წითელი ვერსია
  • 12
  • 18319

მიხეილ სააკაშვილი, სიძულვილის ენა და ჟურნალისტის დუმილი

18 მარტი 2021

მნიშვნელოვან ბრიფინგებს და პოლიტიკოსების აქტუალურ განცხადებებს მედია, როგორც წესი, პირდაპირ ეთერში გადასცემს. თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციურმა ტელეარხებმა მმართველი გუნდის წარმომადგენელთა გაშუქების გამო შესაძლოა "საყვედური" და "დატუქსვაც" კი დაიმსახურონ მათი მხარდაჭერილი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან.


სწორედ ამგვარი ურთიერთდამოკიდებულების მაგალითი იხილა მაყურებელმა 17 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“, რომელსაც ჟურნალისტი ეკა მიშველაძე უძღვებოდა და სადაც წამყვანის შესავალი სიტყვის შემდეგ, ეთერში უკრაინიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო.


საუბრის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ არხმა სააკაშვილის პირდაპირი ჩართვა „გაჭრა“ და მაყურებელს საშუალება მისცა გადაცემაში მოესმინა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც პარტიების ლიდერებს შორის ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შესახებ მედიისთვის კომენტარს აკეთებდა.


მიუხედავად იმისა, რომ კობახიძის ჩართვამ მთლიანობაში დაახლოებით 10 წუთი დაიკავა და მას მიხეილ სააკაშვილიც უსმენდა, პირდაპირი ეთერის ამ შეუთანხმებელმა დეტალმა ყოფილი პრეზიდენტი იმდენად გამოიყვანა წყობიდან, რომ როდესაც გადაცემის წამყვანი მასთან საუბარს დაუბრუნდა, სააკაშვილმა აღშფოთება არ დამალა და წამყვანს მკაცრად უსაყვედურა: „ეკა, ძალიან გთხოვთ, ბოდიშს ვიხდი. მე არ მიმაჩნია, რომ ჩემი გამოსვლა უნდა ჩაჭრილიყო ამ, რა ვთქვა, არსების გამოსვლით“, რაზეც წამყვანმა მოკლე რეპლიკით „იმართლა თავი“: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ბატონო მიშა, ხომ გესმით, ეხლა ყველას აინტერესებდა“.


ჟურნალისტის არგუმენტებმა ექსპრეზიდენტი ვერ დაამშვიდა და მან კიდევ უფრო დამამცირებელი ლექსიკით განაგრძო მმართველი პარტიის ლიდერების შეურაცხყოფა:


„მოვითმინე, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ვიჯდე ეთერში და ვუყურო ივანიშვილის ზოოპარკის ერთ-ერთი გმირის გამოსვლას. როგორც მაიმუნები შეიძლება გაწვრთნა და ჟესტიკულაცია გაიმეორონ [ადამიანების], ზუსტად ასე არიან ესენი გაწვრთნილები და იმეორებენ რაღაც ტერმინს... ესენი ხომ არ არიან ვიღაცა, ცირკის მაიმუნები რომ იყვნენ, გავერთობოდით მათი ყურებით, თუმცა, არასოდეს არ მიხარია ცხოველების ნახვა სადმე. აი, ესენი არიან პოლიტიკური ცირკის, პოლიტიკური ზოოპარკის არსებები, რომლებიც გაწვრთნეს რაღაც ტერმინოლოგიაში“.


საგულისხმოა, რომ პოლიტიკური ოპონენტების ცხოველებთან შედარებასა და მათ პიროვნულ შეურაცხყოფას, რაც შეუძლებელია პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებად ან კრიტიკად შეფასდეს, გადაცემის წამყვანი მდუმარედ და თავდახრილი უსმენდა. მას არ უცდია, თუნდაც, ერთი ფრაზით მაინც მოეწოდებინა რესპონდენტისთვის კორექტულობისკენ, რის გამოც, მთლიანობაში, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეკა მიშველაძემ უბრალოდ ვერც კი გაბედა ექსპრეზიდენტის სიძულვილით გაჯერებული მონოლოგი შეეწყვიტა.


ამასთან, აღსანიშნავია რომ ორი დღის წინ იგივე წამყვანმა მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნეგატიური განწყობა და ემოცია იმავე ირაკლი კობახიძის ფრაზის მიმართ, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში“.


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ამ განცხადებას, რომელიც სააკაშვილის სიტყვებისგან განსხვავებით, პიროვნული შეურაცხყოფის ნიშნებს არ შეიცავს, წამყვანი აშკარად გამოხატული ირონიით უსმენდა, მისი განწყობა კი სრულ თანხვედრაში იყო სტუდიაში მყოფი გიორგი ვაშაძის განწყობასთან.


ნიშანდობლივია ისიც, რომ ირაკლი კობახიძის ეს განცხადება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ - „მთავარმა არხმა“ „სიძულვილის ენად“, ოპოზიციაზე „შტურმად“ და „თავდასხმად“ შეაფასა და ვრცელი სიუჟეტიც მიუძღვნა 16 მარტის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში.


დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „საჯარო პოლიტიკის“ 17 მარტის ეთერმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქართული მედიის რამდენიმე სერიოზული პრობლემა - მორჩილება პოლიტიკური პარტიისა და ლიდერის მიმართ, ორმაგი ჟურნალისტური სტანდარტი და შეურაცხმყოფელი ლექსიკის აბსოლუტურად უკონტროლო ტირაჟირება.


ის გარემოება, რომ „მედიის ნაწილი სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული“, ვრცლად იყო განხილული კომუნიკაციების კომისიის წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიშში, თუმცა, 17 მარტის „საჯარო პოლიტიკაში“ ექსპრეზიდენტის აგრესიულობის ხარისხი იმდენად გასცდა ადეკვატურობის ფარგლებს, რომ ეს შემთხვევა ოპოზიციური მედიისთვისაც კი განსაკუთრებულად შესამჩნევ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 12
  • 18319
0 Comments