წითელი ვერსია
  • 0
  • 6331

ორი ტელევიზიის ორი სიმართლე „ფრონტერას“ შესახებ

20 მაისი 2020

ამერიკელი სენატორის ტედ კრუზის წერილი, რომელშიც სენატორი აშშ სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოსაგან ბრიფინგის ჩანიშვნას ითხოვს, საქართველოში ამერიკული ბიზნესების შევიწროების საკითხთან დაკავშირებით, ფართო ვნებათაღელვის საბაბი გახდა.


წერილის შესახებ ინფორმაცია 15 მაისს საღამოს გავრცელდა და სწორედ იმ დროს დაემთხვა, როცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოულოდნელად შეიწყალა მსჯავრდებული ოპოზიციონერები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.


ეს ორი ამბავი საქართველოში მაშინვე დაუკავშირეს ერთმანეთს და შედეგად, რამდენიმე კონსპირაციული ვერსია განვითარდა: ერთის მიხედვით - საქართველოს ამერიკა და ევროპა დახმარებას არ აღირსებს და ცალკეულ პირებს, პირველ რიგში კი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს, თუკი არჩევნებზე ხელისუფლება არ შეიცვლება; მეორე ვერსიით - საქართველო ამერიკას კოლონიად მიაჩნია და საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები და არჩევანი.


იყო მესამე ვერსიაც, რომლის თანახმად, სენატორის წერილი, კომპანია „Frontera Resources Georgia Corporation”-სა და „საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციას“ შორის სტოკჰოლმის არბიტრაჟში დასრულებულ 27-თვიან დავას და სენატში კომპანიის ლობისტების საკითხს უკავშირდება.


თუმცა, რადგან დღემდე არავინ იცის, რა წერია სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში და საერთოდ, რას ედავებიან ერთმანეთს “ფრონტერა“ და ქართული მხარე, შესაბამისად, ვერც ვერავინ გაარკვია, რა კავშირშია ერთმანეთთან პატიმრობაში დატოვებული გიორგი რურუა, პრეზიდენტის შეწყალებული უგულავა-ოქრუაშვილი, ამერიკელი სენატორების წერილი, ირანთან ფარული კავშირები და მოსალოდნელი სანქციები. შესაბამისად, დაიჯერეს ის, რასაც მოყვა ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი „მთავარი არხიდან“: - ამერიკა რომ ყველაფერს წყვეტს და წერტილსაც თვითონვე სვამს!


რა მოხდა სინამდვილეში და რა კავშირშია კომპანია „ფრონტერა“ მთელ ამ პოლიტიკურ აურზაურთან? - ამაზე ამომწურავი და მეტნაკლებად გარკვეული პასუხების გასაგებად მაყურებელს მინიმუმ ორი სატელევიზიო არხისათვის უნდა ედევნებინა თვალყური და ასეთი ფაზლებით რამენაირად საერთო სურათის აგება მოეხერხებინა.


***

17 მაისს „იმედის კვირის“ ჟურნალისტმა თამარ გოგესაშვილმა ექსკლუზიურად ჩაწერა საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალზე ქართული მხარის ინტერესების დამცველი კომპანიის „ჰოგან ლოველსის“ იურისტი კარლ პიორნბახერი. მისი განმარტებით, ქართული მხარის სასარჩელო მოთხოვნა ოთხ ძირითად საკითხს ითვალისწინებდა: 1. ტერიტორიების დათმობას, რაც „ფრონტერას“ ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში უნდა გაეკეთებინა; 2. „ფრონტერას“ მიერ ქართულ მხარესთან დადებული კონტრაქტის დარღვევის დადასტურებას; 3. კომპანია „ფრონტერასთვის“ საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას („ფრონტერა“ არ იხდიდა პროცესის ხარჯებს, რათა საქმის წარმოება გაჭიანურებულიყო, თუმცა ქართულმა მხარემ წინმსწრებად გადაფარა საპროცესო ხარჯები); 4. საქართველოს დაცვა „ფრონტერას“ მიერ მომზადებული შესაგებელიდან, რომლითაც კომპანია ქართული მხარისგან 3 მლრდ. 500 ათას დოლარს ითხოვდა.


კარლ პიორნბახერის თქმით, სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟს 3 მაღალი რეპუტაციის მოსამართლე უძღვებოდა და სასამართლომ ქართული მხარის მიერ დაყენებული ყველა საკითხი დაკმაყოფილა.


გერმანელი იურისტის თქმით, დავა იყო კომერციული და დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ გაიმარჯვა - არარელევანტურია. ასევე, არასწორია საკითხის პოლიტიზება - ამბობს პიორნბახერი. მისივე განმარტებით, სინამდვილეში „ფრონტერა“ ამერიკული კი არა, კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული, ოფშორული კომპანიაა, რომლის ოფისიც ტეხასის შტატში მდებარეობს.


ჟურნალისტმა წარმოადგინა მიმოწერაც, სადაც ქართული მხარე „ფრონტერას“ ხელმძღვანელობისგან არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებას ითხოვს. თუმცა ირკვევა, რომ „ფრონტერა“, კომერციული ინტერესების მომიზეზებით, უარს ამბობს ამ მოთხოვნაზე.


"ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" ვარაუდობენ, რომ „ფრონტერამ“ შეცდომაში შეიყვანა და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრებს არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ, რაც ტედ კრუზის ცნობილი წერილის დაწერის მიზეზიც გახდა.


დამატებით, „იმედის კვირის“ ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა „ფრონტერას“ საეჭვო საერთაშორისო რეპუტაციას, ისაუბრა კომპანიის საქმიანობით გამოწვეულ ეკოლოგიურ ზიანზე და უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ კომპანიას მათთვის დღემდე არ გადაუხდია 11 თვის სახელფასო დავალიანება.


ჟურნალისტის თქმით, ვერ მოხერხდა კომპანია „ფრონტერას“ დირექტორის ზაზა მამულაიშვილის ჩაწერა, რადგან მან პირდაპირი ეთერი მოითხოვა, რასაც „იმედის კვირის“ ფორმატი არ ითვალისწინებდა.


***

„ფრონტერას“ პოზიციის გაგება ქართველმა მაყურებელმა ორი დღის შემდეგ შეძლო სულ სხვა არხზე და გადაცემაში, როდესაც ზაზა მამულაიშვილი პირდაპირ ეთერში ჩაერთო ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს გადაცემაში „ღამის მთავარი“.


„Frontera Resources Georgia Corporation”-ის დირექტორმა სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ჰოგან ლოველსის“ იურისტისგან რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა.


„საარბიტრაჟო დავა დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა 14 მოთხოვნა, ამ 14 მოთხოვნიდან არბიტრაჟმა დაუკმაყოფილა მხოლოდ 2, არ დაუკმაყოფილა ძირითადი მოთხოვნები, რაც იყო დაახლოებით 320 მლნ. ლარის გადახდა თითქოსდა ხელშეკრულების დარღვევის გამო; არ დაუკმაყოფილა ასევე მოთხოვნა, რომ შეეწყვიტა და გაეუქმებინა ხელშეკრულება „ფრონტერასთვის“ - განაცხადა მამულაიშვილმა.


ჟურნალისტი აშკარად არ იცნობდა „ჰოგან ლოველსის“ იურისტის კარლ პიორნბახერის ინტერვიუს, რომელიც ორი დღით ადრე გადაიცა ტვ „იმედის“ ეთერით და არსებით ინფორმაციას იძლეოდა კომპანიისა და ქართული მხარის სამართლებრივი დაპირისპირების დეტალების შესახებ. კვესიტაძე ასევე არ იცნობდა „საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ განცხადებებს. შესაბამისად, არ დასმულა შემხვედრი კითხვები არბიტრაჟის გადაწყვეტილების განსხვავებულ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით. ჟურნალისტი არც იმით დაინტერესებულა, რატომ ამბობს უარს „ფრონტერა“ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე.


ინტერვიუ ზედაპირული და ცალმხრივი გამოვიდა. მეტიც, ეკა კვესიტაძემ რესპონდენტი დავის სამართლებრივი საკითხებიდან პოლიტიკურ შეფასებებზე გადაიყვანა და დაუფარავი კმაყოფილებით ისმენდა მამულაიშვილის ვრცელ მონათხრობს იმის შესახებ, როგორ ძალადობრივად ჩამოართვეს 100 წლის წინ მის ბაბუას „ენკავედეს ტყავისჟაკეტიანებმა“ ქონება და ახლა უკვე შვილიშვილს როგორ ემუქრება ქონების ექსპროპრიაცია მოძალადე ხელისუფლების მხრიდან.


ჟურნალისტმა არაფერი იკითხა „ფრონტერას“ თანამშრომლების სახელფასო დავალიანების თაობაზეც, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემის შესახებ არაერთი მასალა მომზადდა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ და 84 ადამიანი უკვე რამდენიმე თვეა, საკუთარ ხელფასს და დამსაქმებლისგან პასუხს ითხოვს.


სამაგიეროდ დაინტერესდა, რა აზრის იყო „ფრონტერას“ დირექტორი ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობების პერსპექტივაზე. მსგავსი შეკითხვა უკვე გულისხმობდა მოსალოდნელ პასუხსაც იმასთან დაკავშირებით, რომ თუ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ხელშეკრულებას შეუწყვეტს „ფრონტერას“, არ არის გამორიცხული, მმართველი პარტიის „ყოფილ და ამჟამინდელ“ გავლენიან პირებს სანქციები დაუწესდეთ, რაც მოვისმინეთ კიდეც.


ინტერვიუს დაუბალანსებლობა ჟურნალისტმა იმით ახსნა, რომ სტუდიაში სტუმრად მისვლაზე უარი თქვა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ; თუმცა, როგორც წესი, ასეთ დროს ნებისმიერ წამყვანმა თავად უნდა გაუწიოს ოპონირება რესპონდენტს, რათა თემა მაქსიმალურად ამომწურავად მიაწოდოს მაყურებელს.


შედეგად, ჩვენი პოლარიზებული მედიაგარემოს გამო, ამ არხების მაყურებლები დღეს ზუსტად იმ პოლიტიკური პლატფორმის შესაბამისად არიან ინფორმირებული, რომელსაც ეს არხები იზიარებენ: - „ იმედის“ მაყურებელმა იცის, რომ ოფშორულმა კომპანია „ფრონტერამ“ არბიტრაჟი წააგო და პოლიტიკურად სპეკულირებს, „მთავარი არხის“ მაყურებელი კი დარწმუნებულია, რომ ამერიკულ კომპანიას საქართველოს ხელისუფლება ქონების იძულებით ჩამორთმევას უპირებს, რის გამოც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ამერიკული სანქციები, „ქართულ ოცნებას“ კი ოპოზიციაში გადასვლა ემუქრება.


ლელა კურდღელაშვილი
  • 0
  • 6331
1 Comments

Джемал Мехрадзе

ვის დავუჯეროთ,რუსთაველი მკვდარია