წითელი ვერსია
  • 0
  • 1436

ქართული მედიაომი

12 ნოემბერი 2021

ქართული ტელემედიის უდიდესი ნაწილი საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური პოზიციიდან მაუწყებლობს. ამდენად, აუდიტორიისთვის უკვე უცხო არ არის, როდესაც კონკრეტული მაუწყებელი რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მუშაობს. თუმცა, ქართული ტელეარხები ერთმანეთთან ისეთივე დაუნდობელ ომში არიან ჩაბმულნი, როგორც მათი ფავორიტი პოლიტიკური ძალები.


ამის გამო მსხვილი ეროვნული მაუწყებლები ერთმანეთს ხშირად ადანაშაულებენ ფეიკნიუსების გავრცელებაში, შეურაცხყოფას აყენებენ კოლეგებს პოლიტიკური პოზიციის გამო, ხოლო ზოგ შემთხვევაში დაპირისპირება მუშაობაში ხელისშეშლამდეც კი მიდის.


დაპირისპირება მედიებს შორის განსაკუთრებით მწვავდება საარჩევნო პერიოდში ან ნებისმიერ სხვა დროს, როცა პოლიტიკური დაპირისპირების ტემპერატურა მაღალია. ამგვარი დაპირისპირების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი მაყურებელმა სულ ახლახანს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღესაც იხილა.


კერძოდ, 30 ოქტომბერს, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მყოფ „მთავარი არხის“ კორესპონდენტთან პირდაპირი ჩართვის დროს ტელეკომპანია „POS TV“-ის გადამღები ჯგუფი მივიდა და კითხვების დასმა სცადა, თუმცა, ეს ქმედება ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა.


თავის მხრივ, „მთავარი არხი“ და სხვა ოპოზიციური ტელევიზიები POS TV-ს და ტელეკომპანია „იმედს“ „სამთავრობო მედიებად“ მოიხსენიებენ და ხშირად გამოხატავენ ნეგატიურ და დამამცირებელ დამოკიდებულებას უშუალოდ ჟურნალისტების მიმართ, რაც ზოგჯერ კამათსა და სიტყვიერ დაპირისპირებამდეც კი მიდის.


მაგალითად, მიმდინარე წლის 11 თებერვალს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ტელეკომპანია „იმედის“ კორესპონდენტმა უშუალოდ ტელეკამერების წინ იკამათეს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ არხზე უფრო ეძლევათ ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება.


ამ ფონზე ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა „იმედთან“ ან POS TV-სთან დაკავშირებულ ამბებს საპირისპირო პოლიტიკურ პოზიციაზე მყოფი ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებებში ამგვარი ფორმით გადასცემენ:


„ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში ‘ქართულ ოცნებასთან’ ერთად აქტიურობს სამთავრობო მედია. ტელეკომპანია ‘იმედმა’ ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ სარეკლამო დრო დაბლოკა. მმართველი პარტიის მედიასაშუალებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საარჩევნო კლიპი, სადაც ჩანს, როგორ იხსნის ნიკა მელია სამაჯურს, რომელიც მას პროკურატურის გადაწყვეტილებით გაუკეთეს.“


ამასთან, „სამთავრობო“ და „პროსახელისუფლებო მედიის“ იარლიყებთან ერთად ზოგჯერ გამოიყენება „პრორუსულობისა“ და „შავრაზმულობის“ ეპითეტებიც. მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულა“ გარდაცვლილი ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმეზე გამართული ბრიფინგის შესახებ 11 ივლისს იუწყებოდა: „იმაზე, რომ შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ზედოზირების ვერსიაზეც მუშაობს, მამუკა ჭელიძემ სამთავრობო მედიის, POS TV-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა.“


ამავე ინფორმაციაში „ფორმულა“ ასევე გვაცნობებს, რომ „კრიმინალური პოლიციის დირექტორის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრორუსულ, შავრაზმულ, პროსახელისუფლებო მედია 'მარშალპრესით' გავრცელდა ვინმე იოსებ ხიმშიაშვილის განცხადება, რომელსაც mpn.ge პოლიტიკოსად მოიხსენიებს“.


ცხადია, რომ შეურაცხმყოფელი იარლიყებით ომში „უმოქმედოდ“ არც „სამთავრობო მედიად“ წოდებულნი არიან. მაგალითად, POS TV, რომელიც საკუთარ მთავარ ფუნქციად სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ მედიასთან დაპირისპირებას მიიჩნევს, ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ფაქტობრივად ყოველთვის დამამცირებელი ტერმინებით მოიხსენიებს, თუმცა ამგვარი შეფასებები ზოგჯერ გვესმის ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებებშიც.


ასე, მაგალითად, გასული წლის 3 სექტემბერს „ქრონიკა“ იუწყებოდა: „მთავარი ფეიკარხის გენერალური დირექტორი და ‘ნაციონალური მოძრაობის’ ერთ-ერთი იდეოლოგი საზოგადოების მიზანმიმართულად მოტყუებას და ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობას განაგრძობს. მან მორიგი მავნებლური ფეიკნიუსი ამჯერად ბერა ივანიშვილზე და ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე გაავრცელა.“


საზოგადოებას ასევე ახსოვს „იმედის“ ეთერში 2020 წლის 11 სექტემბერს გასული გახმაურებული კლიპი, რომელმაც უშუალოდ ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მიმართული ანტირეკლამის შთაბეჭდილება დატოვა.


ზემოთმოყვანილი მაგალითები იმ შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელთა მოწმენიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვხდებით და რაც ქართული მედიის შიგნით მიმდინარე კონფლიქტს ადასტურებს.


კოლეგიალობის უგულებელყოფის გარდა, ფაქტია, რომ აღნიშნული კონფლიქტით მედიასაშუალებები აზიანებენ ერთმანეთისა და საბოლოო ჯამში, მთლიანად მედიის, როგორც ინსტიტუტის რეპუტაციას, რაც ნეგატიურად აისახება იმ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე, რომელსაც დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია ასრულებს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 1436
0 Comments