წითელი ვერსია
  • 8
  • 3715

მეუფე ზენონის „თავშესაფარი“

15 იანვარი 2022

14 იანვარს ტელეკომპანიებმა „პირველი“ და „მთავარი არხი“ დეკანოზ პეტრე კვარაცხელიაზე (პეტრე კოლხი) დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, დმანისის, აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა ლონდონს თავშესაფრის თხოვნით მიმართა.


საგულისხმოა, რომ თავად მეუფე ზენონმა ორივე მედიასაშუალებასთან საუბარში უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა, ამის მიუხედავად, ტელემაუწყებლებმა მათსავე ეთერში უარყოფილი „ამბავი“ მაყურებელს მაინც ფაქტად წარუდგინეს და აუდიტორიას „მომხდარის“ შესახებ თეოლოგების შეფასებებიც შესთავაზეს.


მაგალითად, ტელეკომპანია „პირველმა“ 13:00 საათის გამოშვებაში მაყურებელს ამცნო „უპრეცედენტო ამბავი, რომელიც ბევრი სასულიერო პირისთვის შოკისმომგვრელი რეალობა აღმოჩნდა: წმინდა სინოდის წევრმა მეუფე ზენონმა საქართველო დატოვა, დიდ ბრიტანეთს თავშესაფარი სთხოვა და დევნილად ჩაბარდა“.


შემდეგ, „პირველებმა“ მაყურებელს ინფორმაციის წყაროს - პეტრე კოლხის კომენტარი შესთავაზა, რომელმაც, თავის მხრივ, ინფორმაციის პირველწყაროდ დეკანოზი ილია ჭიღლაძე დაასახელა, ბოლოს კი მაყურებელს თავად ზენონ იარაჯულის კომენტარიც შესთავაზეს, სადაც რესპონდენტი გარკვევით და არაორაზროვნად აცხადებს, რომ ბრიტანეთისთვის თავშესაფარი არ უთხოვია, ხოლო ამგვარი ინფორმაციის გამავრცელებლებს ურჩევს პასუხისმგებლობა აიღონ მათ მიერ გავრცელებულ [არასწორ] ინფორმაციაზე.


ამბის მთავარი გმირის უარყოფის მიუხედავად, „პირველებში“ განაგრძეს არშემდგარი სკანდალის სენსაციალიზაცია და გვაუწყეს, რომ „ეპისკოპოსები გაოგნებულები არიან“, ხოლო სინოდის წევრებს „თავზარი დაეცათ“, როდესაც ზენონ იარაჯულის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს.


აღსანიშნავია, რომ ვერც ამ და ვერც მომდევნო გამოშვებებში მაყურებელმა ვერ იხილა ვერც ერთი გაოგნებული ან თავზარდაცემული ეპისკოპოსი, თუმცა 17:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს შესთავაზეს ინფორმაციის პირველწყაროს - ილია ჭიღლაძის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ „თუ თვითონ პიროვნებამ არ აღიარა და არ სურს აღიარება, ჩვენ ვერც ძალით ვაიძულებთ და ვერც დავამტკიცებთ, რადგან დოკუმენტაცია კონფიდენციალურია“.


საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ზენონ იარაჯულის პოზიციისა და კომენტარების მიუხედავად, ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომპანია მთელი დღის განმავლობაში მტკიცებით ტონში აშუქებდა, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა 20:00 საათის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც მაყურებელმა საერთოდ ვერ შეიტყო, რომ ზენონ იარაჯული მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.


დეკანოზ პეტრე კოლხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია 14 იანვარს დღის ერთ-ერთი თემა იყო „მთავარ არხზეც“, თუმცა, 12:00 საათის გამოშვებაში „მთავარი“ ამბავს შედარებით მეტი პასუხისმგებლობით მიუდგა და მაყურებელს ამცნო, რომ „საპატრიარქო კიდევ ერთ სავარაუდო სკანდალში ეხვევა.“


საგულისხმოა ისიც, რომ გავრცელებული ინფორმაცია ზენონ იარაჯულთან „მთავარმაც“ გადაამოწმა და მეუფემ თავშესაფრის თხოვნა ამჯერადაც უარყო, თუმცა 21:00 საათის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ამბის მთავარი ფიგურანტის მიერ პირდაპირ ეთერში უარყოფილი ინფორმაცია „მთავარმა არხმაც“ მომხდარ ფაქტად წარმოგვიდგინა:


„საპატრიარქო კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა: დმანისის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ზენონი დიდ ბრიტანეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს,“ - გვაუწყა გამოშვების წამყვანმა, ხოლო ჟურნალისტმა თემა ამგვარი დასკვნით დაასრულა: „სასულიერო პირები და თეოლოგები ამბობენ, რომ თუ საპატრიარქო განმარტებებს არ გააკეთებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხი გასცეს“.


მთლიანობაში, ორივე მაუწყებლის პროგნოზით, აუცილებელია ჩაინიშნოს წმინდა სინოდის სხდომა ზენონ იარაჯულის „გადაწყვეტილებასთან“ დაკავშირებით, თუმცა თავად ზენონ იარაჯულის კომენტარი, სადაც იგი გავრცელებულ ინფორმაციას და „გადაწყვეტილებას“ საერთოდ უარყოფს, ვერც „მთავარი არხის“ შემაჯამებელ გამოშვებაში ვერ მოხვდა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 8
  • 3715
0 Comments