წითელი ვერსია
  • 1
  • 5048

უჭერს თუ არა მხარს „რუსთავი 2“ პეტრე ცაავას?

06 მაისი 2021

მკითხველს სათაური, შესაძლოა, უცნაურად მოეჩვენოს, თუმცა არანაკლებ უცნაური და ლოგიკას მოკლებული იყო „რუსთავი 2“-ის „კურიერის“ მთავარ გამოშვებაში 26 აპრილს გასული სიუჟეტი „ნამახვანიდან ჭყონდიდამდე“, რომელიც ტელეკომპანიის ვებგვერდზე ასე იყო დასათაურებული: „‘კურიერის’ ინფორმაციით, ვარლამ გოლეთიანის ოჯახი მიტროპოლიტ სტეფანეს მრევლია - დგას თუ არა ნამახვანის პროცესების უკან საპატრიარქო?“


რაკი სიუჟეტში ასეთი „ხმამაღალი“ კითხვა დაისვა, ლოგიკური იქნებოდა, გვენახა „კურიერის“ მიერ მოპოვებული რაიმე სკანდალური მასალა, რომელიც დაგვარწმუნებდა, რომ „ნამახვანის პროცესების“ უკან საპატრიარქო დგას. მაგრამ მაყურებელი მალევე დარწმუნდა, რომ ლოგიკის კანონებთან სიუჟეტს საერთო ცოტა ჰქონდა და არც ამ კითხვას პასუხობდა.


მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო არა ნამახვანის პროტესტზე, არამედ... სულ სხვა მოვლენაზე – ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე სასულიერო პირებს შორის და იმაზე, ვინ ჩავიდა სოფელ სალხინოში ჭყონდიდელი ეპისკოპოსის, სტეფანეს მხარდასაჭერად და რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან ამ პირებს.


რეპორტაჟი იწყება საუბრით ვარლამ გოლეთიანზე. ავტორები გვიყვებიან, როგორ გაემიჯნა ის ბზობის დღესასწაულამდე ნამახვანჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად ჩასულ იმ პირებს, წარსულში ჰომოფობიური განცხადებებით რომ გამოირჩეოდნენ, და ბზობის დღესასწაულზე, როგორ აღმოჩნდა ეს ხალხი კვლავ ერთად მეუფე სტეფანეს მხარდასაჭერად.


შემდეგ გვიჩვენეს მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) კომენტარი იმის თაობაზე, რომ სალხინოში დღესასწაულის აღსანიშნავად ვარლამ გოლეთიანის ჩასვლა, მაშინ, როდესაც იქ ჩასული იყო „ქართული მარში“ და „ქართული იდეა“, გაუმართლებელი იყო, რადგან ეს ძალები „სხვა ქვეყნების დაკვეთებს ასრულებენ“. რესპონდენტმა იქვე დასძინა, რომ გოლეთიანსა და ჩამოთვლილ ორგანიზაციებს შორის ტოლობის ნიშანს არ სვამდა.


მოვუსმინეთ თეოლოგ ზვიად ცაბაძესაც, რომელმაც ისაუბრა ჯონდი ბაღათურიაზე და სხვა, მისივე თქმით, პრორუსულ ჯგუფებზე, რომლებიც „საპატრიარქოს გულშემატკივრობენ და იქ ჩნდებიან, სადაც საპატრიარქო ან მისი რომელიმე წარმომადგენელი უბრძანებთ.“


ამის შემდეგ ჟურნალისტმა ასე ჩამოაყალიბა რეპორტაჟის მთავარი კითხვა: დგას თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების უკან მეუფე სტეფანე და, ნაწილობრივ, საპატრიარქო? ამ კითხვის პასუხად ავტორმა გვიამბო, რომ ვარლამ გოლეთიანი და მისი ოჯახი მეუფე სტეფანეს მრევლის წევრები არიან, გოლეთიანის მამა ცაგერ-ლენტეხის ეპარქიაში 28 სოფლის ერთადერთი მღვდელია, მას და მეუფეს უკვე ორი ათწლეულია, ახლო ურთიერთობა აკავშირებთ და ა. შ.


მან გაუსვა ხაზი იმ გარემოებასაც, რომ თავად მიტროპოლიტი ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და პროტესტის მონაწილეებს ამბიონიდანაც უჭერს მხარს.


ამ ინფორმაციით, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო, დაიწყო და, ფაქტობრივად, იქვე დასრულდა კიდეც კავშირის ძიება საპატრიარქოსა და ნამახვანის მოვლენებს შორის, თუმცა რეპორტაჟი გაგრძელდა და გაჰყვა ჭყონდიდის თემას. ჟურნალისტმაც განაგრძო მტკიცება, რომ ლამის ყველა, ვინც ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტის მხარდასაჭერად ბზობის დღესასწაულზე სალხინოში ჩავიდა, „ბნელი“ და „პრორუსია“.


აშკარად იკვეთებოდა ჩასულებს შორის მჭიდრო კავშირის დამტკიცების მცდელობაც, რაც ზოგჯერ, მეტი რომ არა ვთქვათ, არასერიოზულ ხასიათს იძენდა. მაგალითად, ავტორმა გვამცნო, რომ კავშირი გოლეთიანებსა და მეუფე სტეფანეს მხარდამჭერებს შორის ერთ-ერთი ფეისბუკგვერდიდანაც იკვეთება.


ამ დროს ეკრანზე გამოჩნდა ფეისბუკის გვერდი სახელწოდებით „ეროვნება ქართველი“, რომლის შესახებაც ავტორი გვეუბნება, რომ „არ იცის, ვის ეკუთვნის ეს გვერდი“, თუმცა მისთვის საეჭვო და „უჩვეულო“ გამოდგა, რომ ამ გვერდზე ატვირთული იყო გოლეთიანის გამოსვლებიც და „ჰომოფობიური განცხადებებიც და ჩანაწერებიც სხვადასხვა პრორუსული ძალების მონაწილეობით“.


რეპორტაჟში გვიჩვენეს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც, რომელიც ამბობდა, რომ საერთოდ არ იცნობს ვარლამ გოლეთიანს და სალხინოში მეუფე სტეფანეს მხარდასაჭერად ჩავიდა.


მიუხედავად იმისა, რომ ბაღათურიას მეუფე სტეფანესადმი თავისი მხარდაჭერის დამალვა არც უცდია, ჟურნალისტმა განაგრძო მისი „კავშირის“ შესწავლა, ერთი მხრივ, ჭყონდიდის ეპისკოპოსთან და, მეორე მხრივ, გურამ ფალავანდიშვილთან, რომელიც ბზობის დღესასწაულზე ასევე იმყოფებოდა სალხინოში.


სიუჟეტში აჩვენეს კადრებიც, სადაც მეუფე სტეფანეს უკან დგანან პირები, რომლებიც, რეპორტაჟის ავტორის თქმით, „ახლო კავშირში“ არიან გურამ ფალავანდიშვილთან. ეს, შესაძლოა, სიმართლეც იყოს, მაგრამ გაუგებარია, რა შუაშია და რა პასუხს გვაძლევს ეს ყველაფერი კითხვაზე „დგას თუ არა საპატრიარქო ნამახვანის პროტესტის უკან?“.


უშუალოდ ნამახვანის შესახებ რეპორტაჟიდან გავიგეთ მხოლოდ ის, რომ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციების მონაწილეთა ნაწილი მეუფე სტეფანეს მხარდასაჭერად ბზობის დღესასწაულზე იმყოფებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტში.


რეპორტაჟი არა მხოლოდ არ პასუხობდა მთავარ კითხვას, არამედ მას შინაარსობრივადაც აცდენილი იყო. მაყურებელს არ მოუსმენია არცერთი განცხადება თუ შეფასება, რომელიც დაგვანახვებდა საპატრიაქროს პოზიციას ნამახვანის პროექტის მიმართ ან დაადასტურებდა, რომ საპატრიარქო ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.


სიუჟეტის ფარგლებში არავის უცდია იმის დადგენა, როგორია სინოდის წევრთა, ან სხვა ავტორიტეტიან სასულიერო პირთა პოზიცია პროექტის მიმართ. ავტორები მხოლოდ იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ ყველა, ვინც ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ წირვა-ლოცვას დაესწრო, „პრორუსი“ და მეუფე სტეფანეს მოკავშირე იყო, ხოლო თავად მეუფე გაიგივებული იყო, მთლიანად, საპატრიარქოსთან.


ამ მხრივ „კურიერის“ სიუჟეტი თითქმის ზუსტად იმეორებდა სქემას, რომლითაც ეპარქიაში მიმდინარე კონფლიქტს აშუქებენ ოპოზიციური არხები, განსაკუთრებით კი ტვ „პირველი“ და „მთავარი არხი“.


ეს მედიასაშუალებები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა მიტროპოლიტი სტეფანე და, მისი სახით, საქართველოს საპატრიარქო „ბნელ“ ძალად წარმოაჩინონ, ხოლო ეკლესიიდან განკვეთილი პეტრე ცაავა წარმოგვიდგინონ უსამართლოდ რეპრესირებულ, პროგრესულ მღვდელმთავრად.


ასეა თუ ისე, „რუსთავი 2“-ის მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა ის, თუ რა კავშირშია მარტვილში ბზობის დღესასწაულზე ჩასულ პირთა პოლიტიკური ბიოგრაფია ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხში საპატრიარქოს პოზიციასთან.


  • 1
  • 5048
0 Comments