წითელი ვერსია
  • 1
  • 12481

წამყვანის „წყევლა" პირდაპირ ეთერში

26 ოქტომბერი 2020

ბოლო დროს ქართულ ტელეჟურნალისტიკაში დამკვიდრებული ე.წ. „მონოლოგი“ უკვე აღარავის უკვირს. ქართველი მაყურებელი შეეჩვია იმას, რომ ტელეწამყვანები ლამის პოლიტიკოსებად ქცეულან და თანდათან სულ უფრო ემსგავსებიან ქუჩაში გამართულ რომელიმე მიტინგზე გამომსვლელ ორატორებს; ტელემაყურებელი მიეჩვია იმასაც, რომ ამ მონოლოგის დროს ჟურნალისტი ბრაზდება, ჩხუბობს, შეურაცხყოფას აყენებს ყველას, ვინც მისგან განსხვავებულად ფიქრობს და ზოგჯერ იგინება კიდეც...


და მაინც, მრავლისმნახველი ქართველი მაყურებლისთვისაც კი ძნელი სანახავი და მოსასმენი გამოდგა თათა ჩიკვილაძის 23 ოქტომბრის მონოლოგი, რომელიც წინ უძღოდა „მთავარი არხის“ გადაცემა „დღის სტუმარს“.


წამყვანის წყევლა-კრულვა პირდაპირ ეთერში ნამდვილად „ახალი სიტყვაა“ ქართულ ჟურნალისტიკაში. ძნელია, სხვა სახელი უწოდო იმას, რასაც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი „სახე“ მთელი ხუთი წუთის მანძილზე აკეთებდა; ამ მცირე ხანში მან მოასწრო და თითქმის მთელი საქართველო დასწყევლა, ფაქტობრივად ქვა-ქვაზე არ დატოვა, ეკრანიდან სულ ბოსხის სურათები გვაყარა თავზე და ეს დამთრგუნველი სიტყვა წმინდა გიორგის ხატთან გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ფოტოთი დაასრულა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მონოლოგის დასრულებისთანავე „დღის სტუმრის“ სტატუსით შემოვიდა ეთერში და წამყვანს ქართულ ჟურნალისტიკაში ანთებული „ახალი ვარსკვლავი“ უწოდა.


აქვე გთავაზობთ ამონარიდს „მონოლოგიდან“:


„...როგორც წყევლა, ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე ნაწინასწარმეტყველები კუბოები, ისე სდევს ამ წელს; არადა, თავისსავე გაცემულ დაპირებებს რომ გაჰყოლოდა ის მთავარი მწყემსი, წელს მეოთხე კი არა, მერვე − ნამდვილად საუკეთესო წელი − უნდა გვქონოდა და ვერავის უნდა გაებედა თავმოხსნილი ხელყუმბარით ბანკში შევარდნა და ათობით ადამიანის მძევლად აყვანა. და ის, რაც აქამდე მხოლოდ ფილმში გვენახა და შორიდან ნანახიც კი გვზაფრავდა, ახლა ჩვენს ქვეყანაში აქვე, ყურის ძირში ხდება.


გუშინწინ ზუგდიდში, გუშინ ქობულეთში, ხვალ თბილისში, იმის მერე რუსთავში, შემდეგ თელავში და ამის შემდგომ თქვენი სახლის ქვემოთ და ბოლოს, თქვენს სახლში შემოიჭრებიან! დაგემუქრებიან! დაგაშინებენ! წაიღებენ! გაგიყოლებენ! ჩაგიყოლებენ! ზუსტად ისე, როგორც დღეს სხვებს და რა?! გგონიათ, ვინმე გამოიძიებს, თქვენ რომ მოგწვდებიან? გგონიათ, მწყემსი დაილევა თქვენზე სალაპარაკოდ, ან გგონიათ, ვინმეს ემახსოვრებით აქედან ორ-სამ კვირაში? არა! არავის და ვერავის! იმიტომ, რომ თქვენ მერე თქვენს მოგვარეს, შემდეგ იმის ახლობელს, შემდეგ თქვენს თანამშრომელს, შემდეგ თანამშრომლის ბიძას და ასე შემდეგ, მიწვდებიან, დააშინებენ, დაზაფრავენ და, სანამ თქვენ ამის გამორკვევაში იქნებით, ახალი წრედი წამოვა და ასე დაავიწყდებით ყველას.

თქვენს დავიწყებას კიდევ ერთი მიზეზი ექნება: არც ერთი ის საქმე, რომელიც ახლა ჩამოვთვალე, რომელზეც ამდენი ვიტირეთ, წელს თუ გასულ წლებში, არ გამოძიებულა და არათუ არ გამოძიებულა, ან მყისიერი ქმედება მოჰყვა, ადეკვატური რეაგირება პოლიციის მხრიდან არცერთ ამ საქმეზე არ ყოფილა, რადგან არც ამის ინტერესი და არც პოლიტიკური ნება ამ ქვეყანაში აღარ არსებობს, რადგან პოლიტიკურ ნება-სურვილთან ერთად, საქმის კეთებას ნირი უნდა და არა მწყემსი ან ის, რომ დამყაჩაღებელი ფულს ითხოვდეს სახელმწიფოსგან, სახელმწიფო კი ბანკს აყაჩაღებდეს, როგორც რეკეტიორი − იმისთვის, რომ ყაჩაღს აძლევდეს შემდგომ.


აქედან ჩნდება კითხვა, რად გვინდა ასეთი ხალხი ხელისუფლად? რად გვინდა ასეთი მმართველი ქვეყანაში, რომელსაც ჯიგრულ-ქართულ პონტში, მამენტ, ყველა ვმართავთ? თუ ამას მართვა ჰქვია, როცა ერთი გამტაცებელი თავზე გვახევს ქვეყანას. რად გვინდა ის მატყუარა კაცი სათავეში, რომლის პირობებში საზღვარს ყოველდღე გვიწევენ და არათუ რამის შემცვლელი, ხმის ამომღები კაცი არაა! ისეთი მმართველი ხომ გვინდა, რომლის დანიშნული მერებიც ადამიანებს შარდს უსვამენ სახეზე და რომლებსაც მათივე შეთითხნილი სასამართლო ამართლებს შემდგომ?! იქნებ გაქვთ ვინმეს პასუხი, რად გვინდა ასეთი ხელისუფალი?!


დაბოლოს, თუ რამე მეგონა, დარჩა ამ სახელმწიფოში ცოტათი მაინც გამართული, საბანკო სისტემა და იქ დამონტაჟებული კამერები იყო, მაგრამ ახლა, არათუ ღამით ქუჩაში გასვლა, ბანკში შესვლაც კი შემაშინებს; იმიტომ, რომ ისედაც ჯაჭვური რეაქციის მქონეა კრიმინალი და წაქეზდნენ დამნაშავეები. იციან: თუ კარგად მოითხოვენ, ფულს მიიღებენ და სამშვიდობოსაც გავლენ, მერე შორიდან ჩართავენ ტელევიზორს და მოღიმარ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ, რომელიც იტყვის: 10 მილიონიც რომ მოეთხოვათ, იმასაც მივცემდითო! თქვენ რომ იძლევით, გასაგებია, ოღონდ ეს ქვეყანა სახელმწიფოდ აღარ ვარგა, ამის მაგალითია ზუგდიდის ყაჩაღობაც და, ალბათ, რომ არა კორონა, მარტო გომელაურ-გახარია, ივანიშვილ-ღარიბაშვილი, თალაკვაძე-კობახიძეებიღა იქნებოდა ეს ქვეყანა და უკეთესი აღებ-მიცემობაც, მაგრამ იქნებ, როგორც ზოგი ჭირი მარგებელია, ეგებ ამ ჭირმა გვიშველოს და ერთხელ და სამუდამოდ, მხოლოდ ვინმეს ჯინაზე კი არა, ამ ქვეყნისთვის რამე შევძლოთ და შევცვალოთ.


ვსაუბრობთ ჩამოშლილ სახელმწიფოში დამყაჩაღებლის მიერ ძალიან მაგრად შესრულებულ ოპერაციაზე, სადაც გამარჯვებული მხოლოდ თავად ყაჩაღია, ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს კი, გადარჩენას, რა თქმა უნდა, ვულოცავ და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამყარებას და ამ ქვეყანაში ცხოვრების ყოველდღიურობასთან გასამკლავებლად გამძლეობას ვუსურვებ! რასაც ნამდვილად ვერ ვუსურვებ არსებულ ხელისუფლებას.“


ამ სიტყვებით დასრულდა მონოლოგი და დაიწყო ინტერვიუ. „ყოველგვარი შესავლის გარეშე (?!) ჩვენი სტუმარი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი!“ – გამოგვიცხადა წამყვანმა და გაბადრული ღიმილით მიესალმა „სკაიპში“ შემოსულ რესპონდენტს.


ლელა კურდღელაშვილი
  • 1
  • 12481
0 Comments