წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 3
  • 2079

კალკოფობია (III)

28 ნოემბერი 2025

(წერილი მესამე)



მგონი, ენის სული თანდებულ-წინდებულიან მართვაში სუფევს!


ახლა გავშიფროთ ეს მსჯელობა-გამოცანა!


მართვა ეწოდება ისეთ სინტაქსურ ურთიერთობას, როცა ერთი სიტყვა მეორისგან ამა თუ იმ ფორმას მოითხოვს. „კარი გაიღო“ – აქ „კარი“ „გაღებისაგან“ მოითხოვს ვნებითი გვარის მხოლობითი რიცხვის მესამე პირს, ხოლო „გაღება“ კარისაგან – მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვას. ასე მართავენ ეს სიტყვები ერთმანეთს იმ შინაარსის გამოსახატავად, რაც ამ წინადადებაში ძევს.


ზოგჯერ ერთი სიტყვა მეორისაგან ამა თუ იმ თანდებულიან ფორმას მოითხოვს (ქართულ თანდებულს რუსულ, ინგლისურ, გერმანულ... ენებში წინდებული შეესაბამება). და აქ იწყება ყოვლად აუხსნელი რამ, რაც არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება.


წელიწადის ოთხი დრო ხომ გვაქვს? გვაქვს. მათგან დროის ზმნიზედების წარმოება ხომ შეგვიძლია? შეგვიძლია. „გაზაფხულისგან“ როგორ ვაწარმოებთ დროის ზმნიზედას? -ზე თანდებულის დართვით: „გაზაფხულ-ზე“ („ჩვენმა ოცნებამ გაზაფხულზე იმხიარულა“. – პაოლო).


ასევე -ზე თანდებული დაგვჭირდება, „შემოდგომა“ რომ გადავაკეთოთ დროის ზმნიზედად: „შემოდგომა-ზე“ (შემოდგომაზე მთიდან შეშას ჩამოვიტანდი“. – მუხრანი).


ლოგიკური იქნებოდა, დარჩენილი ორი დროისგანაც ამავე თანდებულით გვეწარმოებინა ზმნიზედები – ინგლისური ან გერმანული ენა ხომ ოთხივე ამ ზმნიზედას „ში“ (in) წინდებულის მეშვეობით აწარმოებს (რუსულში სხვა ვითარებაა),

მაგრამ არ ითქმის „ზაფხულ-ზე“ („ზაფხულზე შევხვდებით“), „ზამთარ-ზე“ („ზამთარზე ჩამოვალ“), და, თუ ვინმესგან ამას გავიგონებთ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისთვის ქართული მშობლიური ენა არ არის, რადგან არ იცის, რომ აქ უკვე -ში თანდებულია საჭირო: „ზაფხულ-ში“ („ზაფხულში აყვავდებიან მკერდნიც-კი სალის კლდისანი“. – ვაჟა), „ზამთარ-ში“ (ზამთარში სიცხე გვაწუხებს, ზაფხულში დგება ზამთარი“.– აკაკი).


რატომ ხდება ასე? არავითარი რაციონალური ახსნა ამას არა აქვს, ამიტომ ისღა დაგვრჩენია ასე ვთქვათ: ენის სული მოითხოვს ამას. სულს კი ჩვენ, მოკვდავნი, აბა რას გავუგებთ!


და როგორი არაბუნებრივიც არის ქართულისთვის „შემოდგომაში“ ან „ზამთარზე“, ასევე არაბუნებრივია „ის შეყვარებულია მასში“, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად მოისმენთ და წაიკითხავთ დღეს ჩვენში. ბუნებრივი ქართულით ასე იქნება: „უყვარს [ის]“ ან „შეყვარებულია მასზე“ („მან სულ ზეპირად იცოდა ის წიგნი, სახარებასავით. პირდაპირ შეყვარებული იყო მასზე“. – ექვთიმე თაყაიშვილი).


ენის ბუნებას (სულს!) ეწინააღმდეგება ესეც: „გაყიდვაშია“ (в продаже). ეს სათქმელი უთანდებულოდ გამოიხატება ბუნებრივი ქართულით: „იყიდება“.


„ში“ წინდებული, რომელიც ძალზე ნაყოფიერია რუსულ და დასავლეთევროპულ ენებში, ძლიერ ზეგავლენას ახდენს დღევანდელ ქართულზე – უარყოფით ზეგავლენას, ვინაიდან ქართულისთვის არაბუნებრივ ენობრივ კონსტრუქციებს ვიღებთ მისი კალკირების შედეგად.


რა ჩამოთვლის! ნაწილი დავასახელოთ და ფრჩხილებში მივუთითოთ როგორ უნდა ითქვას ის აზრი ბუნებრივი ქართულით: შეტევაშია (უტევს), მიმალვაშია (იმალება), რა კავშირშია (რა კავშირი აქვს), მუქ ფერებში დაგვიხატა ვითარება (მუქი ფერებით დაგვიხატა), ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა (დოლართან მიმართებით), მოძრაობაში მოვიდა (ამოძრავდა), კანონი დღეიდან შევიდა ძალაში (კანონი დღეიდან ამოქმედდა), წესრიგში მოიყვანა (მოაწესრიგა), სისრულეში მოიყვანა (აღასრულა), მფლობელობაში აქვს (ფლობს), საქმე იმაშია (საქმე ისაა) და სხვ. და ა. შ.


კარგი იქნება, ეს ში-ში-ნი თუ მოიშლება ქართულ ენაში!


* * *

ლირიკული გადახვევა.


ეს სტროფი მირზა გელოვანის ლექსიდან არის:


„ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს“
.


„გაზაფხულშიო“?! ასე რომ არ ითქმის ქართულად! მაგრამ პოეტურ ტექსტში „მოსულა“ ამგვარი რამ! ოღონდ აქ ე. წ. პოეტური ლიცენცია, პოეტური თავისუფლება კი არ გვაქვს, არამედ მეტაფორული ხედვაა სინამდვილისა: თითქოს საქართველო აუღიათ და შიგ შუაგულ გაზაფხულში ჩაუსვამთ, აყვავებულ გარემოში. ექსპრესიული მხატვრული სახეაო, ასეთ დროს ამბობენ.


პოეტურ ლიცენციას რაც შეეხება, ამ ბლოგის ავტორი მას მოწყალე თვალით არ უყურებს: რა პოეტური ლიცენცია! სიტყვის ოსტატი თუ ხარ, კეთილი ინებე და გამართულად გადმოეცი სათქმელი! იმ ორიოდე პოეტურ ლიცენციას შორის, რომელთაც არა მარტო ვიწყნარებ, არამედ მომწონს კიდეც, ერთი გიორგი ლეონიძისადმი მიძღვნილ პაოლო იაშვილის ლექსში „ბინადრობს“:


„შენ ხსოვნიდან იმ ტკივილებს ამიშლი,

რაც დაგუბდა ობოლ საგურამოში,

და ყოველდღე და ყოველ საღამოში

გაჩაღდება არღნიანი მცხეთობა“.


აქ რომ „საღამოში“ არ მეხამუშება, რითმათა ბატარეის წყალობაა ალბათ.


* * *

ერთ ნაშრომში ვკითხულობთ: „პოეტი დიდ რისკზე წავიდა, როდესაც მთლიანად ხალხური გამოცანების თავის მიერ გადამუშავებულ ტექსტებზე ააგო პოემა“.


„რისკზე წავიდა“ რუსული ფრაზეოლოგიზმის „пошёл на риск“ სიტყვასიტყვითი თარგმანია, ანუ კალკია.


ამის მსგავსადვე ხშირად გაიგონებთ და წაიკითხავთ: [ვითარების] გამწვავებაზე წავიდა (пошёл на обострение), დათმობაზე წავიდა (пошёл на уступки), ყველაფერზე წამსვლელია (способен пойти на всё)...


ესენი არაფრის მაქნისი და ადვილად მოსაშორებელი კალკებია. „რისკზე წავიდას“ ყოველთვის ჩაენაცვლება „რისკი გასწია“ ან „გარისკა“, „[ვითარების] გამწვავებაზე წავიდას“ – „ვითარება გაამწვავა“, „დათმობაზე წავიდას“ – „დათმო“, „ყველაფერზე წამსვლელიას“ – „ყველაფერს იკადრებს“...


* * *

ენის ყველაზე თვითმყოფადი პლასტია იდიომატური გამოთქმები – ხატოვანი, ხშირად გროტესკული ფრაზები, რომელთა პირდაპირი თარგმანი, კალკირება, ხშირად შეუძლებელია, ვინაიდან სხვა ენობრივ სივრცეში გადატანილნი ისინი უაზრობად გადაიქცევიან. მაგალითად, რუსული იდიომი „водить за нос“ სიტყვასიტყვით, კალკირებულად, „ცხვირით ტარება“ იქნება, მაგრამ ასე ხომ ვერ გადმოვიტანთ ქართულად! ჩვენს ენაზე ის „მოტყუებად“, „გაცუცურაკებად“ ითარგმნება.


მაგრამ ყოველთვის ესოდენ მართებულად როდი ვიქცევით მსგავს შემთხვევებში. მაგალითად, რუსული ენა განასხვავებს ცალ-ცალკე დაწერილ „на лицо“-სა და ერთად დაწერილ „налицо“-ს. პირველის „лицо“ პირდაპირი მნიშვნელობით „სახეა“ – ადამიანის სხეულის ნაწილი, მეორე კი იდიომია, ვინაიდან იქ „სახე“ აღარ არის სახე; „налицо“-ს მნიშვნელობებია: არსებობს; მოიპოვება; იმყოფება; აშკარაა; საქმე გვაქვს.


და აი, ეს რუსული იდიომი, სიტყვასიტყვით თარგმნილი, დღეს წამდაუწუმ ისმის ჩვენს მეტყველებაში და მასმედიაშიც დიდად პოპულარულია. არადა, აშკარაა მისი კომიკურობა „ქართულ სინამდვილეში“, მეტადრე ამ ყაიდის სათქმელის გამოხატვისას: „სახეზეა კოჭის ამოვარდნილობა“. ამ დროს, რა ადვილია ამ აზრის რიგიანი ქართულით გამოთქმა: „კოჭია ამოვარდნილი“. ან კიდევ: „ფაქტი სახეზეა, დაირღვა ფარულობა!“ – „ფაქტია: დაირღვა ფარულობა!“;სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ორივე შემადგენლობა“ – „საქმე გვაქვს (ეს საჭირო კალკია!) სამოხელეო დანაშაულის ორივე შემადგენლობასთან“, „ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა“ – „ამჟამად დინამიკა დადებითია“.


„სახეზეას“ უნდა შეველიოთ როგორმე, არ არის ეს ძნელი.


* * *

რაკი ჩვენი მიზანი კალკოფობიის ამჟამინდელი ტალღის შესუსტებაა, ამიტომ რითაც პირველი წერილი დავიწყეთ, იმითვე დავამთავროთ: კალკების სასიკეთო როლს დავუბრუნდეთ. თუ კალკი სასარგებლოა, ის შეიძლება მრავალი ენის საკუთრება გახდეს.


აი, მაგალითად, მშვენიერი ქართული სიტყვა „თანა-გრძნობა“ და ასეთივე აღნაგობის მქონე მისი სხვაენოვანი შესატყვისები: sym-patheia (ბერძ.), com-passion (ფრანგ.-ინგლ.), Mit-gefühl (გერმ.), со-чувствие (რუს.);


ანდა ეს გამოთქმა გავიხსენოთ: „დღის წესრიგი“ – order of the day (ინგლ.), ordre du jour (ფრანგ.), Tagesordnung (გერმ.), повестка дня (რუს.).


აშკარაა: კალკები რომ არა, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს იმაზე მეტად გაუჭირდებოდათ ერთმანეთის გაგება, ვიდრე ახლა უჭირთ.



ლევან ბრეგაძე
  • 3
  • 2079
0 Comments