წითელი ვერსია
  • 12
  • 10014

როგორი (არ) უნდა იყოს ჟურნალისტის კითხვა და პოლიტიკოსის პასუხი

26 ივლისი 2022

25 ივლისს ირაკლი კობახიძესა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შორის მომხდარი ინცინდენტი ყველა ოპოზიციურმა არხმა ფრაგმენტულად გააშუქა. ტელეარხებზე და ონლაინმედიაში გავრცელდა ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმის ამსახველი კადრები, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, - პოლიტიკოსის მიერ ჟურნალისტის ყოვლად გაუმართლებელ შეურაცხყოფაზე.


პოლიტიკოსმა ჟურნალისტს ამ ფორმით და შინაარსით არ უნდა უპასუხოს, - მას აქვს თმენის ვალდებულება და ამას მოითხოვს პოლიტიკური კულტურაც;


მაგრამ ასეთივე სტანდარტი აქვთ ჟურნალისტებსაც;


„მთავარი არხის“ ჟურნალისტის ეს კითხვა, თუ კითხვების კასკადი, რომელიც რეალური ინფორმაციის მიღებას ან დაკონკრეტებას არ ისახავდა მიზნად, შესანიშნავი მასალაა მომავალი თუ დღევანდელი ჟურნალისტებისთვის - როგორ არ უნდა დაისვას კითხვა, როგორ არ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი და როგორი არ არის ჟურნალისტური სტანდარტი.


მეტი თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ კითხვა-პასუხის თანმიმდევრობა.


ჟურნალისტი: ბ-ნო ირაკლი, დავით არახამიამ თქვენ გახსენათ გუშინ, რომ თქვენ კგბ-ს აგენტის შვილი ხართ და შესაბამისად, არ უკვირს, რომ თქვენ რუსეთთან თანამშრომლობთ. რას უპასუხებთ მას?


ირაკლი კობახიძე: ნუ, მარტივად ვიტყვი, არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.


ჟურნალისტი: კგბ-ს აგენტის შვილი არ ხართ, ბ-ნო ირაკლი?


კობახიძე: არახამია არის არაკაცი...


ჟურნალისტი: და მამათქვენი ვინ არის? ბოდიში, მამათქვენი ვინ არის შეგიძლიათ გვითხრათ? არა აქვს დადასტურებული, მამათქვენი რომ კგბ-ს მიერ იყო „დავერბოვკებული?“


კობახიძე: კაგებეშნიკი“ არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ. მადლობა.


ჟურნალისტი: ბ-ნო ირაკლი, თქვენ არ იცით სად მუშაობს მამათქვენი? მამათქვენს მთელი საქართველო იცნობს...


კობახიძე: „კაგებეშნიკი“ არის მამათქვენი...


ჟურნალისტი: (იმეორებს) მამათქვენს მთელი საქართველო იცნობს.. „დავერბოვკებული“...


კობახიძე: სახე დაკარგე... არ გრცხვენია?!


ჟურნალისტი: მე რატომ უნდა მრცხვენოდეს? დავით არახამიაც საუბრობს ამაზე. მამა...


კობახიძე: შენ ხარ დავით არახამია...


ჟურნალისტი: მამათქვენს არა აქვს დადასტურებული, რომ „დავერბოვკებული“ იყო რუსეთის კგბ-ს მიერ?


კობახიძე: როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. მადლობა.


ჟურნალისტი: უხერხულია ახლა... სირცხვილია უბრალოდ...


კობახიძე: სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა გიღირს ამად? სირცხვილია. სამარცხვინო ხარ...


ჟურნალისტი: შეკითხვა დაგისვით, მთელი უკრაინა საუბრობს ამაზე. არ გრცხვენიათ? ეგ მაინტერესებს, ბატონო ირაკლი...


კობახიძე: სახე დაკარგე, პოლიტიკის გულისთვის. "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი.


ჟურნალისტი: ბ-ნო ირაკლი სირცხვილია... მმართველი პარტიის თავმჯდომარე როდესაც ხართ... სირცხვილია...


კობახიძე: პირი მოიწმინდე, რომ ლაპარაკობ, სირცხვილია მართლა....


ჟურნალისტი: (არ ისმის)...


კობახიძე: სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის. სამარცხვინო შენ!


ამ დიალოგში რამდენიმე პრობლემაა: 1) პოლიტიკოსის ქცევა; 2) ჟურნალისტის ქცევა 3) მისი არასათანადო გაშუქება, რაც შემდგომში არაადეკვატურ რეაგირებას იწვევს და მედიის მიმართ ნდობას ამცირებს.


ჰარვარდის უნივერსიტეტის ბერკმან კლაინის კვლევითი ცენტრის გამოცემაში - "პრინციპები ახალი მედიაწიგნიერებისათვის”, მწერალი და კოლუმნისტი დენ გილმორი ამბობს: „დასვით უამრავი შეკითხვა - ეს პრინციპი დაეხმარება მედიამომხმარებელს, მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია“.


ჟურნალისტმა ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს, მაგრამ რა გადაამოწმა ჟურნალისტმა ამ შემთხვევაში?


ჟურნალისტის წყარო იყო დავით არახამიას მიერ „დაგუგლული“ ინფორმაცია ირაკლი კობახიძის მამის შესახებ, რომელიც ჟურნალისტმა უტყუარ ფაქტად მიიღო; ჩათვალა, რომ გადამოწმება არც კი სჭირდება და კობახიძისგან „აღიარებითი ჩვენების “ მიღება სცადა ფრაზებით: - „მთელი უკრაინა ამაზე ლაპარაკობს“, „საქართველოში მამათქვენს ყველა იცნობს, როგორც აგენტს...“


ანუ ჟურნალისტმა კობახიძის მამა აპრიორი აგენტად წარმოაჩინა და თან შვილის დამუნათებას შეეცადა - როგორ არ რცხვენია მას ამის გამო.


მსგავსი კითხვის დასასმელად, ჟურნალისტს ხელთ უნდა ქონდეს უტყუარი დოკუმენტი და უნდა დაუსვას კითხვა თავად ადრესატს. როცა ჟურნალისტს ასეთი ფაქტი აქვს, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიმართ უნდა დაისვას კითხვა: იცოდა თუ არა მან ამის შესახებ?


რა გავიგეთ გუშინდელი კითხვა-პასუხიდან? რისთვის დახარჯა ჟურნალისტმა ამდენი ძალისხმევა? გავიგეთ, ირაკლი კობახიძის მამა არის თუ არა აგენტი? რა თქმა უნდა - არა!


მაგრამ იმას მაინც თუ გავიგებთ, რომ წესიერმა და პროფესიონალმა ჟურნალისტმა კითხვა ასე არ უნდა დასვას და პოლიტიკოსმა კი, არცერთ შემთხვევაში, ასე არ უნდა უპასუხოს, გამოდის, ამ ინცინდენტს ერთი პოზიტიური შედეგი მაინც მოუტანია.




ფოტო kvirispalitra.ge

ანა კორსანტია
  • 12
  • 10014
0 Comments