წითელი ვერსია
  • 4
  • 5572

ტრაგიკო-მედია

12 სექტემბერი 2020

„რადიკალურად ოპოზიციური“ მედია საქართველოში ნებისმიერი ადამიანური ტრაგედიის პოლიტიზებას რომ ეწევა და პარტიული აგიტაციისათვის იყენებს, სიახლე არ გახლავთ. მთელი ზაფხულის განმავლობაში, „მთავარი არხი“, ტვ „პირველი“ და „ფორმულა“, ძირითადად, სწორედ ამგვარი საქმიანობით იყვნენ დაკავებული, მაგრამ როდესაც ამ სტრატეგიამ შედეგი ვერ გამოიღო და მომხდარი ტრაგედიებისთვის პოლიტიკური სარჩულის მიკერების მცდელობაში საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მათ მხარი არ აუბა, ხსენებულმა მედიასაშუალებებმა ახალი ტაქტიკა აირჩიეს.


ამ „ახალი ჟურნალისტიკის“ მიზანი და სტილი ნათლად გამოიკვეთა ყველაზე გახმაურებული შემთხვევების − გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეების − გაშუქების პროცესში, როცა მედია, იმისთვის, რათა თემას მაღალი რეიტინგი შეუნარჩუნოს, ტრაგედიის კომედიად ან, სულაც, საცირკო წარმოდგენად გარდაქმნასაც არ ერიდება.


ამ ტაქტიკაში სხვებზე ადრე თავი გამოიჩინა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. კერძოდ, 9 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მსჯელობის მოტივით, ნიკა გვარამიამ თავისი გადაცემის საეთერო დრო მთლიანად დაუთმო ვინმე ბაჩანა ლობჟანიძეს, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად აცხადებს. მაყურებელმა იხილა ეპატაჟური და „ყვითელ“ სკანდალზე ორიენტირებული ინტერვიუ, რომელმაც ლობჟანიძის პერსონაჟი ბაჩალიაშვილის საქმეში განსაკუთრებით აქტუალური გახადა.


პერფორმანსის ნიშნები ინტერვიუს პირველივე წუთებიდან იკვეთება, როცა მაყურებელი თავად წამყვანისგან იგებს, რომ ეთერამდე რამდენიმე საათით ადრე „ჟურნალისტმა“ გვარამიამ „რესპონდენტი“ ლობჟანიძე შინ მიიპატიჟა და, როგორც თავად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გვაუწყებს, ალკოჰოლით გაუმასპინძლდა. შემდეგ გვარამიამ, უკვე როგორც „წამყვანმა“, იმედი გამოთქვა, რომ ჟურნალისტსა და რესპონდენტს ალკოჰოლის ზემოქმედება არ შეეტყობათ და... დაიწყო ტრაგიკომიკური წარმოდგენა.


გარდაცვლილის თვითგამოცხადებულ შეყვარებულს, რომელიც „მთავარმა არხმა“ მაყურებელს წარუდგინა, როგორც მომხდარის ირგვლივ მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და დეტალების მცოდნე ადამიანი, გვარამია უსვამს ისეთ შეკითხვებს, რომელთა საქმესთან დაკავშირებაც წარმოუდგენელია. ესეც რომ არა, კითხვები გასართობ-იუმორისტულ გადაცემას უფრო მოუხდებოდა და აშკარად შეუსაბამოა ტრაგიკულ ისტორიასთან, რომლითაც „მთავარი არხი“ მანიპულირებს.


მაგალითად, რატომ შეიძლება საზოგადოებას აინტერესებდეს, ჰქონდა თუ არ ჰქონდა ნაჭამი სოკო ბაჩანა ლობჟანიძეს, რომელიც საერთოდ სადავოა, იყო თუ არა იმდენად ახლობელი თამარ ბაჩალიაშვილისთვის, რამდენადაც თავად აცხადებს და, შესაბამისად, გაურკვეველია, საერთოდ ფლობს თუ არა გამოძიებისთვის ღირებულ ინფორმაციას.


ამ საკითხებში გარკვევის ნაცვლად საათნახევრიანი ეთერის უდიდესი ნაწილი დაეთმო გარდაცვლილის პირად ცხოვრებაზე საუბარს და მისი სექსუალური ორიენტაციისა თუ მიდრეკილებების განხილვას; ითქვა, რომ ის, შესაძლოა, ლესბოსელი იყო; გვაუწყეს, რომ გარდაცვლილსა და გვარამიას რესპონდენტს სექსი არასდროს ჰქონიათ და ა.შ.


გადაცემაში დასმული, სკანდალურ შოუზე ორიენტირებული შეკითხვები, არანაკლებ ეპატაჟური პასუხები და თავად პერსონაჟი, რომლის საუბარიც ხშირად ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია, აღძრავს ეჭვს არა მხოლოდ წამყვანის, არამედ მისი რესპონდენტის ადეკვატურობის თაობაზეც. ამ უკანასკნელს წამყვანი აშკარად დამამცირებელ კონტექსტში წარმოაჩენს: „23 წლის ხარ და რას ნიშნავს, რომ აქამდე სექსი არ გქონია?“ − ეკითხება გვარამია თავის სტუმარს, თითქოს საზოგადოებას ძალიან აინტერესებდეს, ჰქონდა თუ არა აქამდე სექსი ბაჩანა ლობჟანიძეს.


გადაცემის მსვლელობისას გვარამია პირდაპირ ეთერშივე ამოწმებდა, რამდენი ადამიანი უყურებდა მის ინტერვიუს „ფეისბუკში“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად არის ორიენტირებული „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი რეიტინგსა და „ნახვებზე“ თვით ყველაზე ტრაგიკული შემთხვევების გაშუქების პროცესშიც კი.


მაყურებლისთვის ტრაგიკომიკური პერსონაჟების გაცნობაში „მთავარ არხს“ არც ტვ „პირველი“, ჩამორჩა. ზემოხსენებული ეთერიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 21 აგვისტოს, მან შემოგვთავაზა კიდევ ერთი „სკანდალური ინტერვიუ“. „პოპულარული სახე“ ამჯერად გახდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე, რომელიც, ბაჩანა ლობჟანიძისა არ იყოს, იმდენად წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანი განცხადებებით გამოირჩევა, რომ მაყურებელს მეტად უჭირს მისი საუბრიდან აზრის გამოტანა.


ეს გარემოება საზოგადოებისთვისაც და, ცხადია, ტელეკომპანიის მესვეურთათვისაც ცნობილი იყო 21 აგვისტომდეც. ამიტომ ლოგიკურია ვარაუდი, რომ ზ.ხ.-ს მამასთან ინტერვიუს გზით ტვ „პირველი“ შეეცადა შეექმნა ახალი, „საკუთარი“ საცირკო წარმოდგენა და თემის გარშემო შექმნილი „ინტრიგით“ რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მიეზიდა.


ამ მიზნის მისაღწევად ზ.ხ.-ს მამის მეშვეობით არხმა დაიწყო ისეთი შეთქმულების თეორიების ტირაჟირებაც, როგორიცაა, მაგალითად, „თეთრი ისრის ეპიზოდი“; ცნობისთვის: ზ.ხ.-ს მამის განცხადებით, საქართველოში მოქმედებს კრიმინალური სადამსჯელო სინდიკატი „თეთრი ისარი“, რომელიც „სამართლიანობის ძალადობრივი გზით აღდგენით“ არის დაკავებული. თამაზ ხომასურიძის მტკიცებით, ამჟამად ეს ორგანიზაცია გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავს.


ამგვარი განცხადებებისთვის ეთერის დათმობით და, განსაკუთრებით, ზ.ხ.-ს მამის „ტელეგააქტიურების“ შემდეგ ტვ „პირველმა“ შაქარაშვილის ტრაგედიის გაშუქება, ფაქტობრივად, B კატეგორიის „ბოევიკის“ ჟანრში გადაიყვანა, რაც ნამდვილად ვერ ჩაითვლება გარდაცვლილის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად.


  • 4
  • 5572
0 Comments