეოდა დაბალანსებული რიტორიკით და აქტიურად იყო ჩართული „მთავარი არხის“ საექსპერტო ანალიზში, რომელსაც ყოველთვის ერთი დასკვნა ჰქონდა: ქუთელიას შეფასებით, სააკაშვილის მთავრობა იყო პატრიოტული და პროდასავლური, ხოლო „ქართული ოცნება“ არის მოღალატეობრივი და პრორუსული ძალა.


ახლა, როდესაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ანუ მწვავე პოლიტიკურ სეზონში, ბათუ ქუთელია მთავარი ოპოზიციური არხის სამაუწყებლო ბადეში აღმოჩნდა, საბოლოოდ გაირკვა, რომ მისი დროებითი „პარტიული ნეიტრალიტეტი“ მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორის სახელით ეწარმოებინა არაპოპულარული პარტიის პოზიციების დაცვა. არჩევნებამდე ქართული საზოგადოება, სავარაუდოდ, კიდევ არაერთ პარტიულ მუშაკს აღმოაჩენს, ვინც ტაქტიკური მოსაზრებების გამო რაღაც ეტაპზე თავი არასამთავრობო სექტორს „შეაფარა“, მაგრამ იქიდანაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პროპაგანდას აწარმოებდა.


არჩილ სიხარულიძე
  • 0
  • 4829
0 Comments