წითელი ვერსია
  • 2
  • 9635

მორიგი საინფორმაციო შტურმი საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ

16 თებერვალი 2021

რას ემსახურებოდა სინოდის 11 თებერვლის სხდომის წინ მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი? რატომ „აბობოქრდა“ ერთდროულად რამდენიმე მედიასაშუალება და რა კონკრეტული მიზანი აქვს საქართველოს ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამების, დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და უხამსი შეურაცხყოფის ნიაღვარს, ჩვენს მედიაში ასე რომ გახშირდა?


ფორმალურად, მორიგი კამპანია ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაცია „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადებით დაიწყო. 8 თებერვალს ასოციაციის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 11 თებერვლისთვის დანიშნულ სინოდის სხდომაზე „რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით“ იგეგმებოდა კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენება.


ინფორმაციის წყარო „ექსპერტთა ასოციაციას“ არ გაუმხელია, თუმცა ასახელებდა „გადატრიალების“ სულისჩამდგმელს − მოსაყდრე შიოსა და მის გარემოცვას. „გადატრიალების“ მოტივად მოჰყავდათ „რუსეთის შურისძიება მიტროპოლიტ გერასიმე შარაძენიძის განცხადების გამო“. „ექსპერტები“ მეუფე შიოს მოუწოდებდნენ, ნებაყოფლობით დაეტოვებინა მოსაყდრის თანამდებობა.


ცნობისთვის: „რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია“ ორი წლის წინ დააფუძნეს გიორგი ტიგინაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა.


ტიგინაშვილი თავს თეოლოგს უწოდებს, თუმცა საზოგადოება მას საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული განცხადებებით უფრო იცნობს, ვიდრე ღვთისმეტყველად. ორგანიზაციის ოფიციალური ვებსაიტიცა და ფეისბუკის გვერდიც ცხადყოფენ, რომ ასოციაცია მკვეთრად სუბიექტური შეფასებებით გამოირჩევა, ხოლო მისი ექსპერტიზის ძირითადი მომხმარებლები ის მედიასაშულებები არიან, რომლებიც არ მალავენ თავიანთ პოლიტიკურ კავშირებს ყოფილ მმართველ ძალასთან.


„რელიგიის ექსპერტთა“ მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც შეთქმულების თეორიას უფრო მოგვაგონებს, ხალისით აიტაცა რამდენიმე ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ.


არადა, მალევე გაირკვა, რომ „თეოლოგიის ექსპერტებმა“ გაავრცელეს ბანალური ჭორი, რომლითაც სამი მთავარი ოპოზიციური არხი მთელი ორი დღე „კვებავდა“ მაყურებელს. ორდღიანი ხმაურის შემდეგ „ექსპერტებმა“ თავიანთი მოქმედება „პრევენციის“ სურვილით ახსნეს.


რამდენად აქვს ასოციაციას მორალური უფლება, ანონიმური წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატაროს „მოდელირებული ქრონიკის“ ჟანრში შესრულებული სოციალური ექსპერიმენტი? ამ შეკითხვაზე პასუხი გაგვიადვილდება, თუ გავიხსენებთ, რომ დეზინფორმაცია ამ ორგანიზაციას უწინაც გაუვრცელებია.


მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მედიასაშუალება მას უაპელაციოდ ენდობა და მის წევრებს „ექსპერტებად“ წარმოგვიდგენს. ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო იერიში ამით არ ამოწურულა. სინოდის სხდომამდე მედია სხვა გადაუმოწმებელ და დაუზუსტებელ ცნობებსაც მრავლად ავრცელებდა.


მაგალითად, გვაუწყებდნენ, თითქოს სხდომაზე ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთდნენ ჭყონდიდის ყოფილ ეპისკოპოსს პეტრე ცაავას, დაგმობდნენ და არაეკლესიურად გამოაცხადებდნენ ვაქცინაციას კორონავირუსის წინააღმდეგ, მიიღებდნენ „სკანდალურ“ გადაწყვეტილებას დავით გარეჯისა და „კარტოგრაფების საქმის“ თაობაზე და ა.შ.


თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყოველივე ამის უკან ისევ და ისევ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია“ და ჭყონდიდის აწ უკვე ყოფილი ეპისკოპოსი იდგნენ. პეტრე ცაავამ ტელეეთერშიც რამდენჯერმე გამოთქვა უმძიმესი ბრალდებები ეკლესიის მისამართით და პატრიარქის განკვეთასაც კი მოითხოვდა.


სინოდის 11 თებერვლის სხდომამ სრულიად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და არცერთი წინასწარ გამოცხადებული სკანდალი არ შედგა. არც პეტრე ცაავა განუკვეთავთ ეკლესიიდან. სინოდმა გადაწყვიტა, მისი საქმის შესწავლა საგანგებო კომისიას დაავალოს. არადა, ყოფილი მიტროპოლიტი რამდენიმე დღის მანძილზე ამტკიცებდა, რომ „ცრუ ეპისკოპოსების შანტრაბა“ მას აუცილებლად დასჯიდა.


ცნობისათვის: პეტრე ცაავა პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის უკვე წელიწადზე მეტია, სასჯელდადებულია სინოდის მიერ: მას აუკრძალეს მღვდელმოქმედება, გაათავისუფლეს ეპარქიის მმართველობისგან და მოსანანიებლად მონასტერში გაამწესეს.


სინამდვილეში ყოფილი მეუფე არც მონასტერში წასულა და არც სკანდალური და, როგორც წესი, დაუსაბუთებელი ბრალდებების გამოთქმა შეუწყვეტია კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ.


ამ განცხადებებისა და, საერთოდ, პეტრე ცაავას პოპულარიზაციაში მთავარ როლს ადრეც ჩვენ მიერ ნახსენები მედიასაშუალებები ასრულებდნენ და მათ საკუთარ თავს არც ამჯერად უღალატეს: ცაავა ოპოზიციური არხების კიდევ უფრო ხშირი სტუმარი გახდა, კარტ-ბლანში მიიღო და პატრიარქისა და სინოდის შეურაცხყოფაში საკუთარ თავსაც კი აჯობა.


თუ გავითვალისწინებთ ეკლესიის მიმართ საზოგადოების მაღალ ნდობას, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ შეთანხმებასა და იმ როლს, რომელსაც ეკლესია ასრულებდა და ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში, სრულიად ბუნებრივია მედიის დიდი ინტერესი საპატრიარქოსა და სინოდის სხდომების მიმართ.


ამ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის ბოლო ხანს ეკლესიის ირგვლივ მომხდარი რამდენიმე სკანდალი, თუნდაც იმავე „ციანიდის საქმის“ ფონზე. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მედიამ საზოგადოებას, ფაქტობრივად, ვერ მიაწოდა ვერავითარი ახალი ინფორმაცია, ვერ შესთავაზა ეკლესიაში მიმდინარე პროცესების საფუძვლიანი ანალიზი.


ვრცელდება მხოლოდ საეჭვო წყაროებისგან მიღებული ცნობები, რომელთა მიზანიც, როგორც წესი, არის არა საზოგადოებისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდება, არამედ კონკრეტული მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების დისკრედიტაცია.


იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური არხების მხრიდან ეკლესიისადმი ამგვარი, პროვოკაციაზე ორიენტირებული და არაჯანსაღი ინტერესის მიზეზიც და მიზანიც პოლიტიკურია, ხოლო სკანდალური საინფორმაციო კამპანიები იმით შეიძლება აიხსნას, რომ ამ გზით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები მათთვის მიუღებელი სასულიერო იერარქების დისკრედიტაციას ცდილობენ და საამისოდ აქტიურად იყენებენ მოკავშირე მედიას.


ამას ადასტურებს ისიც, რომ ტელევიზიებს, რომლებიც კვირაში რამდენიმეჯერ გვთავაზობენ მორიგ „სკანდალს“ ამა თუ იმ სასულიერო პირის მატერიალურ ქონებაზე, პოლიტიკურ მიკერძოებასა და ახალგაზრდობის წლებში თითქოსდა ჩადენილ დანაშაულზე, არასდროს გასჩენიათ მსგავსი კითხვები იმავე პეტრე ცაავას მისამართით, რომელიც არასოდეს ითვლებოდა პოლიტიკურად მიუკერძოებელ მღვდელმთავრად.


ლელა კურდღელაშვილი
  • 2
  • 9635
0 Comments