წითელი ვერსია
  • 3
  • 2813

ერთი შეკითხვის ძალა

29 აპრილი 2022

დღეს ვსაუბრობთ ერთი შეკითხვის ძალაზე, ერთ რეპლიკაზე, რომელიც ჟურნალისტისთვის ყოველთვის არის ერთი შანსის ტოლფასი.


როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ასეთი რამ მასწავლეს - პროფესიონალი ხარ მაშინ, როდესაც გაქვს მოკლე შეკითხვა და იწვევ ვრცელ პასუხს.


თავიდან მეგონა, რომ ჟურნალისტიკის ხარისხი ლაპარაკის სიხშირით განისაზღვრებოდა.


რეალურად კი, ამ სტუდენტური შეგონების აზრს მაშინ ჩავწვდი, როცა პირველად მოვხვდი დიდ საერთაშორისო პრეს-კონფერენციაზე და პროფესიონალი რეპორტიორების მუშაობას დავაკვირდი: - ფოტორეპორტიორები აღიარებდნენ მხოლოდ იმ ფოტოს, რომელშიც დაჭერილი იყო ვარსკვლავის მზერა და ამ მზერის მოპოვებისთვის ისინი ხმის ჩახლეჩვამდე ყვიროდნენ ამა თუ იმ არტისტის სახელს, მორიდების გარეშე, - რომ ვარსკვლავს მათი ობიექტივისთვის შეეხედა.


ჟურნალისტები კი სათითაოდ, ხელის აწევით ელოდნენ რიგს - როდის მოუწევდათ დრო, რომ პრესკონფერენციაზე გამოეყენებინათ 20-30 წამი, - ზუსტი და კონკრეტული შეკითხვისთვის.


პირველად ეს გამოცდილება კანის კინოფესტივალზე მივიღე.


მახსოვს, როგორ წამოდგა „როიტერის“ ჟურნალისტი და ვარსკვლავურ წყვილს - პენელოპე კრუზს და ხავიერ ბარდემს ჰკითხა - „თქვენ ერთნაირად გადაგიხადეს ჰონორარი“?


Did you get the same salary? - ჟურნალისტმა თქვა ეს ექვსი სიტყვა, დაჯდა, დაელოდა პასუხს და იმ წამებში, მე ჩემი თავი გამოვიჭირე, რომ სირცხვილისგან ვიწვოდი. ელვის სისწრაფით გამიელვა ფიქრებმა: ხელფასზე შეკითხვა უხერხული არ არის? ასე პირდაპირ როგორ აჯახა? ნეტავ რას უპასუხებენ?


ამასობაში, წყვილმა გაიცინა და დაუდასტურა - „დიახ, ერთნაირად გადაგვიხადესო“. და როცა ჩემი გამოუცდელი ფიქრებისგან გამოვერკვიე, მივხვდი შეკითხვის პროფესიულ მნიშვნელობას - ამ ექვს სიტყვაში ჟურნალისტს ჩატეული ჰქონდა სახელფასო მარჟების გენდერული გადანაწილების საკითხი, შრომითი უფლებები, ოჯახური ბალანსის თემა, ცოტა იუმორი, სისხარტე და ბევრი საინტერესო რამ.


და რაც მთავარია, - მან ყველას გვაჯობა. პრესკონფერენცია დასრულდა და ყველა ჟურნალისტს მისი შეკითხვა დაგვამახსოვრდა.


მნიშვნელოვანი პრეს-კონფერენციები ისედაც ყოველთვის რთული ასპარეზია - კონკურენცია, იღბალი, სითამამე, სიზუსტე, უცხო ენის ცოდნა, გამოცდილება, ბევრი უნარის დახვეწა სჭირდება ჟურნალისტს; და მთელ ამ ჩამონათვალს ემატება სწორად ნაფიქრი ან სპონტანურად გაჩენილი შეკითხვა, რომელიც ზუსტად იმ მომენტში უნდა დაისვას, როცა საჭიროა.


ამ დონის საერთაშორისო შეხვედრები, რა სფეროსაც არ უნდა განეკუთვნებოდეს, ნაწილობრივ პოლიტიკური პლატფორმის ფუნქციასაც ატარებს ხოლმე. ხშირად გვინახავს ჟურნალისტების და არტისტების თამამი განცხადებები მსოფლიოში მიმდინარე ამა თუ იმ მნიშვნელოვან თემაზე.


და სწორედ ამ კონტექსტში, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დღეები გველის მაისში, როცა კანის კინოფესტივალი დაიწყება.


რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ძალიან მალე, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ტალღას კანის კინოფესტივალიც შეუერთდა.


„ჩვენ ვუერთდებით მსოფლიოს იმ ნაწილს, ვინც გმობს რუსეთის აგრესიას... 2022 წლის საფესტივალო სტუმართა შორის, ჩვენ არ მივესალმებით რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს და ასევე, არცერთ პიროვნებას, ვინც დაკავშირებულია რუსეთის მთავრობასთან“ - ეს განცხადება გამოქვეყნდა 1 მარტს, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და დაეგზავნა ფესტივალზე აკრედიტებულ ყველა ჟურნალისტს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


ამავე ტექსტში ვკითხულობთ - „ამავდროულად, ჩვენ გვსურს მივესალმოთ რუსეთში მცხოვრებ ყველა ადამიანს, ვინც გამბედავად იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. მათ შორის არიან ხელოვანები. კინოს პროფესიონალები..“


შემდეგ დასახელდა წლევანდელი საფესტივალო ფილმების სია და ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა რუსი რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის ახალი ნამუშევარი - „ჩაიკოვსკის ცოლი“.


52 წლის რუსმა რეჟისორმა ბოლო წლები მოსკოვში, შინაპატიმრობაში გაატარა. დღეს კირილ სერებრენიკოვი თავისუფალია, შინაპატიმრობის ვადა ამოიწურა. ის ბერლინში ცხოვრობს, მაისში კანში გეგმავს ჩასვლას და საკუთარი ფილმის წარდგენას.


რამდენიმე დღის წინ, ფრანგული გამოცემა „მონდის“ ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა და ჰკითხა - „მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საკუთარ თავზე გამოსცადეთ, რას ნიშნავს არტისტის „თავისუფლება“ რუსეთში და რას ნიშნავს რეჟიმი, თქვენ მაინც საბოლოოდ არ ტოვებთ რუსეთს. თქვენმა კოლეგებმა კი გაბედეს და ეს გააკეთეს. თქვენ რატომ არ უცხადებთ რუსეთს ბოიკოტს“?


რეჟისორმა პასუხად ფრთიანი ფრაზა გამოიყენა - „არასოდეს თქვათ არასოდეს.. მე დონის როსტოვში 90 წლის მამა მყავს, არ შემიძლია მისი მიტოვება. კანონიერადაც მაქვს უფლება, რუსეთში დავბრუნდე მაშინ, როცა მინდა. ვნახოთ, მომავალი წინაა..“


კირილ სერებრენიკოვის მიმართ შეკითხვები დაისმება კანშიც, კინოფესტივალზე.


საინტერესოა, როგორ გამოვიყენებთ ჩვენ, ჟურნალისტები - ერთი შეკითხვის უფლებას, გადაიქცევა თუ არა კანის საკონფერენციო დარბაზი პოლიტიკური შეფასებების ტრიბუნად; ან დაისმება თუ არა შეკითხვები თავად ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ - მათ უარი თქვეს რუსეთის დელეგაციის მიღებაზე, მაგრამ კონკურსში მოხვდა სერებრენიკოვი, როგორც „პუტინის პირადი პატიმარი“;


ეს ჯერ მხოლოდ სავარაუდო შეკითხვებია. პასუხები გვექნება მაისში - კანის კინოფესტივალზე.



ფოტო festival-cannes.com


მარიკა ბაკურაძე
  • 3
  • 2813
0 Comments