წითელი ვერსია
  • 0
  • 4430

რამდენი ადამიანი იყო აქციაზე?

15 ოქტომბერი 2021

14 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას „იმედინიუსმა“ 18:56 საათზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც იუწყებოდა რომ „თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება“ და რომ „’ნაციონალურმა მოძრაობამ’ აქციაზე მისასვლელად, მხარდამჭერები ქვეყნის მასშტაბით შეკრიბა“.


აღნიშნულმა ინფორმაციამ საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ფოტოსურათით, რომელიც ილუსტრაციის სახით იყო გამოყენებული, თუმცა მასზე ასახული იყო გაცილებით ნაკლები რაოდენობის ადამიანი, ვიდრე აქციას რეალურად ესწრებოდა.


მოგვიანებით, 19:20 საათზე იგივე ინფორმაცია იმავე ფოტოილუსტრაციით რადიო „იმედმაც“ გაავრცელა, თუმცა კადრებში, რომლებსაც აქციის მსვლელობისას ტელემაუწყებლები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ, ნათლად ჩანს, რომ „იმედინიუსის“ მასალის გამოქვეყნებამდე ნახევარი საათით ადრეც კი თავისუფლების მოედანზე ბევრად მეტი მომიტინგე იმყოფებოდა, ვიდრე ფოტოზე ვხედავთ.


ფაქტია, რომ გამოსახულება, რომელიც ამ შემთხვევაში აუდიტორიამ ილუსტაციის სახით იხილა, ქმნიდა არასწორ შთაბეჭდილებას აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებით და შეიძლება შევაფასოთ, როგორც მანიპულაცია და აქციის მასშტაბის შემცირების მცდელობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა უშუალოდ ინფორმაციაში მომიტინგეთა, თუნდაც, სავარაუდო რაოდენობაზე არაფერი იყო ნათქვამი.


საპროტესტო აქციების გაშუქებისას აქციის მონაწილეთა რაოდენობა ქართულ მედიაში ხშირად ხდება ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის ობიექტი: მაგალითად, როცა მედიასაშუალებები დაინტერესებულნი არიან კონკრეტული აქციის მასშტაბის ხაზგასმით, აქცენტს აკეთებენ ახლო ხედით გადაღებულ კადრებზე, სადაც ნებისმიერი მასობრივი თავშეყრა მაქსიმალურად მასშტაბურად ჩანს, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მედიასაშულებების მიზანი აქციის მასშტაბის ვიზუალური „შემცირებაა“, უპირატესობას ანიჭებენ შორი მანძილიდან და მათ შორის, დრონით გადაღებას, სადაც აქციის მასშტაბი გარემომცველ სივრცესთან კონტრასტის ფონზე უფრო მოკრძალებულად გამოიყურება.


გარდა ამისა, სხვადასხვა მედიასაშუალება ზოგჯერ სრულიად განსხვავებულ რიცხვებს ასახელებს აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებით, რის გამოც ობიექტური დასკვნის გასაკეთებლად აუდიტორიას ხშირად რამდენიმე მედიის ინფორმაციის გაცნობა და მათი შეჯერება უწევს, თუმცა აქციის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციისთვის, სავარაუდოდ, აქციის დაწყებამდე გადაღებული ფოტოს დართვა მაინც გამორჩეულ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს.


საგულისხმოა, რომ საზოგადოების ნეგატიური რეაქციის ფონზე მოგვიანებით ორივე წყარომ თავდაპირველი ფოტო სხვა ილუსტრაციით ჩაანაცვლა, სადაც უკვე მეტი მომიტინგე იყო აღბეჭდილი და საზოგადოებას უფრო ადეკვატურ წარმოდგენას უქმნიდა 14 ოქტომბრის აქციის მასშტაბთან დაკავშირებით.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 4430
0 Comments