წითელი ვერსია
  • 2
  • 4107

ცალმხრივი „პატრიოტიზმი“ ოპოზიციურ ტელემედიაში

05 თებერვალი 2021

„რუსული თემით“ მანიპულირება და ხელისუფლების პრორუსულობაში „მხილება“ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებულმა ტელეკომპანიებმა კარგა ხანია, თავიანთი სარედაქციო პოლიტიკის ნაწილად აქციეს, რის შედეგადაც მაყურებელი ხშირად ხდება დეზინფორმაციისა თუ მანიპულაციის მსხვერპლი.


3 თებერვალს „მთავარმა არხმა“ მოამზადა ვრცელი რეპორტაჟი სახელწოდებით „საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან დაფინანსებული ოკუპაცია“. რეპორტაჟი სწორედ მაყურებლის ემოციების გამწვავებისა და ანტისახელისუფლო განწყობის გაღვივებისკენ იყო მიმართული.


ავტორთა თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ფული ოკუპანტი ქვეყნის, ანუ რუსეთის კომპანიებზე იხარჯება. თანაც, მათივე მტკიცებით, ეს ხდება გორში, შიდა ქართლში, რომელიც, ფაქტობრივად, კონფლიქტის ზონაა და იქ ოკუპაციის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას.


რეპორტაჟის თანახმად, გორის მერიამ რუსეთის კომპანიებს მილიონები გადაურიცხა, ანუ მერიამ ამ კომპანიებისგან ტექნიკა და რუსული წარმოების საკვები პროდუქტები შეიძინა. საერთოდაც, „მთავარი არხის“ მტკიცებით, რუსეთის კომპანიები გორში უკონკურენციოდ იგებენ ტენდერებს და თავიანთ პროდუქციასაც კარგა ძვირად ასაღებენ.


გარდა ამისა, რეპორტაჟში გორის მერს მიაწერენ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ომი საქართველომ დაიწყო“. რესპონდენტები, „მთავარ არხზე“ დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ძირითადად, ხელისუფლების ოპონენტები არიან, რომლებიც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ და ავტორებს ყველაფერში ეთანხმებიან.


რეპორტაჟში არ არის წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ იმავე პროდუქციის შეძენა სხვა კომპანიებისგან უფრო იაფად იქნებოდა შესაძლებელი. მაყურებელს არ უნახავს შეძენილი პროდუქტის არცერთი ნიმუში, რათა გაერკვია, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მოთხრობილი ამბავი.

„მთავარი არხის“ ინფორმაციის ერთადერთი წყარო „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ფილიალია, რომელიც, როგორც დაინტერესებული მხარე, მაყურებლისათვის სანდოდ ვერ ჩაითვლება.

სხვათა შორის, რეპორტაჟში არც ის უთქვამთ, სად, როდის და რა გარემოებაში გააკეთა გორის მერმა განცხადება ომის დაწყებასთან დაკავშირებით.


ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტების უგულებელყოფის გარდა, რეპორტაჟში კიდევ ერთხელ გამოვლინდა „მთავარი არხისთვის“ დამახასიათებელი პოლიტიკური მიკერძოება და „ორმაგი სტანდარტი“ რუსეთისა და რუსეთის კომპანიების მიმართ დამოკიდებულების საკითხში.


მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან საუბრისას, არხი მუდამ „გვერდს უვლის“ იმ გარემოებას, რომ რუსეთის კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების მიყიდვა 2004-2012 წლებში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. მეტიც, მაშინდელი ხელისუფლება ასეთ ბიზნესს სრულიად გამართლებულად მიიჩნევდა.


საქართველოს რუსული კაპიტალის აღარ ეშინია“ − ასეთ „ლოზუნგებს“ შეხვდებოდით ქართულ მედიაში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ; „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი აცხადებდა, რომ „ინვესტიციებს ეროვნება არ გააჩნია“, რომ „რუსული ინვესტიციები თანდათანობით იკიდებს ფეხს ქართულ ეკონომიკაში" და, რომ ის პირად გარანტიებს სთავაზობს რუს ინვესტორებს.

საჯარო სივრცეში დღესაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმაზე, თუ როგორი მზარდი ტემპით დაიწყო საქართველოში შემოდინება რუსულმა კაპიტალმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არც 2008 წელს შეწყვეტილა, და არც შემდგომ წლებში, ხოლო რუსეთის კომპანიებისთვის გადაცემული, მათ შორის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხ მართლაც შთამბეჭდავია.


„მთავარი არხის“ მესვეურებს საქართველოში რუსული კაპიტალისა და რუსეთის კომპანიების აქტიურობა მართლა რომ აინტერესებდეთ, სულ იოლად მოიძიებდნენ გამოკვლევებს, რომლებიც ადასტურებენ: რუსული კაპიტალი საქართველოში უპრობლემოდ შემოედინებოდა არა მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, არამედ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც. სწორედ ამ პერიოდში შემოვიდა ქართულ ბაზარზე რუსული გიგანტი „ინტერ რაო“, რომელმაც თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ აქციათა 75% შეიძინა და ქვეყანაში ელექტროენერგიის უმსხვილესი დისტრიბუტორი გახდა.


დაინტერესებული ჟურნალისტი იმასაც აღმოაჩენდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი „საიმიჯო“ პროექტის, ქუთაისის პარლამენტის შენობის, ასაგებად მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის კომპანიისთვის „ხრამჰესის“ მიყიდვით მიღებული თანხა გამოიყენა.


ზაალ ანჯაფარიძე
  • 2
  • 4107
0 Comments