წითელი ვერსია
  • 15
  • 5372

პირადი ინფორმაციის გასაჯაროება და ორმაგი სტანდარტი ტვ „პირველზე“

14 ნოემბერი 2021

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, 13 ნოემბერს, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ მაყურებელს უამბეს იმ პირების შესახებ, რომლებიც, სიუჟეტის თანახმად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისა და შესახლების ვიდეოკადრებში ფიგურირებენ.


რეპორტაჟს „სად და როგორ ამყოფებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს“ ტელეკომპანია „პირველის“ ფეისბუკგვერდზე ამგვარი აღწერა ახლავს: „გიჩვენებთ იმ ადამიანების სახეებს და ვასაჯაროვებთ მათ ვინაობას, ვინც მიხეილ სააკაშვილს ტანსაცმელი შემოახია და დერეფანში ათრია“.


აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში არ ჩანს, „შემოახია“ თუ არა ვინმემ ტანსაცმელი მიხეილ სააკაშვილს, ხოლო სისტემის თანამშრომლების გამოსახულება გრაფიკულად არის დამუშავებული იმ მიზნით, რომ შეუძლებელი იყოს მათი ამოცნობა და შესაბამისად, დაცული იყო მათი პირადი ინფორმაცია და უსაფრთხოება, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ნოდარ მელაძის შაბათში“ მაყურებელს აცნობეს, რომ „ჩვენ შევძელით ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც პრეზიდენტზე ძალადობაში მონაწილეობდა“.


ამის შემდეგ ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში დაასახელა რამდენიმე სახელი და გვარი, დააკონკრეტა მათი სამუშაო ადგილი და საზოგადოებამ ეთერში იხილა კადრები, სადაც გადაცემის გუნდი ზოგიერთ მათგანს საცხოვრებელ სახლში აკითხავს.


სიუჟეტში ასევე მოგვითხრობენ იმ ადამიანების ბიოგრაფიის შესახებ, რომლებიც, ავტორის მტკიცებით, გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის დროს ექსპრეზიდენტზე ძალადობდნენ, ხოლო წარსულში მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.


ჟურნალისტების პათოსიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ინფორმაციის მოწოდების მიზანი კონკრეტული პირების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ამ გზით უწყების თანამშრომლების დაშინების მცდელობა შეიძლება იყოს, თუმცა ამ, თავისთავად არაეთიკური მიზნის გარდა, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ პირადი ინფორმაციის გასაჯაროებამ, შესაძლოა, დასახელებულ პირებს ფიზიკური საფრთხეც კი შეუქმნას განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ექსპრეზიდენტი ერთ-ერთ ცნობილ მიმართვაში საკუთარ მომხრეებს მოუწოდებდა, რომ სამართალდამცველებს სახლებში „მიაკითხონ“.


სიუჟეტის პოლიტიკურ მიკერძოებულობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბიოგრაფიების წარმოდგენის დროს მაყურებლისთვის არაფერი უთქვამთ სიუჟეტის კიდევ ერთი ფიგურანტის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია გედენიძის ისტორიის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გახმაურებული - „ფოტორეპორტიორების საქმის“ დაზარალებულია.


ტვ „პირველის“ ჟურნალისტებისგან ნათია გედენიძის შესახებ მაყურებელი მხოლოდ იმას ისმენს, რომ „პრესსამსახურის უფროსი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის არც სამსახურში იმყოფება. ის, როგორც უწყების სანდო კადრი, გლდანის ციხის მოქალაქეთა მისაღებში გადაიყვანეს და ახლა საშვების გამოწერიათაა დაკავებული“.


ცხადია, რომ თუ სიუჟეტის მიზანი მართლაც სისტემის თანამშრომლებისა და მათი ბიოგრაფიის შესახებ მაყურებლის ინფორმირება იყო, ჟურნალისტებისთვის რთული არ იქნებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ისტორიის მოძიება.


ცნობისთვის, ნათელა (იგივე ნათია) გედენიძე ერთ-ერთია იმ ოთხი ფოტოგრაფიდან, რომლებიც 2011 წლის 7 ივლისის ღამეს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს შორის იყო ასევე ნათია გედენიძის მეუღლე, იმჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძეც.


„ფოტორეპორტიორების საქმის“ სახელით ცნობილი ეს საქმე იმ დროს საზოგადოებისა და მედიის მღელვარებისა და საპროტესტო აქციების საბაბიც გახდა: დაკავებულები საპროცესო გარიგების საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს, ხოლო წლების შემდეგ, 2016 წლის დეკემბერში „ფოტორეპორტიორების საქმეზე“ სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე ძალოვანი უწყებების ორი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო.


მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ფოტოგრაფების დაკავების რეალური მიზეზი არა მათი ჯაშუშობა, არამედ ის გახდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს აღნიშნულმა ფოტოგრაფებმა აქტიურად გააშუქეს მომიტინგეების დარბევა.


„მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრეს-სააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ნეგატიურად აისახებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე,“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 2018 წლის ნოემბერში კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოთხივე ყოფილი პატიმარი გაამართლა.


/ფოტო: კადრი აქციიდან civil.ge/


მანანა მჭედლიშვილი
  • 15
  • 5372
0 Comments