წითელი ვერსია
  • 0
  • 4381

„მთავარი არხის“ მთავარი ცოდვა

05 ნოემბერი 2020

ჩვენში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ისედაც პოლიტიკურად მიკერძოებული საქართველოს ტელემედია არჩევნების პროცესში კიდევ უფრო პოლარიზებული ხდება. გასულ კვირაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ UNDP-ის მედიამონიტორინგის ანგარიშში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ „პოლარიზება განსაკუთრებით შესამჩნევია ტელევიზიებში,“ ეს მით უფრო საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვადასხვა გამოკვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80% მიმდინარე მოვლენებზე ძირითადად სწორედ ტელევიზიის საშუალებით იღებს ინფორმაციას.


წლევანდელი საარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი თავისებურება ის გახლავთ, რომ, თუ ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზია მეტ-ნაკლებად მაინც ცდილობდა (თუმცა უმეტესწილად უშედეგოდ), არ გადაელახა „წითელი ხაზები“, „მთავარმა არხმა“ დემონსტრაციულად განაცხადა უარი ყველა პროფესიული სტანდარტის დაცვაზე და საბოლოოდ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ გამოხატავს და ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს, არამედ თავად წარმოადგენს ამ პარტიას.


ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა კენჭისყრის დღეს. 31 ოქტომბერს, ცესკოს მიერ შედეგების გამოქვეყნებამდე, „მთავარი არხის“ სპეციალურ გადაცემაში ოპოზიცია გამარჯვებულად გამოაცხადეს თავად ამ ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებზე დაყრდნობით. როგორც სხვა ეგზიტპოლებმა და ოფიციალურმა შედეგებმა ცხადყო, ეს გამოკითხვა მნიშვნელოვნად იყო აცდენილი რეალობას და არხი თავის აუდიტორიას მთელი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, დეზინფორმაციით ჰკვებავდა.


„მთავარი არხი“ ცესკოს ჯერ კიდევ ოქმების გამოქვეყნებამდე ადანაშაულებდა არჩევნების გაყალბებაში და ცდილობდა, ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში შეექმნა რადიკალური საპროტესტო განწყობა. ნიშანდობლივია, რომ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამჯერად არ დასჯერდა მისთვის უკვე ტრადიციად ქცეულ გინებასა და ბილწსიტყვაობას (რამაც 31 ოქტომბრის ღამეს განსაკუთრებით ამაზრზენი ფორმა მიიღო) და სოციალური ქსელისა თუ ტელეეთერის საშუალებით პირდაპირ მოუწოდებდა ოპოზიციურ პარტიებს აქციებისკენ, „ქუჩაში გასვლისკენ“ და დესტაბილიზაციისკენ. „გძინავთ და ბუზებს ითვლით თქვენს ოფისებში, ნაცვლად იმისა, რომ მიხვიდეთ ცესკოსთან...“ მისთვის ჩვეული „განგსტერული“ უტიფრობით ამუნათებდა გვარამია ოპოზიციის ლიდერებს.


ასეთი „ჟურნალისტიკა“ თავისთავად უარყოფითად აისახება არჩევნების პროცესზე, მაგრამ ყურადსაღებია ისიც, რომ, როდესაც ამგვარ „ტელეგანგსტერიზმებს“ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან რეაქცია არ მოჰყვება, ეს სტილი შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს სხვა მედიასაშუალებებისთვისაც.


ისედაც გვარიანად დაზიანებულ და ზეპოლიტიზებულ ქართულ მედიაგარემოს, სადაც ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა ხშირად სერიოზულ პრობლემად იქცევა, არჩევნების პროცესში, ჩვენ თვალწინ, დაემატა ახალი, კიდევ უფრო არაეთიკური „მთავარი არხის“ სტანდარტი, რომლის მთავარი სამიზნეც (და მსხვერპლიც!) საკუთარი ტელეაუდიტორიაა.


ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი და საფუძველი, შესაძლოა, იმ კანონმდებლობაში იყოს საძიებელი, რომელიც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას არეგულირებს. 2004 წლის ივნისში „ვარდების რევოლუციის“ ტალღაზე მიღებული კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ დიდწილად აშშ-ის კანონმდებლობასა და სამართალწარმოების გამოცდილებას ემყარება და მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპული პოზიციისგან, სადაც ამ კუთხით უფრო მაღალი მოთხოვნები და სტანდარტებია დაწესებული. დღეს სწორედ ეს კანონი იცავს „მთავარ არხს“, გვარამიასა და არაერთ სხვა პირსა თუ ორგანიზაციას, რომლებიც ხშირად ელემენტარული ეთიკის უგულებელყოფით შეურაცხყოფენ მათთვის მიუღებელ ადამიანებსა თუ ინსტიტუტებს.


მიუხედავად იმისა, თუ რა სულიერ, მორალურსა თუ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებენ თავიანთი თავდასხმის ობიექტს, მედიასაშუალებებს ეს ყველაფერი გამოხატვის თავისუფლებაში ეთვლებათ. ამიტომ ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად მსჯელობენ იმაზე, რამდენად შეესაბამება ჩვენი კანონმდებლობა ჩვენსავე რეალობას და ადგილობრივ სპეციფიკას. ვიდრე ეს მსჯელობა მიმდინარეობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „მთავარი არხის“ პროდუქცია არა მარტო არღვევს მაუწყებლობის ევროპულ სტანდარტებს, არამედ ხშირად ეწინააღმდეგება თვით საქართველოში მოქმედ უფრო ლიბერალურ კანონმდებლობასაც. ეს კი ცხადყოფს, რომ პრობლემა მხოლოდ კანონმდებლობა არ არის და მისი შეცვლა ავტომატურად ვერ გადაჭრის ყველა ამოცანას.


მაგალითად, „მთავარი არხის“ ხსენებული საგანგებო ეთერი, ისევე, როგორც ამ არხის პოლიტიკური გადაცემების უმრავლესობა პირდაპირ არღვევს საქართველოს „მაუწყებლობის ქცევის კოდექსს“, რომელიც არაორაზროვნად უკრძალავს მაუწყებელს ისეთი მასალის გადაცემას, „რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაული ან გამოიწვიოს საზოგადოებრივი არეულობა და ანტისოციალური ქმედება.


ზაალ ანჯაფარიძე
  • 0
  • 4381
1 Comments

Манана Гигиберия

ვწეროთ და ვიკითხოთ და მერე რა ?