წითელი ვერსია
  • 0
  • 3446

მ ო ა ბ ი ლ ი ზ ა ?!

01 ნოემბერი 2021

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XVIII)


ამ ბოლო დროს ჩვენს მასმედიაში ახალი სიტყვა გაჩნდა - „მოაბილიზა“, რომელიც „მობილიზება“ სახელზმნის მცდარი პირიანი ფორმაა, თუმცა მთელი თავისი გროტესკულობის მიუხედავად უსწრაფესად გავრცელდა და ერთგვარ მოდურ სიტყვადაც კი იქცა – მას ძალიან ხშირად გაიგონებთ და წაიკითხავთ.


ვნახოთ ამ ახალშობილი გრამატიკული ფორმის გამოყენების რამდენიმე მაგალითი:


„ცნობილია იმ პირების ვინაობა, ვინც ევროკავშირთან პარტაქტივი მოაბილიზა (mtavari.tv, 23.10.2021);


„'ქართული ოცნების' წევრებმა კლინიკის ეზოში აგარის საკრებულოს წარმომადგენლები მოაბილიზეს (mtavari.tv, 16.09.2021);


„ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ‘ოცნებამ' გორში ცოცხებით მოაბილიზა (mtavari.tv, 15.10.2021);


„‘ოცნებამ’ აგრესიული პარტაქტივი და ზუგდიდის საკრებულოს წევრები მოაბილიზა (mtavari.tv, 14.10.2021);


„სკოლების დირექტორებს, რომლებმაც ‘ოცნებისთვის’ ხმების სასურველი რაოდენობა ვერ მოაბილიზეს, ათავისუფლებენ“ (mtavari.tv, 14.12.2020);


„მშვიდობიანი აქციისთვის სპეც.რაზმი სრული აღჭურვილობით მოაბილიზეს (mtavari.tv, 31.10.2021);


ყველა ეს მაგალითი „მთავარი არხის“ ვებგვერდიდან და ფეისბუკგვერდიდან არის დამოწმებული – „მთავარი“ ამ მხრივ აშკარად პირველობს, თუმცა სცოდავენ სხვა მედიასაშუალებებიც და მათ შორის, აღნიშნული შეცდომა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზეც შეიძლება ვიპოვოთ:


„გერმანიამ პოლონეთის საზღვართან დამატებით 800 პოლიციელი მოაბილიზა (1tv.ge, 25.10.2021).


ამ წინადადებას კი ტელეკომპანია „ფორმულის“ ფეისბუკგვერდზე ვნახავთ:


„‘ოცნებამ’ მარნეულში აქციის აღსაკვეთად და საკუთარი მოსახლეობის დასარბევად სპეცრაზმი მოაბილიზა (formula.ge, 28.09.2021);


რატომ არის „მოაბილიზა“ მცდარი? – იკითხავს მავანი, – თუკი შესაძლოა ითქვას „მოაგვარა“, „მოამზადა“, „მოარჯულა“, „მოაბილიზამ“ რაღა დააშავა?!


„მოაგვარა“, „მოამზადა“ და „მოარჯულა“ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ აწმყო დროში ითქმის: „აგვარებს“, „ამზადებს“ და „არჯულებს“, მაგრამ ასეთივე შესატყვისი არ მოეპოვება „მოაბილიზა“-ს – „აბილიზებს“ არაფერსაც არ ნიშნავს, თუმცა აქ უკვე შეიძლება მივხვდეთ, რომ „მოაბილიზა“-ს გაჩენას კურიოზულ ლინგვისტურ არაკომპეტენტურობას უნდა „ვუმადლოდეთ“ – უცხო ენიდან შემოსული „მობილიზების“ „მო-“ ქართულ „მო-“ ზმნისწინად არის მიჩნეული და მასთან არის გათანაბრებული!


სინამდვილეში „მობილიზება“ ლათინური წარმომავლობის სიტყვაა და მისი პირველი მარცვალი „მო“ მას, ცხადია, სხვა ენებშიც გადაჰყვება (ინგლ. Mobilization, ფრანგ. Mobilisation, გერმ. Mobilmachung, რუს. Мобилизация).


მობილიზაცია/მობილიზებას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, რაც სათანადოდ არის ასახული ლექსიკონებში. ჩვენ ამჯერად მისი ეს მნიშვნელობა გვაინტერესებს:


„ძალების ან სახსრების თავმოყრა რაიმე ამოცანის, მასობრივი ღონისძიების წარმატებით შესასრულებლად“ (მიხეილ ჭაბაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“).


რაკი სიტყვის მნიშვნელობა დავაზუსტეთ, ახლა ისიც ვთქვათ, როგორ უნდა გასწორდეს ზემოთ ციტირებული ეს ფრაზა:


„ცნობილია იმ პირების ვინაობა, ვინც ევროკავშირთან პარტაქტივი მოაბილიზა“.


გამართული ქართულით ეს ასე შეიძლება ითქვას:


„ცნობილია იმ პირების ვინაობა, ვინც ევროკავშირთან პარტაქტივის მობილიზებას ხელმძღვანელობდნენ“.


„მოაბილიზეს“ ნაცვლად შესაძლოა გამოვიყენოთ აგრეთვე „მობილიზება შეძლეს“, „მობილიზება მოახერხეს“, „მობილიზება ითავეს“ და სხვ.


რაც შეეხება ფრაზას „გერმანიამ პოლონეთის საზღვართან დამატებით 800 პოლიციელი მოაბილიზა“ – იგი შეგვიძლია ასეთნაირად გავასწოროთ: „გერმანიამ პოლონეთის საზღვართან დამატებით 800 პოლიციელის მობილიზება მოახდინა, ხოლო თუკი ვინმეს აქ რაიმე მიზეზით „მობილიზება მოახდინა“ არ მოეწონება, შეუძლია ამ წინადადებით გამოთქმული აზრი ასე გამოხატოს: „გერმანიამ პოლონეთის საზღვართან დამატებით 800 პოლიციელი გაგზავნა [გადაისროლა, მიავლინა...]“.


ბოლოს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავიმეოროთ: „მოაბილიზა“ ისეთივე უხეში შეცდომაა როგორიც იქნებოდა „აბილიზებს“ ან „ბილიზდება“, რომლებიც, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არსად შემინიშნავს.


PS.


დავწერე ეს ბოლო ფრაზა და გავიფიქრე: მოდი, ყოველი შემთხვევისთვის ამ ორ ფორმასაც ჩავწერ ინტერნეტსაძიებელში, რათა მყარად დავრწმუნდე მათ შეუძლებლობაში-მეთქი, და... საძიებელმა ცხრა „ბილიზდება“ და ორი „აბილიზებს“ ამომიგდო!.. ვიცი ეს წვეთია ოკეანეში, მაგრამ... სიმპტომია – რაღაც ერთობ არასასურველი ენობრივი დაავადების სიმპტომი.


ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 3446
0 Comments