წითელი ვერსია
  • 26
  • 10168

რატომ მყარდება ლარი?

28 თებერვალი 2020

ამის ანალიზი, დაახლოებით იგივენაირი უმადური საქმეა, როგორც ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება.


როცა ეროვნული ვალუტა დაცემას ან გამყარებას იწყებს, ყველაზე მეტად ამ შეკითხვებით მერჩიან - „ჰა, რას იზამს, კიდევ გამყარდება თუ ვიყიდო დოლარი?“ ან „შენ როგორ იცი, კიდე გაუფასურდება თუ მეტი აღარ“?


პრინციპში, ვერ დავიჩივლებ - რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ადამიანი იჯერებს და ხედავს, რომ ამ კითხვაზე დაბეჯითებითი პასუხის გაცემა სულ უფრო რთულია: უცებ ან რუსეთი აკრძალავს ფრენებს, ან თურქულ ლირას მოექცევა სახე, ან აზერბაიჯანული მანათი გაიჭრება ასტრალში; მიდი და წინასწარ გამოიცანი, როდის რომელს დაემართება ეს ამბები, რა მიმდევრობით და რა სიმძიმით.


შიდა ამბებზე აღარაფერს ვამბობ - მთავრობა იქნება, ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკები, მსხვილი კომპანიები, პოლიტიკური მოღვაწეები თუ მოვლენები, ერთი მოუხეშავი გადაწყვეტილებით ან მოძრაობით ლარის კურსი შეიძლება ისე მობრიცონ, კარგა ხანს ვერ გასწორდეს.


ეს უბედურება ჩვენს მედიას არასოდეს ეპარება - როცა ლარის გაცვლითი კურსი სუსტდება და დოლართან მიმართებით თერმომეტრის სინდიყივით ზემოთ მიცოცავს, ყველა პუნქტით გაუფასურებას მოთქმა მოსდევს. ამ დროს რაგინდარა ჯურის ექსპერტებიც ნაწვიმარზე სოკოებივით აღმოცენდებიან და აპოკალიფსური სურათებიც ისე ხვავდება, თავი ჯოჯოხეთის კარიბჭესთან გეგონება.


აი, ლარის გამყარება ისე ჩაივლის ხოლმე, თითქოს ამას არც მიზეზი აქვს და არც შედეგი. თითქოს ასეც უნდა იყოს - თებერვალი დადგა, ხეში წყალი ჩადგა და ლარიც გაზაფხულის მოლოდინით სასიამოვნოდ გამყარდა.


ხუმრობა იქით იყოს და მოლოდინის ფაქტორი ლარის გამყარებაში ნამდვილად არის (ისევე, როგორც გაუფასურებაში იყო).


შარშან ზაფხულში, იმის მიუხედავად, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები არანაირ საგანგაშო სიგნალს არ ავლენდა, ნეგატივის მოლოდინმა ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად ჩამოაქცია. სექტემბერში სულაც რეკორდულ 2,98 ნიშნულს მიაღწია და ეროვნული ბანკი იძულებული გახადა, მისთვის საძულველი ზომა გამოეყენებინა - სავალუტო რეზერვების გარკვეული პორცია გაეყიდა.


ამჟამად არანაირი განსაკუთრებული ნეგატიური მოლოდინი ეკონომიკურ სივრცეში არ არსებობს: როგორც ხშირად ხდება ხოლმე ნაახალწლევს, იმპორტის ზრდის ტემპი დაბალია, ექსპორტმა პირიქით, მატება დაიწყო (წლეულს იანვარში შარშანდელ იანვართან შედარებით 10%-ით მოიმატა). იმის მიუხედავად, რომ ზამთარი იმაზე ნაკლებად თოვლიანი აღმოჩნდა, ვიდრე სასურველი იქნებოდა, წელს იანვარში 19%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე შარშან, საერთაშორისო ვიზიტორების ოდენობა კი ამავე შესადარებელ პერიოდში მთელი 20%-ით გაიზარდა.


და ბოლოს, ფულადი გზავნილები, რომელთა მოცულობამ წელს იანვარში შარშანდელ იანვართან შედარებით თითქმის 9%-ით მოიმატა და 126 მილიონ დოლარს მიაღწია.
ეროვნული ბანკის გამკაცრებულმა პოლიტიკამ და გაძვირებულმა ფულმაც შედეგი გამოიღო (რეფინანსირების განაკვეთი 2019 წლის მარტის 6,5%-დან 2019 წლის დეკემბერში 9%-მდე გაიზარდა ანუ სიმკაცრით 2008 წლის დეკემბრის პერიოდს გაუტოლდა, როცა ქვეყანა პოსტსაომარ ვითარებაში იყო).


ცალკე პოზიტიური გავლენა არსებულ ვითარებაზე კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში დარეზერვების ნორმის შემცირებამ მოიტანა (30%-დან 25%-მდე), რამაც ბანკებს 700 მილიონ დოლარამდე გამოუთავისუფლა.


ამიტომაც ლარი დოლართან 2,8-ს ჩამოსცდა. ახლა ამ ნიშნულთან მიმოიქცევა. დიდი ხნით? არ ვიცით. არც არავინ იცის.


თუ ყველა კორონავირუსზე არ შეიშალა და თითო ოჯახმა მთელი ცხოვრების სამყოფი ზეთი არ გამოზიდა ერთ შესყიდვაზე უახლოესი ჰიპერმარკეტიდან, უკეთესი იქნება - იმპორტიორები დროზე ადრე ისევ დოლარს და ევროს არ დაესევიან და ლარს არ გააუფასურებენ.


განხორციელებული ნაბიჯებიც უფრო შედეგიანი იქნება. ეკონომიკური პოლიტიკა ხშირად ლატარიაა, მაგრამ არა ისეთი, წამში რომ გადაფხიკავ და ან მოიგებ, ან არა. არც ნიმესილია - უცენ წყალში გახსნა, დალიო და ეფექტს 15 წუთში დაელოდო. ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებების ეფექტი, როგორც წესი, არასოდეს არის მყისიერი, ის მუდამ გადავადებული შედეგის მატარებელია.


გაამკაცრა ეროვნულმა ბანკმა შარშან წლის ბოლოს პოლიტიკა? თებერვლის ბოლოს ლარის გამყარება მივიღეთ. საგულისხმოა, რომ იქვე კიდევ ორი კარგი სიგნალიც გაუშვა: ჯერ ერთი, ხაზი გაუსვა, რომ ლარი, გამყარების მიუხედავად, მაინც ზედმეტად გაუფასურებულია (ანუ შემდგომი გამყარების მოლოდინი შექმნა). და მეორე: გააჩინა მოლოდინი, რომ ცენტრალური ბანკი ლარის გამყარების დროს აღარ შეისყიდის დოლარს და ხელს არ შეუშლის ლარის კურსის გამყარებას, რაც შარშან რამდენჯერმე მოხდა და არაერთგვაროვანი რეაქციაც გამოიწვია.


და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ლარის გამყარებას კიდევ ერთი საგულისხმო გარემოება შეეხიდა: ინვესტორებმა (განსაკუთრებით, უცხოელებმა) საქართველოს მთავრობის მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდების გაცილებით მეტი მოცულობით შესყიდვა დაიწყეს, ვიდრე მანამდე. ლაპარაკია ინტერესის დაახლოებით 3-4-ჯერ მატებაზე, რაც ცალსახად პოზიტიური სიგნალია და ქვეყნის მიერ გამოშვებული საფინანსო ინსტრუმენტების სანდოობის ზრდაზე მიუთითებს.


დიახ, უცხოელმა ინვესტორებმა დააფასეს. ქართულმა მედიამ - ვერა. სამაგიეროდ, საკმარისია, ლარს ისევ ერთი ფეხი გადაუბრუნდეს და მისი უბედურების მოტირლების სიაში მედიას ისევ ვერავინ წაართმევს პირველობას.


რეზო საყევარიშვილი
  • 26
  • 10168
0 Comments