წითელი ვერსია
  • 10
  • 10414

რა გვირჩია ევროპარლამენტარმა ნეონაცისტური პარტიიდან?

25 ივნისი 2022

“იყო დრო 20 წლის წინ, როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია. რატომ არ არის შესაძლებელი, ეს კვლავ მოხდეს?..


გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს. პროტესტის სხვადასხვა ფორმას უნდა მიჰყვეთ, რომ საქართველოში რეალური ცვლილებები დადგეს…


ჩვენ, დასავლეთიდან, ევროპარლამენტიდან ვერ მოგეხმარებით, ეს შეუძლებელია. არის რაღაცები, რაც ხალხმა უნდა გააკეთოს, ჩვენ ვერ შევცვლით შიდაპოლიტიკურ მდგომარეობას…


ვფიქრობ, არ იქნება ცვლილებები, სანამ არ შეიცვლება მთავრობა.


როგორ უნდა შეცვალოთ? არჩევნები? ისინი გამჭვირვალე და ობიექტურია? თუ ასეა, მაშინ დიახ, მაგრამ თუ არ არის გარანტირებული ნამდვილი არჩევნები, პრესის თავისუფლება, ერთადერთ გზად რჩება რევოლუცია, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი რევოლუცია.


თუ ერთად იქნებით და აიძულებთ მთავრობას, დატოვოს მართვის სადავეები, 6 თვე საკმარისი დროა ამისთვის…“


ეს მოწოდებები ევროპარლამენტარმა იოაჰიმ კუსმა 23 ივნისს ტვ „პირველის“ ეთერში გააკეთა.


როგორც ინტერვიუში ითქვა, ქართველმა ხალხმა ხელისუფლება უნდა შეცვალოს, რადგან ამის გარეშე საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.


წამყვანი არაერთხელ ჩაეკითხა რესპონდენტს, რაზე გადის გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირამდე მიიყვანს.


ჟურნალისტი: შეგიძლიათ პირდაპირ თქვათ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება არის პირდაპირ ხელისშემშლელი ამ პროცესის?


იოაჰიმ კუსი: დიახ, მართალი ბრძანდებით. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს პრობლემა გაქვთ. მოლდოვა და უკრაინა პოლიტიკურად სწორი მიმართულებით მიდიან დასავლეთისკენ, დაპირისპირებული არიან რუსეთთან. თქვენი მთავრობა კი პრორუსულია და არ უჭერს ამას მხარს და ეს სერიოზული პრობლემაა...


გადაცემაში ბატონმა იოაჰიმმა ახალგაზრდა ქართველი პრაქტიკანტი ელენე მეტრეველიც გაგვაცნო, რომელთან ერთადაც განიხილავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. ელენემ გვითხრა, რომ საქართველოს 4, ან 3 მოთხოვნა აქვს შესასრულებელი.


ელენე მეტრეველი: სამი რეფორმა, რომელიც უნდა გაატაროს „ქართულმა ოცნებამ“, არის სრულიად შეუძლებელი, გამომდინარე იქიდან, რომ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სრულად მართავს „ქართულ ოცნებას“ და, შესაბამისად, დეოლიგარქიზაცია შეუძლებელია „ქართული ოცნების“ პირობებში. ასევე, შეუძლებელია პოლიტიკური დეპოლარიზაცია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ციხეში და საქართველოს ოპოზიციური არხის დამფუძნებელი არის ციხეში, და მედიაზე ძალადობის ფაქტები ხშირდება დროთა განმავლობაში... შესაბამისად, სჯერათ ევროპაში, რომ ეს რეფორმები „ქართული ოცნების“ პირობებში გასატარებლად არის ძალიან რთული. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ერთიანობით და თავისი ძალისხმევით დააბრუნოს საქართველო დასავლურ სივრცეში.


სამწუხაროდ, არც ტვ „პირველის“ წამყვანმა და არც მედიასაშუალებებმა, რომლებმაც კუსის ინტერვიუ გაავრცელეს, არ მოინდომეს მოეკვლიათ ბატონი კუსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას უფრო ნათელ წარმოდგენას შეუქმნიდა მის პოლიტიკურ იდეალებზე.


იოაჰიმ კუსი - ევროპარლამენტში გერმანიის ნეონაცისტურ პარტიას AfD („ალტერნატივა გერმანიისათვის“) წარმოადგენს. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია რამდენიმე წლის წინ სხვა გერმანულმა პარტიებმა ოსტრაკიზმში დაადანაშაულეს - ემიგრანტების მიმართ სიძულვილისა და ძალადობის წახალისების გამო. გერმანიის დაზვერვამ სპეციალური თვალთვალი დააწესა იოაჰიმ კუსის პარტიის საქმიანობაზე, კონსტიტუციის შელახვის მიზეზით. გერმანიის მთავრობის მცდელობის მიუხედავად, რომელიც AfD-ის საქმიანობის აკრძალვას ცდილობდა, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პარტია, მართალია, ძალიან ჰგავს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ პარტიას, მაგრამ იმდენად სუსტია, რომ მისი საქმიანობა გავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის დემოკრატიაზე.


ლელა კურდღელაშვილი
  • 10
  • 10414
0 Comments