წითელი ვერსია
  • 0
  • 1437

„საიდუმლო ფაილების“ გაშუქება

23 სექტემბერი 2021

უკვე მეორე კვირაა, ქართული ტელე და ონლაინმედია თითქმის უწყვეტად აქვეყნებს ე.წ. „სუს-ის კრებსების“ ფრაგმენტებს და ზოგადად, განაგრძობს იმ მასალების გასაჯაროებას, რომლებიც კონკრეტული მედიასაშუალებების მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან „გამოჟონა“ და უკანონო მიყურადების შედეგად შეკრებილ ცნობებს წარმოადგენს.


არის თუ არა ჩანაწერები სრულად ან თუნდაც ნაწილობრივ ავთენტიკური, ჯერჯერობით უცნობია და ამის გამო შინაარსის გასაჯაროებასთან დაკავშირებით მედიის მიმართ არაერთი პრეტენზია გამოითქვა;


მათ შორის, პრეტენზიები გვესმის სისხლის სამართლის კოდექსზე აპელირებითაც, თუმცა საინტერესოა, ირღვევა თუ არა ასეთ დროს ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტი და ზოგადად, რამდენად ეთიკურად აშუქებს ხსენებულ მასალებს ქართული მედია?


ერთი მხრივ ფაქტია, რომ მედიას აქვს სამართლებრივი და მორალური უფლება გაასაჯაროვოს საიდუმლო წყაროს მიერ თუნდაც უკანონო გზით მოპოვებული მასალა, თუ ამით ამხელს დანაშაულს ან ახდენს დანაშაულის პრევენციას, მაგრამ ასეთ დროსაც კი მედია მაქსიმალურად უნდა შეეცადოს დაიცვას უდანაშაულო პირების პერსონალური ინფორმაცია და პირადი კომუნიკაციის საიდუმლო.


პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინების ან პრევენციის შემთხვევების გარდა მედიამ არ უნდა გაასაჯაროვოს სავარაუდო უკანონო მიყურადების მსხვერპლთა საუბრის შინაარსი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და არ უნდა გააჟღეროს იმ ადამიანების პერსონალური ინფორმაცია, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები ასევე არ იკვეთება.


რეალურად, „’კრებსების’ სერიალად“ ქცეულ პროცესში, რომელიც ქართულ მედიაში 13 სექტემბერს დაიწყო და უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება, ჩანაწერების შინაარსმა ფაქტობრივად უკვე გადაფარა არა მხოლოდ ავთენტიკურობის დადგენის საკითხი, არამედ თავად სავარაუდო უკანონო თვალთვალის თემაც და უკვე აშკარად შეინიშნება უშუალოდ შინაარსით საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მცდელობა.


ამასთან, მედიის მიერ გასაჯაროებულ „გამოჟონილ ფაილებში“ მრავლად ვხვდებით ისეთი ხასიათისა და შინაარსის ინფორმაციას, რომელიც დანაშაულის ნიშნებს აშკარად არ შეიცავს და შესაბამისად, ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რა მიზანს ისახავს და რა შედეგზე შეიძლება იყოს გათვლილი ამგვარი გაშუქება?


მაგალითად, ე.წ. „სუს-ის ფაილებიდან“ მედიაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია ამა თუ იმ საჯარო პირის პირადი საუბრების, მათი მოსაზრებებისა და პოლიტიკური პოზიციების შესახებ. ერთ-ერთი მათგანია ამჟამინდელი კულტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის მოსაზრება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით 2018 წლით დათარიღებულ ფაილშია ასახული.


გასაჯაროებული ტექსტის მიხედვით, წულუკიანმა ეს შეხედულება უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან საუბარში გამოთქვა. ცხადია, რომ ერთი პოლიტიკოსის შეხედულება სხვა პოლიტიკოსთან დაკავშირებით არ შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და მისი გამოქვეყნების მიზანი, შესაძლელებლია, მხოლოდ საუბრებში ნახსენები პირების ან მათი ურთიერთობის შესახებ საზოგადოებაში კონკრეტული განწყობის ჩამოყალიბება იყოს.


კიდევ ერთი პირადი საუბარი, რომელიც მედიამ გაასაჯაროვა, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და მისი დის, ნატალია შიოლაშვილის სატელეფონო დიალოგია, რომელიც პატრიარქის პირად სეიფს ეხებოდა: „უპრეცედენტო სკანდალი - 'ქართული ოცნება' პატრიარქსაც უსმენდა“.


იმის გათვალისწინებით, რომ უშუალოდ საუბრის შინაარსი არც ამ შემთხვევაში შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ტექსტის გამოქვეყნების მიზანი აქაც შესაძლოა მხოლოდ შინაარსის გასაჯაროება და „განიუსება“ იყოს.


ზოგადად, გასაჯაროებულ „კრებსებში“ აშკარად ჭარბობს ინფორმაცია ეკლესიისა და სასულიერო პირების შესახებ, რაც აგრეთვე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ცალკეული მედიასაშუალებების მიზანი ამ შემთხვევაში საპატრიარქოსთან, კონკრეტულ მღვდელმონაზვნებთან და ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში გარკვეული განწყობების ჩამოყალიბებაა.


მაგალითად, გასაჯაროვდა საუბრის შინაარსი, რომელიც მედიის ცნობით, პატრიარქობის ამბიციის მქონე მღვდელმთავრებს ეხება. საუბრის ავთენტიკურობა, ცხადია, დადგენილი არც ამ ჩანაწერთან მიმართებაში არ არის, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გაუგებარია, თავისთავად რა დანაშაულს შეიცავს „პატრიარქობის ამბიცია ილია მეორის შემდეგ“ და რა მოტივით იხელმძღვანელა მედიამ აღნიშნული კონტენტის გასაჯაროების დროს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მედიის მესვეურებმა თავადაც არაერთხელ განაცხადეს, რომ თავს შეიკავებდნენ სასულიერო პირების პირადი საუბრების გამოქვეყნებისგან.


გაუგებარია, აგრეთვე, რა დანაშაულის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს საუბარი, რომელიც „საიდუმლო ფაილების“ თანახმად პატრიარქის დაცვის უფროსს, ვანო კობაიძესა და „ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელს“ შორის შედგა და რომლის შინაარსიც იმაში მდგომარეობს, რომ „საპატრიარქოში ილია მეორისთვის ვაქცინის გაკეთების საკითხი განიხილებოდა“.


ეკლესიასთან მიმართებაში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს ასევე ე.წ „დოსიეების“ ის ნაწილი, რომელიც პირად ცხოვრებას და სექსუალურ ინტერესებს შეეხება.


აქ მედია, ერთი მხრივ, ცდილობს გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და დაიცვას პიროვნების კონფიდენციალობა, როცა საქმე დანაშაულთან არ გვაქვს, თუმცა თავისთავად იმ (დაუდასტურებელი) ინფორმაციის ტირაჟირებამ, რომ ბერებსა და მონაზვნებს მასობრივად აქვთ სექსუალური ურთიერთობები როგორც საპირისპირო, აგრეთვე იმავე სქესის წარმომადგენლებთან, შესაძლოა გამოიწვიოს ინსტიტუტის რეპუტაციის შელახვა და დისკრედიტაცია მორწმუნე მრევლის თვალში.


ჩამოთვლილი (და სხვა) მაგალითებიდან ცხადია, რომ სავარაუდო ფარული ჩანაწერებისა და „დოსიეების“ კონკრეტული შინაარსის გამოქვეყნების მიზანი ხშირად უბრალოდ შეუძლებელია იყოს დანაშაულის აღკვეთა ან მისი პრევენცია, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ ამგვარი გაშუქების რეალური მიზანი და შედეგი ცალკეული პირების ან ინსტიტუციების მიმართ საზოგადოებაში სასურველი განწყობის ჩამოყალიბებაა, რაც, ამავე დროს, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევის ფონზე ხორციელდება.


ამ შემთხვევაში მედიას, ცხადია, არავინ ადანაშაულებს და ვერც დაადანაშაულებს კერძო კომუნიკაციის უკანონო ჩაწერაში, თუმცა გაშუქების დღევანდელი ტენდენციით მედიასაშუალებების ნაწილი სისხლის სამართლის შესაძლო დარღვევით მოპოვებულ, პირადი კომუნიკაციის ამსახველ მასალას ხელმისაწვდომს ხდის, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ მომავალში გამოძიება „გაჟონილი მასალების“ (ან მათი ნაწილის) ფალსიფიკაციას დაადგენს (რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია იქედან გამომდინარე, რომ დიალოგების ნაწილს მითითებული მოსაუბრეები საერთოდ უარყოფენ), მედია შესაძლოა, დეზინფორმაციის გავრცელების ან სულაც კონკრეტული პირების მიზანმიმართული დისკრედიტაციის პროცესის უნებლიე თანამონაწილეც კი აღმოჩნდეს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 1437
0 Comments