წითელი ვერსია
  • 16
  • 11854

კატა მელიას მოლოდინში?

13 მაისი 2021

10 მაისს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებისა და გირაოს თანხის გადახდის შედეგად საპატიმროდან გაათავისუფლეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია.


ეს ამბავი განსაკუთრებული პომპეზურობით გააშუქეს „მთავარმა არხმა“ და ტვ „პირველმა“, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ აღნიშნული მედიასაშუალებები არა მხოლოდ დაუფარავად დგანან კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხარეს, არამედ, ფაქტობრივად, ამ ძალების ნაწილად, მათ პროპაგანდისტულ სამსახურებად შეიძლება ჩაითვალონ.


ხსენებული არხების მაუწყებლობის ფორმა და შინაარსი 10 მაისს ორიენტირებული იყო მელიას პიროვნების „ჰეროიზაციასა“ და პოლიტიკური მესიჯების გავრცელებაზე; მათი მთავარი ამოცანა კი ის იყო, რომ ნიკა მელია წარმოეჩინათ სახალხო გმირად, რომელმაც „დიქტატურის მძიმე ჩაგვრას“ გაუძლო და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად თავისუფლება მოიპოვა.


არადა, თუ ფაქტებს ქრონოლოგიურად მივყვებით და იმაზეც დავფიქრდებით, რატომ აღმოჩნდა მელია საპატიმროში, აღმოვაჩენთ, რომ მის საქციელში გმირული არაფერია.


ყველაფერი დაიწყო 2019 წლის 20 ივნისს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა აქციაზე შეკრებილთ პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდა, რაც საბოლოოდ განხორციელდა კიდეც, თუმცა მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის აღება ვერ შეძლეს.


ამ ფაქტის გამო 25 ივნისს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. მელიას დაეკისრა შინა პატიმრობა და ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება.


მოგვიანებით, 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან გამართულ მორიგ საპროტესტო აქციაზე მელიამ დემონსტრაციულად მოიხსნა და მოისროლა ელექტრონული სამაჯური, და განაცხადა: „აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხულია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია.“


3 ნოემბერს ამ კანონდარღვევისთვის მელიას შეეფარდა დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა, რაზეც მან უარი განაცხადა და დასძინა, მაინც ვერ დამიჭერენო. ამის შემდეგ მელია თავის მხარდამჭერებთან და ოპოზიციის სხვა აქტივისტებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „გამაგრდა“ და ამგვარად შეეცადა, ხელი შეეშალა კანონის აღსრულებისთვის, თუმცა საბოლოოდ ის მაინც დააკავეს.


ერთადერთი, რაც ხელს უშლიდა მელიას თავისუფლებას, იყო არგადახდილი გირაო და მისივე განცხადება, რომ ყველა, ვინც გირაოს მის მაგივრად გადაიხდიდა, მისი მტერი იქნებოდა.


პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელშიც ერთ-ერთ საკითხად მელიას პატიმრობაც მოიაზრებოდა, ევროკავშირმა გადაწყვიტა, გირაოს გადახდის პროცესში შუამავლობა ეკისრა. სწორედ ამ შუამავლობის შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.


ასეთი იყო ნამდვილი ამბავი, თუმცა გათავისუფლების წინ ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა აქტიურად დაიწყეს მელიას შემკობა პოლიტიკური მარტვილისა და გმირის შარავანდედით და ამ კამპანიამ საგანგებოდ დადგმული, იაფფასიანი პერფორმანსის სახე მიიღო.


ამგვარი „ჟურნალისტიკის“ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ „მთავარი არხისა“ და ტვ „პირველის“ ფეისბუკგვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები, რომელთა შორისაც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „მთავარი არხის“ ფოტო წარწერით „ფისოც ნიკა მელიას ‘მოლოდინში’.“


იგივე ფოტო გამოაქვეყნა ტვ „პირველმაც“, იმ განსხვავებით, რომ მის ფოტოზე „ფისო“ „კატად“ იქცა.


ასეთი იყო „ლოდინის“ პროცესი. საგულისხმოა ისიც, რომ ციხიდან მელიას გამოსვლისას მას დახვდა არა „ასობით ათასი მხარდამჭერი“, არამედ ჟურნალისტთა დიდი ჯგუფი, მათ შორის „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ახალგათავისუფლებულს ექსკლუზიური ინტერვიუ შინისკენ მიმავალ გზაზე, პირდაპირ მანქანაში ჩამოართვა.


ამის შემდეგ მოვლენებმა უკვე სტუდიებში გადაინაცვლა და „მთავარმა არხმა“ ლიდერობა აქაც არავის დაუთმო: მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში, საერთაშორისო დასკვნასა თუ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა შეფასებებში „უკანონო პატიმრობა“ ნახსენები არ ყოფილა, 18 საათის საგანგებო საინფორმაციო გამოშვება არხმა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „სამთვიანი უკანონო პატიმრობა დასასრულს მიუახლოვდა“.


ამგვარი მესიჯებით ტელეკომპანია ცდილობს, თავისი სარედაქციო პოზიცია ფაქტად გაასაღოს და, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია, ამას საინფორმაციო გამოშვებების ფორმატშიც აკეთებს.


ცალკე უნდა აღინიშნოს მედიასაშუალებების მცდელობა, მელიას ფიგურისგან შეექმნათ მუდმივი „საგანგებო ახალი ამბავი“, რომელიც პრიორიტეტული იქნებოდა ნებისმიერ სხვა ამბავთან, ინფორმაციასა თუ რესპონდენტთან შედარებით.


მაგალითად, „მთავარ არხზე“ 11 მაისს გადაცემა „დღის სტუმარი“ გაიჭრა იმ მოტივით, რომ „ნიკა მელია ‘ნაციონალური მოძრაობის’ ოფისში, საკუთარ კაბინეტში შევიდა“. გარდა ამისა, ოპოზიციური მედია, როგორც წესი, ცალკე ამბად აშუქებდა იმასაც, როგორ მივიდა ნიკა მელია შინ, როგორ შეხვდნენ მას ოჯახის წევრები და ა.შ.


10 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ ღიად მხარდამჭერი „მთავარი არხის“ სტილი და პათოსი იგრძნობოდა ტვ „პირველის“ ეთერშიც. მაგალითად, არხის მთავარმა „სახემ“, ინგა გრიგოლიამ, თავისი გადაცემის მონოლოგში მელიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შენი დაპატიმრება 20 ივნისის საქმეზე იყო დიდი უსამართლობა განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი, ვინც 20 ივნისს ახლგაზრდებს თვალები დათხარა, გარეთ არიან.“


ცნობისთვის: 20 ივნისის ღამეს უფლებამოსილების გადაჭარბებისათვის ამჟამად სასჯელს იხდის სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი, რაც გაუგებარს ხდის ჟურნალისტის განცხადების მეორე ნაწილს; ხოლო პირველი ნაწილი, სადაც წამყვანი მელიას დაპატიმრებას „უსამართლობას“ უწოდებს, ისევ და ისევ სუბიექტურ შეფასებად უნდა ჩავთვალოთ.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება „მთავარმა არხმა“ და ტვ „პირველმა“ აქციეს ერთგვარ შოუდ, რომლის მიზანიც იყო მელიას და, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო პროპაგანდის წარმოება. იმის საილუსტრაციოდ, რამდენად გასცდა ეს პროცესი ობიექტური ჟურნალისტიკის ჩარჩოებს, შეგვიძლია მოვიტანოთ „მთავარი არხის“ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ლექსი, რომელიც ნიკა მელიას პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა მიუძღვნა.


ბაჩო ოდიშარია
  • 16
  • 11854
0 Comments