წითელი ვერსია
  • 4
  • 3381

„პირველის“ სადღესასწაულო დღეები

19 იანვარი 2021

2021 წლის პირველ დღეს ტელეკომპანია „პირველმა“ საზოგადოებას ავისმომასწავებელი გზავნილით ამცნო, რომ „ახალი წელი საქართველოში სისხლიანი ოჯახური დრამით დაიწყო.“


აუდიტორიისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ უნდა ჩაითვალოს ახალი წლის „საწყის მომენტად“ მაინცდამაინც ბორჯომში მომხდარი ტრაგედია, სადაც 1 იანვარს შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 1958 წელს დაბადებული ი. პ.: ამავე დღეს, რასაკვირველია, არაერთი სხვა ამბის მომსწრენიც გავხდით, ხოლო ტრაგედიები და, მათ შორის, დანაშაული, სამწუხაროდ, ნებისმიერ წელს და ნებისმიერ დღეს შეიძლება მოხდეს.


ასეა თუ ისე, ნამდვილად შეუძლებელია 2021 წელთან დაკავშირებით რაიმე ობიექტური პროგნოზი გავაკეთოთ ზემოხსენებული დამთრგუნველი გზავნილისა და სიუჟეტის მიხედვით, თუმცა ამ ფრაზით „პირველმა“ ბევრი რამ გვითხრა თავის სარედაქციო სტილზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე მომდევნო ორი კვირისა და, შესაძლოა, მთელი წლისთვისაც.


მართლაც, 1-დან 15 იანვრის ჩათვლით, ანუ სწორედ მაშინ, როცა საზოგადოება ცდილობს, დადებითი განწყობა შეინარჩუნოს და განიტვირთოს იმ პრობლემებისგან, რომელთა ჩამონათვალს შარშან პანდემია და ცხოვრების სრულიად უჩვეულო რეჟიმიც დაემატა, ტელეკომპანია „პირველი“ ტრადიციულად, განსაკუთრებული ემოციურობით, ფართოდ და დაწვრილებით აშუქებდა ლამის ყველა მძიმე დანაშაულს, ამ პერიოდის მანძილზე რომ მოხდა.


ცხადია, თავისუფალ მედიას ვერავინ დაავალდებულებს, იზრუნოს საზოგადოების სადღესასწაულო განწყობაზე და ვერც კრიმინალის გაშუქებას აუკრძალავს ვინმე. მაგრამ ისიც ხომ უდავოა, რომ ტელემაუწყებლობას და, კერძოდ, კრიმინალის გაშუქებასაც ეხება გარკვეული დაწერილი თუ დაუწერელი ნორმები, რომელთა უგულებელყოფის პრობლემაც იანვრის დასაწყისში ტვ „პირველზე“ (ისევე როგორც ზოგადად, ოპოზიციურ ქართულ ტელემედიაში) კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.


დავიწყოთ თუნდაც თემატიკით და დავსვათ, ერთი შეხედვით, პროვოკაციული კითხვა: რომელი კრიმინალური შემთხვევა, ანუ რომელი დანაშაული შეიძლება გახდეს საერთოეროვნული მასშტაბის მაუწყებლის ახალი ამბების ინტერესის საგანი?


დასავლურ მედიაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, საერთოეროვნული მაუწყებლები, როგორც წესი, თავს იკავებენ ყველა მძიმე დანაშაულის გაშუქებისგან უშუალოდ საინფორმაციო გამოშვების ფორმატში (ამისთვის საინფორმაციო გამოშვებისთვის განკუთვნილი მთელი დროც კი არ იქნებოდა საკმარისი) და აქცენტს აკეთებენ იმ შემთხვევებზე, სადაც მკაფიოდ იკვეთება საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრობლემა და ინტერესი;


მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, გენდერული ან სხვა რომელიმე ტიპის იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაული, პოლიტიკური საფუძვლის მქონე დანაშაული (მაგ.: ტერორისტული აქტი), კრიმინალი, სადაც იკვეთება სამართალდამცველი ორგანოებისა თუ, ზოგადად, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ან ბრალეულობა; განსაკუთრებული ხასიათის ან მასშტაბის მქონე დანაშაული (მაგალითად, მასობრივი მკვლელობა) და ა.შ.


რაც შეეხება დანარჩენ კრიმინალურ შემთხვევებს, მათ, როგორც წესი, აშუქებენ ლოკალური, ადგილობრივი მედიასაშუალებები, რომლებიც ორიენტირებული არ არიან საერთოეროვნული საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემების განხილვაზე; ასეთი შემთხვევები შეიძლება გაშუქდეს საერთოეროვნული მაუწყებლების მიერაც, ოღონდ სპეციფიკური პროგრამების ფარგლებში, რომლებიც უშუალოდ კრიმინალს ეძღვნება.


საქართველოს ოპოზიციური ტელევიზიები კი, პირიქით, დღეს, ფაქტობრივად, ნებისმიერ მძიმე კრიმინალურ ამბავს აშუქებენ და ხშირად მათ ხელოვნურ პოლიტიზებასაც ახდენენ: როგორც წესი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ადანაშაულებენ პოლიციას (პასიურობაში), სასამართლოს (მიკერძოებაში), მთლიანად ხელისუფლებას (დამნაშავეთა წახალისებაში) და ა.შ.


ამ სტრატეგიის მიზანი ცხადია, მმართველი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციაა, თუმცა პოლიტიკური ბრძოლის ასეთი მეთოდის პირობებში, რომელიც მედიის მეშვეობით ხორციელდება, ხელისუფლებაზე მეტად ზარალდება „რიგითი მაყურებელი“, ანუ მთელი საზოგადოება, რადგან მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის ნაცვლად იგი მედიისგან იღებს ნეგატიურ იმპულსს, რაც ფსიქოლოგიური ტერორის ერთ-ერთ ფორმადაც შეიძლება მივიჩნიოთ.


ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე მიანიშნებს ისიც, რომ კრიმინალური შემთხვევების რაოდენობისა და მათთვის დათმობილი დროის გარდა, ქართულ ტელემედიაში ყურადღებას იქცევს გაშუქების ფორმაც, რაც ხშირად არ შეესაბამება კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკის აღიარებულ სტანდარტებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია იგივე ტვ „პირველი“.


კრიმინალი აქ, როგორც წესი, გადაჭარბებული ემოციურობით და, შეიძლება ითქვას, პათეტიკური ტონითაც კი შუქდება. არადა, ტრაგიკულ შემთხვევებს არ სჭირდება არც ემოციური შეფასებები (როგორებიცაა, მაგალითად, „სასტიკი“, „სისხლიანი“, „საზარელი“ და ა.შ.), და არც სუბიექტური დამოკიდებულების დემონსტრირება.


ეს შეიძლება მიზნად ისახავდეს მაყურებლის კიდევ მეტად დათრგუნვას, თუმცა ამავე დროს ასეთი სტილი აუდიტორიის ყურადღების მიპყრობისა და „რეიტინგის მოპოვების“ სპეციფიკურ, „ყვითელ“ მეთოდადაც შეიძლება ჩაითვალოს, რითაც ტვ „პირველი“ ასევე გამოირჩევა.


სავარაუდოდ, ამავე მიზნებს ემსახურება ამ ტელეკომპანიისთვის დამახასიათებელი, მოვლენის აღწერის კატეგორიული ტონიც. მაგალითად, მხოლოდ ჩვენ მიერ დასახელებულ დროის მონაკვეთში (1-15 იანვარი) ტელეკომპანია ასეთი ფორმით იუწყებოდა მომხდარი დანაშაულების შესახებ: „სამეგრელოში მეზობელმა მეზობელი მაკრატლით დაჭრა“, „თბილისში ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა“ , „შვილმა მამა სამზარეულოს დანით მოკლა“ და ა.შ., რაც ტელევიზიის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის აშკარა უგულებელყოფაა, რადგან გამოძიების დასრულებამდე არავის აქვს უფლება, დამნაშავედ გამოაცხადოს ესა თუ ის პირი.


პირიქით, ასეთ დროს, თუ მედია ბრალდებულზე მაინც გაავრცელებს ინფორმაციას (რაც, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, ასევე არ არის რეკომენდებული), საკმარისი იქნება თქვას, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მსხვერპლის ძმა (მეზობელი და ა.შ.), მაგრამ არ შეიძლება, ბრალდებული წინასწარ გამოაცხადოს დამნაშავედ.


ეს მცირე მიმოხილვა, ცხადია, ვერ მოიცავს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 1-15 იანვარს გაშუქებულ ყველა კრინიმალურ შემთხვევას, ისევე, როგორც ამ გაშუქებისას გამოვლენილ არაეთიკურობასა და მიზანმიმართულ მანიპულაციას, თუმცა შეიძლება დაგვანახვოს ის ზოგადი ტენდენცია, რომელიც დღეს ქართულ „კრიტიკულ ტელემედიაში“ შეინიშნება და განსაკუთრებით გამომწვევი ფორმა სწორედ ტვ „პირველზე“ შეიძინა.


თვალსაჩინოებისთვის, თვალი გადავავლოთ ხსენებულ პერიოდში ტვ „პირველის“ საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქებული მძიმე დანაშაულის სტატისტიკას და იმ ტერმინოლოგიასაც, რომელსაც ეს ტელევიზია, როგორც წესი, კრიმინალის გაშუქებისას იყენებს:


გარეკანზე გამოყენებულია The Daily Beast-ის ილუსტრაცია

ზვიად ავალიანი
  • 4
  • 3381
0 Comments