წითელი ვერსია
  • 9
  • 10843

უამრავი ტელევიზია და არაინფორმირებული მოქალაქე

01 დეკემბერი 2020

ეპიდემია, პირველ რიგში, სოციალური მოვლენაა და ამ გაგებით, საუკეთესო კატალიზატორია ნებისმიერი სოციუმის ძლიერი თუ სუსტი მხარეების გამოსავლენად.


2020 წელი ურთულესი წელი აღმოჩნდა არა მარტო ჩვენი საზოგადოების, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. გლობალური პანდემია, ეკონომიკური პრობლემები, დაძაბულობა რეგიონსა და მსოფლიოში, ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად გადაქცეული არჩევნები: ასეთ რეჟიმში ცხოვრობს საქართველო უკვე თითქმის ერთი წელიწადია, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიური და ეკონომიკური სტრესის მიუხედავად, განვლილმა წელმა დაგვანახვა, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას შეუძლია პასუხისმგებლობიანი ქცევით უპასუხოს დროის ყველა გამოწვევას.


საქართველოს მოსახლეობამ ეპიდემიის პირობებში დაამტკიცა, რომ შეუძლია იზრუნოს საკუთარი და სხვისი სიცოცხლისათვის, მხარში ამოუდგეს გაჭირვებაში მყოფ თანამოქალაქეს, იმუშაოს დისტანციურად და ამ ყველაფერთან ერთად მივიდეს არჩევნებზე და იფიქროს იმაზე, რა და როგორ აჯობებს ჩვენი პატარა სახელმწიფოსთვის.


გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა პრობლემები, რომლებიც, შესაძლოა, მანამდეც ჩანდა, მაგრამ განსაკუთრებით შესამჩნევი შეიქნა კრიტიკულ სიტუაციაში. თვალშისაცემი და გამაღიზიანებელი გახდა ქართულ მედიაში არსებული პრობლემებიც.


ბოლო ერთი წლის მანძილზე ქართული საზოგადოება ხშირად იძულებული ხდება, თვალყური ადევნოს, როგორ მიზანმიმართულად მუშაობს პარტიულ დღის წესრიგს დაქვემდებარებული მედიის ერთი ნაწილი საიმისოდ, რომ დაზაფროს, დააშინოს საზოგადოება, დათესოს პანიკა და ამ მიზნის მისაღწევად არ ერიდება აკრძალულ ილეთებს: მანიპულაციას, დეზინფორმაციას, სიყალბეს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, არაეთიკურ ქცევას, ბილწსიტყვაობას, უმძიმესი პირადი ემოციების აფიშირებას...


ამ მიმართულებით „ოპოზიციური ჟურნალისტიკის“ სკანდალურმა „სახეებმა“ საკუთარი, განუმეორებელი ხელწერა შეიმუშავეს: ზოგმა ბილწსიტყვაობით დაგვამახსოვრა თავი, ზოგი ინსცენირების დიდოსტატად ჩამოყალიბდა, ზოგიც დავით გურამიშვილს ეჯიბრება შემოქმედებით მოთქმა-დატირებაში.


ამ ფონზე სრულიად გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ტვ „პირველის“ მთავარმა პროდიუსერმა ნოდარ მელაძემ. გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, ერთდროულად იყენებს ყველა ზემოთჩამოთვლილ „მეთოდს“, არ ერიდება მაყურებლისთვის ფსიქო-ემოციური ტრავმის მიყენებას და მასზე ზემოქმედების მიზნით ერთგვარ „ტელეჰიპნოზსაც“ მიმართავს.


ამგვარი „ჟურნალისტიკის“ მაგალითი იყო 28 ნოემბრის ეთერიც, სადაც წამყვანმა შთაგონებული ხმით გამოგვიცხადა, რომ „საავადმყოფოებში ადგილი არ არის! იქ მხოლოდ პრივილეგირებულებს იღებენ! ვიდრე გადაცემა დასრულდება, ქვეყანაში მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი ახალი დაღუპული გვეყოლება. ხელისუფლებაში ქაოსია! ვითარება, მართლა ძალიან მძიმეა! ვირუსი არ დაგვინდობს არც ჩვენ!“


ამ ტექსტის მერე კი დაიწყო ნატა ქაჯაიას სიუჟეტი იმაზე, როგორი დაუცველია ღარიბი გოგოს დედა და როგორი დაცულია ტარიელ ონიანის მშობელი:


კადრი იხსნება სასაფლაოს ზედხედით და მოთქმა-ზარით დედისა, რომლის 26 წლის ქალიშვილიც „კოვიდ-19“-მა იმსხვერპლა. დედის მონათხრობით ირკვევა, რომ გოგოს დროულად ვერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ასეთი სურათის ნახვისას მაყურებელსაც არაფერი რჩება იმის გარდა, რომ თავადაც იგლოვოს გარდაცვლილი ქალიშვილიც, დედამისიც, საკუთარი თავიც და მთელი სამყაროც, რომელსაც აუცილებლად გაანადგურებს ვირუსი, რადგან, როგორც მელაძე ირწმუნება, „არავინ არაფერი იცის, არავინ უწყის, როდის დასრულდება ეს კოშმარი და მის წინაშე ყველა უძლურია.“


„ნოდარ მელაძის შაბათის“ მაყურებელი ვერასდროს შეიტყობს, რომ სინამდვილეში გასული წლის მანძილზე ექიმებმა საკმაოდ ბევრი რამ გაარკვიეს ახალი კორონავირუსის შესახებ და უკვე არაერთმა ქვეყანამ აუწყა მსოფლიოს ვაქცინის შექმნის ამბავიც და ისიც, რომ მისი გამოყენება, სავარაუდოდ, დეკემბერშივე დაიწყება.


ტვ „პირველის“ მაყურებელს არავინ უხსნის, რომ, როცა გიჭირს, დროულად უნდა აკრიფო 112, 144 ანაც 1505, ანდა, თუ საშუალება გაქვს, ambulatoria.moh.gov.ge-ზე მონახო შენი ოჯახის ექიმი, მისი დახმარებით გაერკვე ვითარებაში და სიტუაციის ადეკვატურად იმოქმედო. „ნოდარ მელაძის შაბათის“ მაყურებელი ვერც იმას შეიტყობს, რას ითვალისწინებს პროტოკოლი, როდის ეკუთვნის ინფიცირებულს საავადმყოფოში გადაყვანა და როდის − ტესტირება. ამ სიუჟეტის ამოცანა აშკარად არ არის მაყურებლის ინფორმირება. მისი დანიშნულებაა მაყურებლის დაშინება, დათრგუნვა და გაბრაზება.


სიუჟეტის ნახვის შემდეგ მაყურებელს მხოლოდ ის „ეცოდინება“, რომ საავადმყოფოებში „პრივილეგირებული პაციენტებისთვის“ ადგილი ერთი ზარით თავისუფლდება. თუმცა ავტორებმა ვერ დამალეს, რომ, მართალია, ექიმებმა ქალიშვილის გადარჩენა ვერ შეძლეს, ის საავადმყოფოში მაინც მოხვდა.


ამის შემდეგ ჟურნალისტი ცდილობს, ქვეტექსტებით დაგვარწმუნოს, რომ „კოვიდ-19“-ით დაავადებულ პაციენტთა გადარჩენის ერთადერთი პირობა თუ გარანტია საავადმყოფოში დროულად მოხვედრაა. არადა, სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა: „კოვიდ-19“-ის წამალი ჯერჯერობით არ არსებობს და ექიმები ტყუილად არ გვაფრთხილებდნენ, რომ საქმე გვაქვს ვერაგ ინფექციასთან, რომლისგან თავდასაცავადაც აუცილებელია გარკვეული შეზღუდვების შემოღება.


ცნობისათვის: რამდენიმე კვირის წინ საქართველოში შეიცვალა ახალი კორონავირუსის მკურნალობის სამედიცინო პროტოკოლი, რადგან ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა და გამოიკვეთა, რომ ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარს მიუახლოვდა. ძველი პროტოკოლის პირობებში სისტემა ვერ გაუძლებდა პაციენტთა ასეთ მოზღვავებას და ამიტომ დღეს საავადმყოფოში ხვდება ის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.


ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში, სამწუხაროდ, ტრაგიკული შემთხვევებიც ხდება და ვერც პიროვნული შეცდომებისგან ვიქნებით ასი პროცენტით დაზღვეული, მაგრამ რადიკალურად ოპოზიციური მედია ამ შემთხვევებისთვის მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ჯანდაცვის სისტემას აკისრებს პასუხისმგებლობას. არადა, ასეთ დროს ურიგო არ იქნებოდა იმ პოლიტიკოსთა ხსენებაც, ახლო წარსულში კამერების წინ დემონსტრაციულად რომ არღვევდნენ უსაფრთხოების წესებს და აცხადებდნენ, რომ შეზღუდვების მიზანი პოლიტიკურია და მათ დაუმორჩილებლობა უნდა გამოვუცხადოთ.


პანდემიის პირობებში ცხოვრებას თავისი წესები აქვს და, როდესაც პოლიტიკოსი სულ რაღაც ერთი თვის წინ აცხადებდა, „კოვიდი“ ჩვეულებრივი გრიპია და ამის გამო მასობრივი მიტინგების ჩატარებაზე უარი არ უნდა ვთქვათო, დღეს ამ პოლიტიკოსს ის მაინც უნდა ჰკითხო, თუ „კოვიდი“ ჩვეულებრივი გრიპია, რაღა საჭიროა ამ გრიპით დაავადებულისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება ან მისი საავადმყოფოში გადაყვანა?


„ნოდარ მელაძის შაბათში“ ეს კითხვები არ დასმულა. სამაგიეროდ, ჟურნალისტმა „დაგვარწმუნა“, რომ, თუ „კანონიერი ქურდის“ ოჯახის წევრი არ ხარ, საავადმყოფოში ვერ მოხვდები, ხოლო თუ სუს-ში ან თავდაცვის სამინისტროში არ მუშაობ, კომფორტულ „კოვიდსასტუმროს“ ვერ ეღირსები. მერე რა, რომ სინამდვილე სხვაგვარია − გადაცემის მიზანი ხომ მიღწეულია: მაყურებლის დიდი ნაწილი შეშინებული და დათრგუნვილია, ბევრმა უკვე დაიჯერა, რომ საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მონახოს გავლენიანი ნათესავი, მეგობარი ან მეზობელი, რათა საავადმყოფოში მოხვდეს და გადარჩეს.


არაერთ სხვა სუსტ რგოლთან ერთად პანდემიამ ჩვენი მედიის სისუსტეც გამოავლინა: ქვეყანაში, სადაც ბეჭდური მედიის, რადიოსა და ონლაინმედიასაშუალებათა გარდა 50-ზე მეტი ტელევიზია ყოველდღიურად ავრცელებს ახალ ამბებს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციის გარეშეა დარჩენილი და ვერ გაურკვევია, ვის მიმართოს და როგორ მოიქცეს „კოვიდ-19“-ის სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში.


ლელა კურდღელაშვილი
  • 9
  • 10843
0 Comments