წითელი ვერსია
  • 0
  • 6350

როგორ შეუძლიათ ჟურნალისტებს კორონავირუსის გავრცელების შეფერხება

26 მარტი 2020

დიდი სათაურია. ალბათ გაუმართავიც. მაგრამ არც შემოკლება მიცდია და არც სხვაგვარი ფორმულირება. ამჯერადაც უპირველესი შინაარსია.


პრაქტიკულად, სწორედ ასე სათაურდება ყველა ის დისკუსია, რომელიც ბოლომდე ამოუცნობი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში მედიის პასუხისმგებლობას შეეხება.


ოქსფორდის უნივერსიტეტში როიტერის ინსტიტუტია ბაზირებული. ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ინტერნაციონალიზებული მედია-ინსტიტუტი მსოფლიოში. ინსტიტუტი, რომელსაც ოქსფორდის ყველა ადრეულ თუ თანამედროვე მიღწევაზე რეალური დროის რეჟიმში მიუწვდება ხელი, მათ შორის, ცხადია, მედიცინის კლასტერიდანაც. ყველა მეილი, ვებინარი თუ უბრალოდ მისალმება, რომელიც მათგან მოდის, იწყება გეგმიური გაფრთხილებით, რომ „ხშირად და გულმოდგინედ უნდა დაიბანოთ ხელები; შეჩერდეთ და დაფიქრდეთ, სანამ რამეს გააზიარებთ სოციალურ ქსელში; მაქსიმალურად დაიცვათ სოციალური დისტანცია, რათა ინფექციის გავრცელების მრუდი დაღმა მიმართოთ“.


ამ რჩევათა სამეულიდან პირადი ჰიგიენის დაცვისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია ბევრად იოლი შესასრულებელია, ვიდრე მესამე - ინფორმაციის უშრეტი ნაკადიდან დეზინფორმაციის გამორჩევა და შეკავება.


„ჩვენ ვებრძვით არა მხოლოდ ეპიდემიას, არამედ ინფოდემიასაც“,


- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.


და აქ მედიის როლი მართლაც შეუფასებელია.


ჟურნალისტებს მართლაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ეპიდემიის გავრცელების შეფერხებაში (ისევე, როგორც საპირისპირო პროცესში).


თუმცა, საამისოდ ზოგი ელემენტარული და ზოგიც უფრი სიღრმისეული ფაქტორის გააზრებაა საჭირო.


გლობალური პანდემიის გაშუქება რთული ამოცანაა. მოითხოვს საექსპერტო ცოდნასთან წვდომას და ისეთი რთული დისციპლინების გაგებას, როგორიც, მაგალითად, ეპიდემიოლოგია და გლობალური ჯანდაცვაა.
აი, რამდენიმე რჩევა და ორიენტირი როიტერის ინსტიტუტისგან, როგორ იყოს მედია უფრო ზუსტი და სასარგებლო უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ კორონავირუსი კვლავაც იქნება დედამიწის #1 ამბავი.


სხვა კრიზისებისგან განსხვავების შესახებ


COVID-19 ყოვლისმომცველი ისტორიაა. არსებობს, სულ მცირე, სამი გარემოება, რაც მას ყველა წინა კრიზისისგან გამოარჩევს. ა) მასშტაბურობა - პრაქტიკულად, არ არსებობს სიახლე, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მას არ უკავშირდება; ბ) გაურკვევლობის ხარისხი - ვირუსი უკვე 3 თვეა არსებობს და ბოლომდე დაუდგენელია, როგორ ვრცელდება და რა უნდა უპასუხოს ჯანდაცვის სექტორმა. მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ აჩქარებული ტემპით ედება მსოფლიოს, გაურკვევლობა კი უამრავ ადგილს ტოვებს დეზინფორმაციისა და სპეკულაციებისთვის; გ) სოციალური ქსელების როლი - ისინი წინა ეპიდემიების დროსაც აქტიურობდნენ, მაგრამ ამჟამინდელი იქნება პირველი დიდი ეპიდემია, რომელზედ დიდად იქნება დამოკიდებული ჩვენი კულტურა და ქცევები სწორედ სოციალურ ქსელებში აქტიური კომუნიკაციის გამო. ერთის მხრივ, ამ არხებით ხშირია დეზინფორმაციის ნაკადი, მაგრამ ამავე დროს ეს არის ტრადიციული არხების გვერდის ავლით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემის და იზოლირების პირობებში არსებული საზოგადოების ორგანიზების ეფექტიანი ინსტრუმენტი.


დეზინფორმაციის და სოციალური ქსელების შესახებ


ახალი და საშიში პანდემია მრავალი ცვლადით და ამოუცნობით იდეალური ნიადაგია შეთქმულების თეორიების ტირაჟირებისთვის. დღეს ამ თეორიებს ახალი სული შთაებერათ, რადგან კარგად „მუშაობენ“ ადამიანურ შიშებზე და სხვა ემოციურ რეაქციებზე. და ამაზე რეაგირება ტექნოლოგიურ კომპანიებს ძალიან დიდი რესურსებად უჯდებათ. თუმცა, ფაქტია, რომ იგივე Facebook დღეს გაცილებით მკაცრად და სწრაფად გამოხშირავს კორონავირუსთან დაკავშირებულ არასათანადო კონტენტს, ვიდრე თუნდაც ამერიკის არჩევნების ან Brexit-ის დროს, როცა ერიდებოდა პოლიტიკური ცენზორის სტატუსის მიღების საფრთხეს. ცუდი არ იქნება, თუ მედიაც უფრო კრიტიკულად მოეკიდება სოცქსელებში მოლივლივე უამრავ დასაჯერებელ თუ დაუჯერებელ ისტორიას კორონავირუსის და მისი გავრცელებით პოტენციური ხეირის მიმღებების შესახებ.


საზოგადოების ინფორმირების შესახებ


როგორც სოციოლოგები და ანთროპოლოგებიც ადასტურებენ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მესიჯები წარმატებული რომ იყოს, მოსახლეობის 80% უნდა მოიცვას და ეს შეტყობინება უნდა იყოს ზუსტი და კონტექსტის ადეკვატური. ეს ერთხელ უკვე გავლილია მსოფლიოში ებოლას ეპიდემიის დროს, როცა რეკომენდაციების ნაწილი ასევე პირადი ჰიგიენის დაცვას და სოციალურ დისტანცირებას უკავშირდებოდა. ეს დღესაც საკვანძო საკითხებია და მედიის როლი აქ კრიტიკულია. ისევე, როგორც ამა თუ იმ მედიკამენტის პოპულარიზების ნაწილში, როცა საქმე ჯერაც ბოლომდე შეუსწავლელ ინფექციას ეხება და არც წამლების კლინიკური გამოცდის შედეგების შესახებ არსებობს ინფორმაცია.


საფრთხის სერიოზულობის აღქმის აუცილებლობის შესახებ


მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს - ეს იქნება ამ თაობის ყველაზე დიდი კატასტროფა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში. თუმცა, ამ მოცემულობის შიშში არაფერია დასაძრახი. არასწორია დამალვა, რომ საფრთხე დიდია და საშიში, ვინაიდან მართლაც ასეა. იდეალურ ვარიანტში არსებობს შიშის რაციონალური „რაოდენობა“, რომელიც არა პარალიზების, არამედ მოქმედებისკენ გიბიძგებს.
ბევრია გაუთვითცნობიერებელი ჟურნალისტი, რომელიც იოლად უყურებს მიმდინარე ამბებს. ლიდერებიც, რომლებიც ხალხს და ბაზრებს ამშვიდებენ და ამით რისკის უსაფუძვლო მინიმიზებას ცდილობენ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს სულ სხვა სცენარში ვართ - სცენარში, რომელიც შეცვლის ჩვენს ცხოვრებას.


მეცნიერების როლის შესახებ


მეცნიერების ხვედრია, ისმინონ, რას ამბობენ და აკეთებენ პოლიტიკოსები (ზოგჯერ, მათივე რეკომენდაციით) და დაეხმარონ ჟურნალისტებს, ჩასვან ეს გადაწყვეტილებები კონტექსტში და სცადონ მათი ახსნა. პოლიტიკოსებმა უნდა დაგეგმონ ყველაზე მძიმე სცენარი, მეცნიერებმა - მედიას, მედიამ კი საზოგადოებას უნდა აუხსნას, რა, როგორ და რატომ. და არა მხოლოდ ეს. აუხსნან, მაგალითად, რა არის ეფექტიანი ტესტირება და რა მეცნიერული დასაბუთება და ემპირიული გამოცდილება უმაგრებს ამას ზურგს. ან რატომ მოხდა რაღაც სამხრეთ კორეაში და ვერ მოხდება, მაგალითად, ესპანეთში. სპეკულაციების მოსაშთობად ეს ძალიან ქმედითი ინსტრუმენტია.


სახლში დარჩენის აუცილებლობის შესახებ


ადამიანებს ბევრი მოტივი აქვთ, რომ ეს რჩევა უგულებელყონ. ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი ამ დროს ის არის, რომ ეს უნდა გააკეთონ არა საკუთარი თავისთვის, არამედ მათთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. თუ ასე არ იქნება, ე.წ. „პეპლის ეფექტს“ მივიღებთ, როცა სისტემაზე ერთი შეხედვით უმნიშვნელო გავლენამ შესაძლოა დიდი და გაუთვლელი შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის სრულიად მოულოდნელ ადგილებში. ამიტომ გაანათლეთ ყველა სახლში დარჩენის აუცილებლობის შესახებ, თუმცა, არც საჯარო შერცხვენას მოერიდოთ. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ მსოფლიო საომარ ვითარებაშია და როგორც ომის დროს, ჯარისკაცები ფრონტზე ომობენ, დანარჩენები კი სახლში სხედან და ესაა მათი ომი.


რა არ უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა


მოერიდოს თავიდანვე შეუვალი პოზიციის ჩამოყალიბებას, როცა საქმე ჯერაც შეუსწავლელ მტერს ეხება, რადგან ეს იმთავითვე მცდარი და ზოგჯერ უპასუხისმგებლოც შეიძლება იყოს. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა ბევრ პროფესიონალ, კვალიფიციურ რესპოდენტს დაუკარგოს სურვილი, ჟურნალისტების ინტერესს მეტი ინტერესით მოეკიდოს და, არ არის გამორიცხული, საერთოდ უარი თქვას მედიასთან ურთიერთობაზე, რაც საზოგადოების სწორი ინფორმირების შესაძლებლობას ამცირებს. არადა, ეს კრიტიკულია შექმნილ ვითარებაში.
გამჭვირვალობა, კარგი კომუნიკაცია და საზოგადოებრივი ნდობა უმნიშვნელოვანესია. მით უფრო დღეს, როცა ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით რთულად მისაღწევ კომპრომისს ინდივიდის თავისუფლებასა და საზოგადოებრივ სიკეთეებს შორის. შეხედეთ, როგორ ერთი მეორის მიყოლებით უწესებენ ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს სხვადასხვა, აქამდე დაუჯერებელ შეზღუდვებს. ყველას სთხოვენ მსხვერპლის გაღებას. ყველამ რაღაცაზე უარი უნდა თქვას. და ასეთ დროს ურთიერთობა და საზოგადოებრივი ნდობა უმნიშვნელოვანესია, რაც ასევე დიდწილად მედიის მხრებზე გადაივლის.


ბოლო რჩევა


თუ ჟურნალისტი ხართ, გადმოეცით COVID-19-ის მთელი სერიოზულობა და სიმკაცრე, ოღონდ მშვიდად გააკეთეთ ეს. იყავით ავტორიტეტული - ქედმაღლობის გარეშე. იყავით ავტორიტეტული, მაგრამ აღიარეთ არსებული გაურკვევლობა და რისკები. ყოველთვის, როცა შესაძლებელია, შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ ამ ამბავში ყველა ერთად ვმონაწილეობთ, ერთად ვიბრძვით და ერთად უნდა გავიმარჯვოთ.




რეზო საყევარიშვილი
  • 0
  • 6350
0 Comments