წითელი ვერსია
  • 1
  • 3063

მედიის „კრიმინალური სტრატეგია“

27 ივლისი 2020

საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ, იქიდან გამომდინარე, რომ ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული ოპოზიციური ძალები ვერ ახერხებენ, პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას, მათი სამოქმედო სტრატეგია ხდება მოკავშირე ტელევიზიების მეშვეობით მაქსიმალურად შემაძრწუნებელი რეალობის დახატვა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიტანა, რათა მაყურებლის ცნობიერებაში მოახდინონ ამ ინსტიტუტების დელეგიტიმაცია და ამ ფონზე, თუნდაც „ნაკლები ბოროტების“ სახით, მოიპოვონ რევანშის შანსი.


ჯერ კიდევ კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე მწვავე ფაზაში „მთავარი არხი“ და ტვ „პირველი“ ღიად უპირისპირდებოდნენ ჯანდაცვის სექტორს, ცდილობდნენ, შეერყიათ ექიმებისა და სახელმწიფოს ავტორიტეტი და ნერგავდნენ უნდობლობას ხელისუფლების მიერ ეპიდემიასთან ბრძოლისთვის არჩეული ყველა საშუალების მიმართ.


ამ სტრატეგიამ არ გაამართლა, რადგან ქართულმა სახელმწიფომ ეპიდემიასთან ბრძოლას ეფექტიანად გაართვა თავი და ასევე აგრძელებს ბრძოლას დღემდე; ამიტომ რაღაც ეტაპზე ე.წ. „ოპოზიციური სპექტრი“ იძულებული გახდა, ახალი სტრატეგია შეემუშავებინა. ეს ახალი სტრატეგია არის ნებისმიერი კრიმინალური ქმედების პოლიტიკურ დანაშაულად „შეფუთვა“ და მასთან ხელისუფლების დაკავშირება.


ამ სტრატეგიის არჩევის შემდეგ „მთავარმა არხმა“, რომელიც არც მანამდე გამოირჩეოდა ეთიკური ჟურნალისტიკით, ფაქტობრივად, საერთოდ დაკარგა მედიისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება და ახლა მოქმედებს არა როგორც მედიასაშუალება, არამედ, როგორც ვირტუალური რეალობის სიმულატორი: აწარმოებს ალტერნატიულ გამოძიებებს, ფაქტების სრული უგულებელყოფით დამნაშავეებად აცხადებს კონკრეტულ პირებს, ნერგავს უნდობლობას ნებისმიერი საგამოძიებო პროცესის მიმართ, ახდენს ტრაგედიების მონეტარიზაციას და პოლიტიკური ნიშნით კონვერტაციას.


მედიაში შექმნილი ეს კატასტროფული სიტუაცია მოიტანა გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლების ფეტიშმა და იმ მიდგომამ, რომ, რაკი ჟურნალისტი თავის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეუხებელია, თითქოს არავინ უნდა არეგულირებდეს თავად „სატელევიზიო ჰიგიენას“.


მეტიც: ზოგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან თუ „მედიაექსპერტისგან“, ხოლო ზოგჯერ თვით სახალხო დამცველისგანაც კი, დღემდე ვისმენთ გაუგებარ მტკიცებას, რომ მედია თვითრეგულირებადი სფეროა და რომ მასში არავითარი შესწორება არ უნდა შედიოდეს, როგორც ჩანს მაშინაც კი, როდესაც ის ღირსებას ულახავს კონკრეტულ ადამიანებს ან ტრაგედიებით პოლიტიკურ ვაჭრობას ეწევა.


ასეთი მხარდაჭერით გათამამებული „კრიტიკული მედიაც“ სულ უფრო რადიკალური ხდება და სულ უფრო მოურიდებლად აწარმოებს კრიმინალური ქმედებებისა და ადამიანური ტრაგედიების თეატრალიზებას.


მაგალითად, 21 ივნისს „მთავარ არხზე“ გაუშვეს ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი კადრები, სადაც სიუჟეტის პათოსი ის იყო, თითქოს სახელმწიფომ ეს დანაშული ვერ აღკვეთა და პოლიცია ცუდად მუშაობს.


მანამდე, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში მაყურებელმა იხილა ტვ „პირველის“ სიუჟეტი, რომელიც გვაჯერებდა, რომ გლდანში პოლიციელებმა ნაგვის ურნაში ჩააგდეს ჩვილი ბავშვის გვამი. აქ გვეუბნებოდნენ არა მხოლოდ იმას, რომ პოლიცია ცუდად მუშაობს, არამედ იმას, რომ პოლიცია თავად არის ჩაბმული კრიმინალურ საქმიანობაში.


აღსანიშნავია, რომ ამ სიუჟეტში ბავშვის უფლებებიც დაირღვა, რადგან ჟურნალისტმა არასრულწლოვანი მოზარდი მშობლის ნებართვისა და თანდასწრების გარეშე ჩაწერა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ შედგა მოკვლევა და ეთერში გამოთქმული ბრალდების სიყალბე ფაქტებით დადასტურდა.


ამის შემდეგ დატრიალდა გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია, რომლის გაშუქების დროსაც „მთავარი არხი“ ღიად უპირისპირდება არა მხოლოდ სახელმწიფოსა და გამოძიებას, არამედ დაღუპული ახალგაზრდის ოჯახსაც, რომელმაც სახალხო დამცველსაც კი მიმართა ამ ტელევიზიისგან წამოსული ბულინგისგან დაცვის თხოვნით, მსხვერპლის დედამ კი გაავრცელა საჯარო წერილი, სადაც „მთავარ არხს“ და მთლიანად მედიას მოუწოდა, შეწყვიტონ პოლიტიკური მანიპულაციები.


მიუხედავად ამისა, შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პარალელურად, „მთავარმა არხმა“ დაიწყო „ალტერნატიული გამოძიება“, რომელიც ეყრდნობა არა ფაქტებს, არამედ ნიკა გვარამიას „დედუქციურ უნარებს“. „მთავარის“ მიერ ამ საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ ყველა სიუჟეტსა თუ გადაცემას ერთი მიზანი აქვს: გააჩინოს ილუზია, თითქოს პროკურატურა საქმეს არ იძიებს და თითქოს ახალგაზრდის მკვლელობაში მაღალი თანამდებობის პირები არიან გარეული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ „მთავარი“ (ისევე, როგორც ტვ „პირველი“ და ზოგჯერ „ფორმულაც“) ცდილობს, შაქარაშვილის მკვლელობა იმავე ტიპის საქმედ წარმოგვიდგინოს, როგორიც იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, რომელშიც მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული.


„კრიტიკულმა სამეულმა“ ანალოგიური სცენარით დაიწყო ინფორმაციის გავრცელება 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში ნაპოვნი გარდაცვლილი გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ. ხსენებულმა ტელევიზიებმა უკვე დაიწყეს მომხდარის პოლიტიზება, უსაფუძვლო ბრალდებების გამოთქმა და სახელმწიფო ინსტიტუტების ავტორიტეტის შელახვა. ამასთანავე, ნეგატიური ემოციების გასაძლიერებლად და ჟურნალისტური ეთიკის ყველა პრინციპის უგულებელყოფით ჩვენ თვალწინ მკვიდრდება ადამიანური ტრაგედიის ყველაზე მძიმე კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენების ტენდენციაც.


„ოპოზიციური მედიასაშუალებების“ მოქმედების ახლებური სტრატეგია მარტივი და, ამავე დროს, ცინიკურია: მოხდება თუ არა ქვეყანაში მძიმე დანაშული, ისინი მყისიერად იწყებენ სახელმწიფო ინსტიტუტების დადანაშაულებას, საგამოძიებო უწყებების დისკრედიტაციას, საზოგადოებაში დაუცველობისა და უნდობლობის განცდის დანერგვას, მმართველი გუნდის წევრების სახელების ხსენებას და ასოციაციურად თუ პირდაპირ, მომხდართან მათ დაკავშირებას.


ცხადია, ყოველივე ეს ვერავითარ მედიასტანდარტში ვერ ჯდება. დღეს „მთავარი არხი“ და ტვ „პირველი“, ფაქტობრივად, არც არიან ობიექტური ან, თუნდაც, სუბიექტური მედიასაშუალებები. დღეისთვის ისინი ოპოზიციური პარტიის პრესსამსახურებს უფრო წარმოადგენენ, რომლებიც „ფეიკ ნიუსის“ გავრცელებითა და რეალობის გაყალბებით არიან დაკავებული.


  • 1
  • 3063
0 Comments