წითელი ვერსია
  • 0
  • 3607

ვინ გაავრცელებს მეტ ყალბ ამბავს?

25 სექტემბერი 2020

გასული ორი კვირის მანძილზე ქართულ ტელემედიაში ფანტასტიკური შინაარსის იმდენი ყალბი ამბავი გავრცელდა, კაცს ეგონება, რომ მედიასაშუალებებს შორის ერთგვარი ჩემპიონატია გაჩაღებული: ვინ უფრო მეტ დამაჯერებელსა თუ დაუჯერებელ ტყუილს მოიფიქრებს.


თანაც, თუ აქამდე „ფეიკ-ნიუსის“ გავრცელებაში ყველაზე ხშირად „მთავარი არხი“ იყო შემჩნეული, დღეს მას უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევენ „ფორმულა“ და, განსაკუთრებით, ტვ „პირველი“, რომელიც ამ არხზე ნოდარ მელაძის გადასვლის შემდეგ საოცარი ტემპით გარდაიქმნა რადიკალურად ოპოზიციურ, „ყველაფრის მკისრებელ“ მედიასაშუალებად და სულ უფრო მეტად ემსგავსება იმავე „მთავარ არხს“.


ყალბი ამბების გავრცელების „შეჯიბრში“ ანგარიში 13 სექტემბერს გახსნა „ფორმულამ“, სადაც გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემა „დროებაში“ გავიდა სიუჟეტი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე.


სიუჟეტში გვიმტკიცებენ, თითქოს გარდაცვლილი ქალიშვილის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ფოტოებით დასტურდება, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მას ეძებდნენ, აღმოჩენის ადგილზე არ იყო და ის მხოლოდ მოგვიანებით, უკვე გვამთან ერთად მიიტანეს და დააყენეს საავტომობილო გზის პირას.


როგორც აღვნიშნეთ, გადაცემა ეთერში 13 სექტემბერს გავიდა, ხოლო მასში წარმოდგენილი ფოტოები მოქცეულია პროგრამა Zoom Earth-ის საძიებო პანელში, ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოსახულება სწორედ ამ პროგრამის გამოყენებით იქნა მოპოვებული. სიუჟეტში ისმის ჟურნალისტის ხმაც, რომელიც ამბობს, რომ „პროკურატურამ ფოტოების ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუმცა ოფიციალურად საპასუხო მტკიცებულებები არ წარუდგენია“.


არადა, ჯერ კიდევ 9 სექტემბერს Zoom Earth-მა თავისი ოფიციალური „ტვიტერის“ საშუალებით გვაცნობა, რომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ 8 სექტემბერს იმავე „ფორმულის“ ეთერში გასაჯაროებული (და გადაცემა „დროების“ სიუჟეტში გამოყენებული) ფოტოები „ტოტალურად გაყალბებულია“. მიუხედავად ამ განცხადებისა, „დროებაში“ ეს გარემოება უგულებელყვეს. შედეგად კი შეიქმნა ყალბი ამბავი, თითქოს ფოტოები ნივთმტკიცებაა, რომლის უარმყოფელი ფაქტიც არ არსებობს.


ეთერში სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე დღეში ტვ „პირველმა“ აშკარად დაჩრდილა „ფორმულის“ გაყალბებული ფოტოები. კერძოდ, 19 სექტემბერს „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსში არხმა შემაშფოთებელი მუსიკითა და მღელვარე ინტონაციით წაკითხული ტექსტით გვამცნო, თითქოს ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში მარიხუანის პლანტაციები აქვს გაშენებული და ამ საქმეს იქ მისი დაარსებული „თანაინვესტირების ფონდის“ თანამშრომლები კურირებენ.


ეთერში ანონსის გასვლიდან რამდენიმე საათში „თანაინვესტირების ფონდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: „ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მისი ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს, არავითარი კავშირი არ აქვს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მფლობელი გახლავთ ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა, რომელსაც არანაირი შეხება ჩვენს ფონდთან არ გააჩნია“.


ამის მერე ტვ „პირველზე“ გასულ ანონსს შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა კომპანია „ფარმინი“: „გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ანონსის შინაარსით, რომელშიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე საუბარია საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ურუგვაიში დაფუძნებულ ჩვენს კომპანიასთან. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია PHARMIN-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა. PHARMIN-ი ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფის კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის წარმოებაა. კომპანია ოპერირებს ურუგვაიში ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონის დაცვით. გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ PHARMIN-ის პროდუქცია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება“.


გამოდის, რომ ეთერში ანონსის გასვლიდან რამდენიმე საათში უკვე ორი სხვადასხვა ოფიციალური წყაროდან არსებობდა მოპოვებული „ინფორმაციის“ უარმყოფელი არგუმენტები და ფაქტობრივი მტკიცებულებები, თუმცა შაბათს, 19 სექტემბერს, ხსენებული სიუჟეტი ნოდარ მელაძის გადაცემაში მაინც გავიდა და მტკიცებით ფორმაში გაგრძელდა საუბარი იმაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში მარიხუანის პლანტაციას აშენებს და 40 ტონა მოსავალს ელოდება.


ამ სიუჟეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „რადიკალურად ოპოზიციური“ ქართული მედია არათუ არ ამოწმებს ფაქტებს, არა მარტო ქმნის საკუთარ, „ალტერნატიულ“ რეალობას, არამედ დასაბუთებული კონტრარგუმენტების გაჩენის შემდეგაც არ წყვეტს სიცრუის გავრცელებას.


რადიკალური პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში კონკურენცია მედიასაშუალებებს შორის მედიის განვითარებას არ განაპირობებს, რადგან იმის ნაცვლად, რომ სატელევიზიო ბაზარი შეისწავლონ და მაყურებელს მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი შესთავაზონ, ყურადღების მიპყრობას ტელეკომპანიები თეატრალიზებული შოუებითა და „ფეიკ-ნიუსის“ გავრცელებით ცდილობენ.


  • 0
  • 3607
0 Comments