წითელი ვერსია
  • 0
  • 1866

არჩევნების ბოიკოტი, ანუ უარი მაყურებლის ინფორმირებაზე

24 ნოემბერი 2020

არაერთი გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-მდე ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე ინფორმაციას უმთავრესად ტელევიზიებიდან იღებს. არადა, ტელევიზიების დიდი ნაწილი მუშაობს არა მაყურებლის ინფორმირებისთვის, არამედ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პროპაგანდისთვის და უკანასკნელ წლებში ამის დამალვას ან, თუნდაც, შენიღბვას ისინი აღარც კი ცდილობენ.


მეტიც: ქართული ტელემედიის მესვეურებს გულწრფელად სჯერათ, რომ მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არ არსებობს და რომ ობიექტური ჟურნალისტი საერთოდაც მითია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან მკვეთრად ოპოზიციური არხები.


მაგალითად, როდესაც ტელეკომპანია „ფორმულა“ დაარსდა და ცნობილი გახდა, რომ მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე დავით კეზერაშვილი იქნებოდა, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა და თანამფლობელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, კეზერაშვილის ტელევიზია საქართველოში პირველი ღიად პარტიული ტელევიზია იქნებაო.


თავად გვარამიაც და „მთავარი არხის“ სხვა წარმომადგენლებიც ამბობენ ხოლმე, რომ სავსებით კონკრეტული პოლიტიკური პოზიცია აქვთ და ამ პოზიციიდან უტევენ მმართველ პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ არ აღიარებენ საკუთარ პარტიულ მიკუთვნებულობას, რომელიც სრულიად აშკარაა. შესაბამისად, აქ მოწმენი ვხდებით პოზიციის შენიღბვის მცდელობისა, თუმცა სამივე რადიკალურად ოპოზიციური ტელეარხის („მთავარი არხის“, ტვ „პირველისა“ და „ფორმულის“) სარედაქციო პოლიტიკა დღეს არა მხოლოდ, ზოგადად, ოპოზიციურია, არამედ სრულიად აშკარად გამოხატავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს.


მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის არსებობის უარმყოფლებსა და ქართული პარტიული ტელევიზიების მესვეურებს ზოგჯერ მაგალითად მოჰყავთ აშშ-ის კერძო ტელეკომპანიები, რომლებიც კონკრეტული პროცესებისა თუ პირების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა 2016 და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.


ამერიკულ მედიას მართლაც ახასიათებს ციკლური პერიოდები, როცა პოლიტიკური პოზიცია განსაკუთრებით გამოკვეთილი ხდება სარედაქციო პოლიტიკაში და ეს პოზიციები ასახავს თავად აშშ-ის საზოგადოების შიგნით არსებულ დაპირისპირებას ლიბერალურსა და კონსერვატიულ შეხედულებებს შორის, მაგრამ პოლიტიკური პარტიების მიერ მთლიანად პარტიული, ანუ „საკუთარი“ ტელეარხების შექმნა მაინც უფრო ფსევდო- ან მყიფე დემოკრატიის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.


ამ მხრივ საინტერესოა უკრაინის მაგალითის შესწავლა. მას შემდეგ რაც ამ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა ტელევიზიების პარტიულობის ხარისხი და მედიამ, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ძირითადი ფუნქციის, ანუ საზოგადოების ინფორმირების ფუნქციის შესრულებაზე პარტიული ინტერესების გამოხატვის სანაცვლოდ, ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ტელეარხები შორს არიან ჟურნალისტური სტანდარტებისგან, ხშირად იყენებენ მანიპულაციას, მიმართავენ სინამდვილის დამახინჯებასა და დეზინფორმაციას. ამავე დროს, გამოკითხვებმა აჩვენა ისიც, რომ უკრაინელები უფრო მეტად უყურებენ ასეთ არხებს, რადგან, როგორც ჩანს, ილუზიაში ყოფნა და რაციონალურის ნაცვლად ემოციური „სიმართლის“ მოსმენა ტელეაუდიტორიის ერთი ნაწილისათვის მეტად კომფორტულია.


სწორედ პარტიული პოზიციის გამოხატვისა და მანიპულაციური მიდგომის კლასიკური გამოვლინება იყო არჩევნების მეორე ტურის დღეს არჩევნების თემის სრული უგულებელყოფა „მთავარ არხზე“, სადაც არა მხოლოდ დღის განმავლობაში არ უთქვამთ არაფერი მეორე ტურის შესახებ, არამედ 21 საათის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც კი სულ სხვა თემებით და განცხადებებით დაიწყო.


კერძოდ, საინფორმაციო გამოშვების დასაწყისში მოვისმინეთ წამყვანის ტრაგიკული განცხადება, რომ ხელისუფლებამ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი მილიონობით თანხა „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან წავიდა, რომ ეს თანხა ამომრჩევლის მოსყიდვაზე დახარჯა და ა.შ.


ინფორმაცია, რომელსაც ფაქტები ზურგს არ უმაგრებდა, აუდიტორიის ემოციებზე იყო გათვლილი. ემოციებზე თამაშს ჰგავდა მომდევნო სიუჟეტიც, სადაც გვიმტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა და გაჭირვების ფონზე ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსები რამდენიმე ასეული მილიონით გაიზარდა. სიუჟეტიდან გაუგებარი დარჩა, საერთოდ რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შეიძლება იყოს ივანიშვილის პირად ფინანსებსა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შორის; თუმცა აუდიტორიამდე ნეგატიური ემოციის მისატანად არგუმენტები, როგორც ჩანს, სულაც არ არის აუცილებელი.


მაყურებელი, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე, სავარაუდოდ, ელოდა, რომ არჩევნების მეორე ტურის შესახებ მომდევნო სიუჟეტებში მაინც მოისმენდა რამეს, საბოლოოდ მაინც უინფორმაციოდ დარჩა: სიუჟეტები, ძირითადად, ემსახურებოდა არა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას, არამედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შექმნილი პრობლემების ცალმხრივი და ტენდენციური გაშუქებით საზოგადოების დამუხტვას უარყოფითი ემოციებით.


ნათქვამიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის საბაბით „მთავარმა არხმა“ 21 ნოემბერს ნებაყოფლობით თქვა უარი მედიისა და, კერძოდ, ტელევიზიის ძირითადი ფუნქციის შესრულებაზე − საზოგადოების ინფორმირებაზე − და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პოზიციების გამზიარებელი მედიასაშუალება კი არ არის, არამედ, ფაქტობრივად, პარტიის ერთ-ერთი ნაწილია და ორგანიზაციულადაც მას ექვემდებარება.


სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი წინაპირობა, ვივარაუდოთ, რომ ქართულ ტელესივრცეში შექმნილი ვითარება მომავალში შეიცვლება და წამყვანი ტელევიზიები პარტიული გავლენებისგან გათავისუფლდებიან. როგორც ჩანს, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ სურვილი და რესურსი საიმისოდ, რომ პარტიული ტელევიზიები შეინახონ, ასეთ მედიასაშუალელებს გადაშენება არ უწერიათ. ცხადია ისიც, რომ, რაც უფრო მეტხანს იარსებებენ ისინი, ჩვენს ქვეყანაში მით უფრო გაჭიანურდება მყიფე და გარდამავალი დემოკრატიის ხანა.


ზაალ ანჯაფარიძე
  • 0
  • 1866
0 Comments