წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 2346

კვლავაც უცხო სიტყვების თაობაზე

05 ნოემბერი 2025

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!


(ნაწილი L)


უცხო ენებიდან ნასესხებ სიტყვებზე ბევრჯერ გვისაუბრია. გვითქვამს, რომ ის უცხო სიტყვა, რომელიც მიმღებ ენაში მკვიდრდება, მთლად იმავე მნიშვნელობის აღარ არის, რა მნიშვნელობაც მის „ადგილობრივ“ შესატყვისს აქვს. თუ ასე არ იქნა, სხვა ენიდან შემოსული სიტყვა დიდხანს ვერ ძლებს უცხო გარემოში.


ქართულ საჭადრაკო ლიტერატურაში ერთ დროს გავრცელებული „გროსმაისტერი“ არც სემანტიკური და არც სტილისტიკური მხრივ არ განსხვავდებოდა ქართული „დიდოსტატისგან“, ამიტომ ვერ გაუძლო მის კონკურენციას და დატოვა ჩვენი ენის ასპარეზი.


სამაგიეროდ, თუ უცხო სიტყვის მეოხებით ენამ ისეთი ნიუანსის გამოხატვა შეძლო, როგორსაც მისი ადგილობრივი შესატყვისი ვერ ახერხებს, ასეთ უცხო სიტყვას ენას ხელიდან ვეღარ გამოგლეჯ – ამ დროს „მოსულიც“ და „დამხვედრიც“ გვერდიგვერდ კოლეგიალურად აგრძელებენ არსებობას.


მაგალითად, მოითხოვენ უარი ვთქვათ „ინსპირაციაზე“, ვინაიდან გვაქვს მშვენიერი ქართული სიტყვა „შთაგონება“. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ „შთაგონება“ მარტო ინსპირაცია როდია, ის შეიძლება „სუგესტიის“ (ჰიპნოზის) მნიშვნელობათაც იხმარებოდეს. ამ ვითარებაში „ინსპირაცია“ გვარიდებს ორაზროვნებას და ამით ინარჩუნებს ის თავის ადგილს ჩვენი „შთაგონების“ გვერდით.


ენაში მოქმედებს უნივერსალური კანონი: ყველანაირად უნდა შეეწყოს ხელი სემანტიკურ (შინაარსობრივ) ან სტილისტიკურ დიფერენციაციას. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ენამ უფრო ზუსტად ასახოს სამყაროს მრავალფეროვნებაც, სამყაროსთან ადამიანის მიმართების ასპექტებიც და ადამიანთაშორისი ურთიერთობებიც.


ცნობილი ენათმეცნიერი ბესარიონ ჯორბენაძე შენიშნავს, რომ ენას მოეპოვება პოტენცია „რაციონალურად გამოიყენოს ყველა დასაშვები შესაძლებლობა მნიშვნელობათა თვით უმცირესი ნიუანსის გამოხატვის მიზნით“. საამისოდ კი უცხო სიტყვებიც გამოიყენება.


მაგალითად, ფრანგული „ვოიაჟის“ შესატყვისია ქართული „მოგზაურობა“ და ამიტომ თითქოს მისთვის ადგილი ვერ უნდა მოიძებნოს ჩვენს ენაში. მაგრამ აბა დააკვირდით: „ვოიაჟი“ სტილისტიკურად ნეიტრალური „მოგზაურობის“ ირონიულ შესატყვისად მკვიდრდება ქართულში და ამ ნიუანსის გამოხატვის შესაძლებლობას ენა ხელიდან არ გაუშვებს. (მაგალითად, „პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით ვოიაჟს აგრძელებს“, – ვკითხულობთ ერთ კორესპონდენციაში და სრულიად აშკარაა ნათქვამის ირონიული შეფერილობა, რაც „მოგზაურობის“ ნაცვლად „ვოიაჟის“ გამოყენებით მიიღწევა).


დღეს ერთ მოდურ უცხო სიტყვაზე გვექნება მსჯელობა; ვეცდებით გავარკვიოთ, რამდენად აუცილებელია მისი არსებობა ჩვენს ენაში.


ეს გახლავთ ინგლისურიდან შემოსული ნეოლოგიზმი „კონტრიბუცია“ (Contribution), რომელიც ქართული „დახმარების“, „წვლილის“, „შემწეობის“ მნიშვნელობით გამოიყენება.


ვნახოთ მაგალითები მასმედიიდან:


„საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრიბუცია 7 მილიონ დოლარს შეადგენს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას დამატებით 7 მილიონი დოლარით“;


„ბანკის კონტრიბუციამ 1,6 მლრდ ევრო შეადგინა“;


„დანია მსოფლიო ბანკის ფონდში თავის კონტრიბუციას 40%-ით ზრდის“;


„სტოლტენბერგმა საქართველოს ამ მისიაში კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა“;


„რა კონტრიბუცია შეაქვს ევროკავშირს საქართველოს უსაფრთხოებაში“.


ციტირებულ ფრაზებში „კონტრიბუციის“ ჩანაცვლება ზემოთ დასახელებული მისი ქართული შესატყვისებით – „დახმარებით“ ან „წვლილით“ – ძალიან ადვილად („მექანიკურად“, ან, როგორც ასეთ დროს ამბობენ – უმტკივნეულოდ!) ხერხდება. ამის შედეგად არ დაიკარგება არც რაიმე აზრობრივი ნიუანსი, არც სტილისტიკურ ელფერს შეიცვლის ფრაზა.


რაც ითქვა, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდეთ: ქართული „წვლილის“ ან „დახმარების“ ნაცვლად „კონტრიბუციის“ დასმა არაფერს ჰმატებს ფრაზის შინაარსს და ამიტომ გაუმართლებელია. მაგრამ ამ აზრის სასარგებლოდ სხვა არგუმენტიც არსებობს.


ზემოთ „კონტრიბუციას“ ნეოლოგიზმი ვუწოდეთ, რაც მთლად სწორი არ არის. ის ნეოლოგიზმია მაშინ, როცა „დახმარების“ თუ „წვლილის“ მნიშვნელობით ვიყენებთ. მაგრამ იგივე სიტყვა კარგა ხანია დამკვიდრებულია ქართულში „ხარკის“ გაგებით, ოღონდ ამ ხარკში ხარკის მხოლოდ ის სახეობა იგულისხმება, რომლის გადახდასაც ომში გამარჯვებული მხარე აკისრებს დამარცხებულს.


ამ მნიშვნელობით არის ის წარმოდგენილი როგორც ქართული ენის განმარტებით ასევე უცხო სიტყვათა ლექსიკონებში. ქართულ ენაში ის დამკვიდრდა როგორც საზოგადოებრივ მეცნიერებებში (უფრო ისტორიასა და სამხედრო საქმეში) გამოსაყენებელი ტერმინი. ხოლო ტერმინად შემოსული უცხო სიტყვა კი, მოგეხსენებათ, „განძარცულია“ პოლისემიისგან (მრავალმნიშვნელობისგან), რაც მას „თავის“ ენაში ახასიათებს. ამით იმკვიდრებს ის თავს მისთვის უცხო გარემოში – მეცნიერული სიტყვა თავისუფალი უნდა იყოს ორაზროვნებისგან.


სხვაც რომ არაფერი, მარტო ეს გარემოებაც უშლის ხელს ქართულში „კონტრიბუციის“ დამკვიდრებას „წვლილისა“ და „დახმარების“ მნიშვნელობით. გაუგებრობის მეტს ეს არაფერს იძლევა.


* * *


ერთობ არაპოეტური სიტყვა კი არის ეს „კონტრიბუცია“ მაგრამ გალაკტიონს მაინც (ან იქნებ სწორედ ამის გამო!) ჩაუსვამს ის თავის პოემაში „ძაუგიდან ბერლინამდე“, რომელიც ნაცისტურ გერმანიასთან ომის თემაზეა დაწერილი:


„მხარით მხარეზე
ძარცვების გავლით,
მონური შრომით,
კონტრიბუციით,
მრავალ ნადავლით
სიმდიდრე-ომით
გადარჩა მოგვთა
და ფარაონთა,
რომელი ჩარჩო?“


ამ ფრაგმენტიდანაც კარგად ჩანს, რაოდენ მკვეთრად უარყოფითი კონოტაციით (აურით!) არის აღბეჭდილი ეს უცხო სიტყვა ქართულში და ახლა ის დადებითი კონოტაციითაც ცდილობს ჩვენში დამკვიდრებას, რაც ნონსენსია!


(ზემოთ არ გვითქვამს და აქ დავამატებ: ზოგიერთი უცხო სიტყვა იმით იმკვიდრებს თავს მიმღებ ენაში, რომ მისი მეშვეობით უხეში გამოთქმის ევფემიზაცია, რამდენადმე გაკეთილშობილება, ხდება. „ნონსენსით“ რომელ მკვახე ქართულ გამოთქმას ვარბილებთ, ამას მიხეილ ჭაბაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან“ შეიტყობთ, ქეგლ-იდან – ვერა).



ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 2346
0 Comments